პლასტმასა რომ საზიანოა, ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. თუმცა ბოლო დროს მედიის ყურადღება ერთმა კვლევამ მიიპყრო, რომელიც გვეუბნება, რომ პლასტმასა აუტიზმის განვითარებაში გარკვეულ როლს ასრულებს. უფრო ზუსტად, კვლევა ბისფენოლ A-ზე, BPA-სა და ბიჭებში ნეოროგანვითარების დარღვევის რისკებზე იყო ფოკუსირებული. თუმცა მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, კვლევა არ გვეუბნება, რომ პლასტმასა, რომელიც BPA-ს შეიცავს, აუტიზმს იწვევს. უბრალოდ გვთავაზობს, რომ BPA-მ, შესაძლოა, ჩვილებში და სკოლის ასაკის ბიჭებში ესტროგენის დონეებზე იმოქმედოს, რაც აუტიზმის დიაგნოზირების შანსებს გაზრდის.
შეგახსენებთ, რომ BPA მყარი პლასტმასის ჯგუფს მიეკუთვნება. ხშირად გვხვდება საკვებისა და სასმელების კონტეინერებში, შესაბამისად, ადამიანთა უმეტესობა BPA-ს დაბალი დონის ზემოქმედებას ყოველდღიურად განიცდის. რაც შეეხება აუტიზმს, ამ დიაგნოზის მქონე პაციენტებს სოციალური ურთიერთობები უჭირთ, მოტორულ ფუნქციაში ცვლილებები აღენიშნებათ, შფოთვა, სენსორული პრობლემები, ძილის დარღვევები და სხვა საკითხები აწუხებთ. გენეტიკას უკავშირდება, კონკრეტულად, 1000-ზე მეტ გენს, თუმცა ზუსტად ჯერ მაინც არ იციან, რა იწვევს მას…
ახლა კი კვლევას დავუბრუნდეთ, მეცნიერები 1074 ავსტრალიელ ბავშვს დააკვირდნენ, რომელთა ნახევარიც ბიჭები იყვნენ. 7-11 წლამდე ასაკში 43 ბავშვს აუტიზმის დიაგნოზი დაუსვეს, მათგან 29 ბიჭი, ხოლო 14 გოგო იყო. ორსულობის ბოლო ეტაპზე მყოფი ქალებისგან შარდის ანალიზიც აიღეს და BPA-ს რაოდენობა გაზომეს, შემდგომ კი იმ ნიმუშებზე კონცენტრირდნენ, რომლებშიც ამ უკანასკნელის დონე მაღალი იყო.
გენის ცვლილებებიც გაზომეს ჭიპლარის სისხლის ანალიზით, რათა არომატაზას ფერმენტის აქტივობა შეემოწმებინათ, რომელიც, თავის მხრივ, ესტროგენის დონეებს უკავშირდება. ხოლო ბავშვები, რომლებსაც გენში ცვლილებები აღენიშნებოდათ, ესტროგენის დაბალ დონეებს აჩვენებდნენ, შესაბამისად, არომატაზას დაბალი აქტივობის მქონე ჯგუფში კლასიფიცირდებოდნენ.
ამგვარად, მკვლევართა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ არსებობს კავშირი დედის BPA-ის მაღალ დონესა და აუტიზმის უფრო დიდ რისკს შორის ბიჭებში, რომელთაც არომატაზას დაბალი აქტივობა აღენიშნებათ. რაც შეეხება გოგოებს, სულ რამდენიმე იყო აუტიზმის დიაგნოზით, ამიტომ, დასკვნებს მხოლოდ ბიჭებზე გვთავაზობენ.
დაბოლოს, გაითვალისწინეთ, რომ BPA-სა და აუტიზმს შორის კავშირი, არ შეგვიძლია გადავთარგმნოთ ერთმანეთის გამომწვევ მიზეზებად. თანაც მრავალი ფაქტორი არსებობს, რაც აუტიზმს უკავირდება და ამას მხოლოდ პლასტმასას ვერ დავაბრალებთ. ასე რომ, კითხვებზე პასუხების საპოვნელად ჯერ კიდევ მრავალი კვლევაა საჭირო…