in

ონლაინ პლატფორმები, რომლებზეც პროფესიონალური პორტფოლიოს აწყობა შეგიძლიათ

პორტფოლიო ჩვენი საქმიანი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ის ინახავს იმ ტექსტურ თუ ვიზუალურ ინფორმაციას, რომელიც საინტერესოა პოტენციური დამსაქმებლისთვის და არა მარტო. პორტფოლიოთი შეიძლება წარვდგეთ საჯარო გამოსვლისას, ის შეგვიძლია ერთგვარ სავიზიტო ბარათადაც გამოვიყენოთ, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორი იქნება იგი. 

არსებობს მრავალი პლატფორმა თუ ხელსაწყო, რომლებიც პორტფოლიოების აწყობას გვთავაზობს. რამდენიმე მათგანი მომხმარებელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. პლატფორმის შერჩევისას იმასაც ექცევა ყურადღება, თუ რა არის ჩვენი პროფესია და რისთვის ვაკეთებთ პორტფოლიოს. ამ სტატიაში გვინდა იმ პოპულარულ ხელსაწყოებს მოვუყაროთ თავი, რომლებიც ამ დანიშნულებით გამოიყენება და აქვე განვმარტოთ, რომელი მათგანი რა პროფესიისთვის უფრო მეტად არის მიზანშეწონილი. 

WordPress

მას ყველა იცნობს როგორც პლატფორმას ვებსაიტების შესაქმნელად და ბლოგებისთვის, მაგრამ მასზე შესანიშნავი პორტფოლიოს აწყობაცაა შესაძლებელი. ის 100 უფასო თემას გვთავაზობს, რომლებზეც ჩვენი ნამუშევრების განლაგება შეგვიძლია. 

განსაკუთრებით საინტერესო ვორდპრესი ფრილანსზე მომუშავე მწერლებისთვის, ჟურნალისტებისა და კოპირაიტერებისთვის იქნება, რადგან მათ შეუძლიათ აქ განათავსონ თავიანთი კონტენტი. 

 Behance

ბიჰენსი ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებადი პლატფორმაა საკუთარი პორტფოლიოს გასაკეთებლად. აქ ძირითადად ის ადამიანები იკრიბებიან, ვინც ვიზუალურ მედიაზე მუშაობს. ათასობით UI/UX დიზაინერი, გრაფიკოსი, ფოტოგრაფი და არტისტია თავმოყრილი ბიჰენსზე, რომლებსაც თავიანთი ნამუშევრები პროექტების მიხედვით აქვთ აქ წარმოდგენილი და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მათი დათვალიერება. ეს კარგი საშუალებაა როგორც დამკვეთების, დამსაქმებლების მოსაზიდად, ისე მედიის ყურადღების მისაპყრობად, რომელიც მსგავსი თემების გაშუქებით ინტერესდება.

Adobe Portfolio 

ამ ხელსაწყოს გამოყენებისთვის საჭიროა მხოლოდ Creative Cloud-ის წევრობა. Adobe Portfolio ერთგვერდიანი ვებსაიტის ასაწყობად ან თქვენი ნამუშევრების გალერეის შესაქმნელად არაჩვეულებრივი საშუალებაა. რაც მთავარია, მასთან ერთად პორტფოლიოს ასაწყობად დიდი დრო არ დაგჭირდებათ, შეგიძლიათ სულ რამდენიმე წუთი დახარჯოთ. 

უპირატესობა, რომელიც Adobe Portfolio-ს სხვებისგან გამოარჩევს, მისი Behance-ზე მიბმის შესაძლებლობაა, რაც თქვენს პორტფოლიოს კიდევ უფრო დიდ აუდიტორიებამდე მიიტანს.

Flickr

თუ ფოტოების გადაღება თქვენი სტიქიაა და გსურთ, რომ ის შემოსავლის თუ ცნობადობის გაზრდის წყაროდაც აქციოთ, მაშინ Flickr-ზე აუცილებლად უნდა ადაპტირდეთ. ეს არის კარგი ვებსაიტი საკუთარი ნამუშევრების გასაზიარებლად, სხვა ფოტოგრაფებთან დასაკავშირებლად და სამომავლო პროექტებისთვის ინსპირაციის საპოვნელად. პოტენციურ დამკვეთსაც შეგიძლიათ თამამად გაუგზავნოთ თქვენი Flickr პროფილი.

Canva

ეს ონლაინ პლატფორმა გთავაზობთ ფერად დიზაინებსა და უშუალოდ პორტფოლიოს შესაქმნელ შაბლონებს, რომლებიც პროფესიონალურად გამოიყურება და პოტენციური დამკვეთისა თუ დამსაქმებლის თვალში სერიოზულად წარმოგაჩენთ. კანვას გენიალობა მის უნივერსალობაშია. მისი გამოყენება შეუძლიათ როგორც მწერლებს, ისე დიზაინერებსა თუ ფოტოგრაფებს. აქ შეგიძლიათ აირჩიოთ არა მხოლოდ თემა, არამედ ფონტი, ფერები; შეგიძლიათ განათავსოთ ვიზუალური მასალა: ფოტო, ვიდეო, სხვა და დაურთოთ შესაბამისი აღწერები. რაც ყველაზე მთავარია, კანვას ფუნქციონალი ნებისმიერი ადამიანისთვის მარტივია და მასზე მუშაობა დიდ დროს არავის წაართმევს. 

WIX

კიდევ ერთი შესანიშნავი პლატფორმა, რომელიც შეგვიძლია პორტფოლიოებისთვის გამოვიყენოთ, არის WIX. აქ მოცემულია 800-მდე პროფესიონალური შაბლონი, რომელთაგან 52 სპეციალურად პორტფოლიოების შესაქმნელად არის განკუთვნილი. შაბლონები უფასოა და მათი გამოყენება მხოლოდ ი-მეილით რეგისტრაციითაა საჭირო. მას შემდეგ, რაც აირჩევთ შაბლონს, შეგიძლიათ დაამატოთ მას თქვენი ნამუშევრების ფოტოები, ვიდეოები და სხვა კონტენტი. აგრეთვე, პლატფორმა იმის საშუალებასაც გაძლევთ, რომ მოდიფიკაცია გაუკეთოთ უკვე მზა შაბლონს და საკუთარი პროექტების აღსაწერად ტექსტებიც დაამატოთ.

Dribble

ამგვარ სიას დრიბლის გარეშე ვერ ჩამოვწერდით. ბიჰენსის მსგავსად, ესეც ვიზუალური კონტენტისთვის განკუთვნილი ონლაინ პლატფორმაა, რომელიც დიზაინერებმა, ილუსტრატორებმა და ფოტოგრაფებმა საკუთარი თავის რეკლამირებისთვის შეიძლება გამოიყენონ. მას ერთგვარი სოციალური ქსელის ფორმატიც აქვს და ახალი სახეების აღმოჩენის საშუალებასაც იძლევა. დრიბლით აქტიურად სარგებლობენ არა მხოლოდ თავად შემოქმედები, არამედ დამსაქმებლებიც, რომლებმაც იციან, რომ ტალანტები სწორედ აქ უნდა მოძებნონ.

ეს ის პლატფორმებია, რომლებიც სხვადასხვა მიმართულების კრეატიულ ადამიანებს საკუთარი თავის პრეზენტაციაში გამოადგებათ. ზოგიერთები პორტფოლიოს PDF ფორმატში აწყობას ანიჭებენ უპირატესობას, როგორც დოკუმენტის, რომლის გაგზავნაც ფაილის სახით შეიძლება. რა თქმა უნდა, ეს მეთოდიც მისაღებია და თქვენც შეგიძლიათ გამოიყენოთ, თუმცა დღეს, როცა ციფრულ ეპოქაში ვართ და ყველაფრის შექმნა რამდენიმე დაწკაპუნებით არის შესაძლებელი, ბევრად უფრო მარტივია ჩვენი პორტფოლიო მსგავსი ტიპის ვებსაიტებზე განვათავსოთ, თანაც ეს უფრო მეტად ზრდის შანსს, რომ სრულიად უცხო ადამიანებმაც კი გადახედონ ჩვენს პროფილს და თავად დაინტერესდნენ ჩვენით ისე, რომ არაფრის გაგზავნა არ გახდეს ჩვენგან საჭირო.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

SURGE SUMMIT – ადგილი, სადაც სტარტაპები, ინვესტორები და ვიზიონერები 5-7 სექტემბერს გაერთიანდებიან

რატომ ტოვებს მომხმარებელი პლატფორმას და როგორ შევინარჩუნოთ იგი?