სტარტაპების რუბრიკის ფარგლებში, ერთი კვირის წინ, გიყვებოდით, რომ ელექტრონული კომერციის მნიშვნელობა დღითი დღე უფრო და უფრო აქტუალური ხდებოდა, ახალბედა სტარტაპებს კი, დაკვალიანება სჭირდებოდათ, ონლაინ მაღაზიის ასაწყობად, რომელი კომპანიისთვის მიემართათ და ამ მომსახურებაში რამდენის გადახდა მოუწევდათ.
ამჯერად, გვინდა სტარტაპებს დავეხმაროთ იმის გარკვევაში, ონლაინ მაღაზიის შექმნის გარეშე, რომელ პლატფორმებზე შეუძლიათ საკუთარი პროდუქციის გაყიდვა.
დავიწყოთ:
ონლაინ სავაჭრო ცენტრ Vendoo-ზე პროდუქციის განთავსების სურვილის შემთხვევაში, უნდა იყოთ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი, რეგისტრაციის გავლას merchant.vendoo.ge-ზე შეძლებთ და კომპანიიდან თავად დაგიკავშირდებიან.
შპს უნდა ვიყო თუ ინდ. მეწარმე? – იმისთვის, რომ „ვენდუზე“ პროდუქცია განათავსოთ, აუცილებელია, იყოთ იურიდიული პირი, ფორმას მნიშვნელობა არ აქვს.
როგორ გავყიდოთ პროდუქცია Extra.ge-ზე? – სასურველი პროდუქტისა და სერვისის გაყიდვა შესაძლებელია როგორც კომპანიებისა და ბრენდებისთვის, ასევე ფიზიკური პირებისთვისაც. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
My.ge-ს ინიციატივის #შენთვის და შენი ბიზნესისთვის ფარგლებში – კომპანიებს, რომლებსაც არ აქვთ საკუთარი ვებგვერდი და შესაბამისად, ვერ უზრუნველყოფენ პროდუქციის ადგილზე მიტანას, ან უბრალოდ, უნდათ, გაყიდვების დამატებითი არხი, MY.GE ყიდვა-გაყიდვის ვებგვერდზე ინტეგრაციას სთავაზობს. დეტალები სტატიაში.
ქართული შემოქმედებითი სავაჭრო საიტი – gamoiwere.ge – ეს არის ონლაინ სივრცე, სადაც ადამიანები და კომპანიები, საქართველოს მასშტაბით, ჰყიდიან და ყიდულობენ პროდუქციას. აქ ონლაინ მაღაზიის რეგისტრაცია და პროდუქციის განთავსება შეუძლია ყველას: კომპანიებს, ფიზიკურ პირებს, მხატვრებს, სახელოსნოებს და ა.შ.
თუ ონლაინ მაღაზიაში საბავშვო პროდუქტების განთავსება გინდათ, შეგიძლიათ, Happykid.ge-ს მიმართოთ, რომლებიც ბრენდებთან თანამშრომლობენ;
ონლაინ მაღაზია log.ge – ელექტრონული კომერციის ბაზარზე, სულ ახლახან გამოჩნდა. „ჩვენთან პარტნიორობა ძალიან მარტივი და მოსახერხებელია, თუ თქვენი კომპანია დაკავებულია პროდუქციის იმპორტით ან ადგილზე აწარმოებს მას და გაქვთ სურვილი, თქვენი პროდუქცია გაიყიდოს ჩვენს პლატფორმაზე ამისთვის საჭიროა, კომპანია და პროდუქტი აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს, რომელსაც დეტალურად იხილავთ ბმულზე.
Nido.ge საცალო გაყიდვების მრავალარხიანი პლატფორმაა და თუ გსურთ პროდუქციის nido.ge-ზე განთავსება, ქვემოთ მითითებული ინფორმაცია შემდეგ ელ. ფოსტაზე – [email protected] უნდა გააგზავნოთ.
- კომპანიის დასახელება;
- საინდეტიფიკაციო კოდი;
- საკონტაქტო პირის სახელი, გვარი;
- ელ. ფოსტა;
- ტელეფონი;
- პროდუქციის მოკლე აღწერა;
- არსებობის შემთხვევაში პროდუქციის კატალოგი;
- ვებგვერდი, ფეისბუკგვერდი.
Nido.ge-ს წარმომადგენლები დაგიკავშირდებიან თანამშრომლობის პირობების დეტალურად განსახილველად.
www.sunline.ge – მხოლოდ იურიდიულ პირებთან თანამშრობლობს და თითოეულ პარტნიორთან ინდივიდუალური მოლაპარაკება აქვს. ოფისი ბათუმში მდებარეობს, თუმცა მიწოდება საქართველოს ნებისმიერ ქალაქში მოქმედებს.
Onoff.ge – შეთავაზების განთავსება შეუძლია იურიდიულ და გადამხდელ ფიზიკურ პირს, რომელიც ვაჭრობს შესაბამისი პროდუქციით. დეტალები იხილეთ ბმულზე.
Pharmax.ge – ყოველდღიური ჰიგიენისა და ბავშვთა კვების პროდუქტებით ონლაინ საცალო და საბითუმო ვაჭრობით, ასევე მათი იმპორტითა და დისტრიბუციითაა დაკავებული. თანამშრომლობისთვის გამოიყენეთ კომპანიის ფეისბუკგვერდზე მითითებული საკონტაქტო ინფორმაცია.
LETEX • ლეტექსი – ქართული ონლაინ მაღაზიაა, სადაც თეთრეულის, საბნის, ბალიშის, გადასაფარებლის, ხალიჩის, ტექნიკისა და პლასტმასის ინვენტარის შეძენაა შესაძლებელი. შესაბამისად, თუ ჩამონათვალიდან რომელიმე პროდუქციას აწარმოებთ, შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ.
altex.ge ტექნიკის ინტერნეტ მაღაზია – ეწევა როგორც იმპორტს საქართველოში, ასევე, ადგილობრივ კომპანიებთანაც თანამშრომლობს.
Phubber App ტანსაცმლის ან ფეხსაცმლის გაყიდვა, თან ისე, რომ არც საწარმო გქონდეთ და არც მათ იმპორტს ეწეოდეთ, ამ პლატფორმის საშუალებით შეგიძლიათ. „ფაბერი“, ეს არის ციფრული პლატფორმა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაყიდოს და იყიდოს სასურველი სამოსი.
საჩუქრების ონლაინ მაღაზია ravachuqo.ge– ზე თუ დარეგისტრირდებით, როგორც მეწარმე, თავადაც შეძლებთ ამ პლატფორმის საშუალებით, პროდუქციის გაყიდვას.
აქვე, შეთავაზებები თუ გაქვთ, Hotsale.ge-საც შეგახსენებთ, 2011 წელს რომ დაარსდა. საიტზე Hotsale.ge განთავსებულია შეთავაზებები სხვადასხვა კომპანიებისგან: სასტუმროები, რესტორნები და კაფეები, ესთეტიკის ცენტრები და სალონები, ბავშვთა გასართობი ცენტრები, აუზები და სხვა.
ავტორი: თიკა გეგენავა