მართალია, ჩვილებმაც კი იციან, რომ ერთი ობიექტი, რომელიც მეორეს უკან გადის, არ უნდა გაქრეს და სხვაგან ისევ გამოჩნდეს, მაგრამ ხელოვნური ინტელექტისთვის ასეთი მარტივი წესი სხვა ფიზიკის კანონებთან ერთად არც ისე ინტუიციური იყო. მკვლევრებმა კი ამჯერად PLATO-ს AI სისტემა წარმოადგინეს, რომელიც შთაგონებულია კვლევით, თუ როგორ სწავლობენ ბავშვები. შედეგად, ხელოვნური ინტელექტი ჩვილი ბავშვის მსგავსად ფიქრობს…
PLATO კოდირებული ვიდეოების სერიების საშუალებით სწავლობდა, რომლებიც იმ ცოდნას წარმოაჩენდა, რაც ბავშვებს პირველ თვეებში აქვთ. აქ საუბარი სამ ძირითად კონცეფციაზეა — მუდმივობა (ობიექტები უცებ არ გაქრება) სიმყარე (მყარი საგნები ვერ გაივლიან ერთმანეთის დახმარებით) და უწყვეტობა (ობიექტები სივრცესა და დროში თანმიმდევრულად მოძრაობს). მკვლევრების მიერ შემუშავებულ მონაცემთა ბაზაში კი ამ კონცეფციებს 2 ცნებაც დაამატეს. ესაა უცვლელობა, რაც იმას გულისხმობს, რომ, მაგალითად, ობიექტის ისეთი თვისება, როგორიცაა ფორმა, არ იცვლება და მიმართულების ინერცია — ობიექტები ინერციის პრინციპების შესაბამისად მოქმედებს.
„საბედნიეროდ, განვითარების ფსიქოლოგებმა ათწლეულები დახარჯეს იმისათვის, რათა შეესწავლათ თუ რა ცოდნა ჰქონდათ ჩვილებს ფიზიკური სამყაროსა და მისი შემადგენელი კომპონენტების შესახებ, ჩვენ კი ეს მონაცემები გავაფართოვეთ, ფიზიკური ცნებების მონაცემთა ნაკრები შევქმენით და ეს ჩვენს ვიდეოებში გამოვიყენეთ“, — აცხადებს ლუის პილოტო, ნეირომეცნიერი.
ვიდეოებში ზემოთ განხილული პრინციპების გათვალისწინებით ბურთების მოძრაობა იყო ასახული, შემდეგ ეტაპს კი უკვე PLATO-ს გამოცდა წარმოადგენდა. როცა AI-ს იმ სცენარებს აჩვენებდნენ, რაც დასწავლული ფიზიკის წესებს არ შეესაბამებოდა, გაკვირვებას გამოხატავდა — მისი მხრიდან საკმაოდ გონივრული იყო იმის შემჩნევა, რომ რაღაც უცნაური მოხდა, რამაც ფიზიკის კანონებიც კი დაარღვია. საინტერესოა ისიც, რომ ეს მხოლოდ 28-საათიანი ვარჯიშის შედეგი იყო. ტექნიკურად რომ ვთქვათ, მკვლევრები იმ მტკიცებულებებს ეძებდნენ, რომლებიც აჩვენებდა, რომ AI იმ კონცეფციებს ხვდებოდა, რასაც ასწავლიდნენ.
მართალია, მიღებული შედეგები სხვა კვლევებმაც დაადასტურა, მაგრამ PLATO-მ სამი თვის ბავშვის განვითარების დონეს ჯერ კიდევ ვერ მიაღწია. ის ნაკლებ გაკვირვებას გამოხატავდა, როცა ისეთ სცენარებს აჩვენებდნენ, რომლებიც ობიექტებს არ შეიცავდა ან როცა ტესტირებისა თუ სასწავლო მოდელები მსგავსი იყო.
ამასთან, ვიდეოები იმ დამატებით მონაცემებსაც ასახავდა, რომელიც PLATO-ს ობიექტებისა და მათი მოძრაობის სამ განზომილებაში ამოცნობაში დაეხმარებოდა. როგორც ჩანს, სრული სურათის მისაღებად თავდაპირველი ცოდნა მაინც მნიშვნელოვანია…
კონკრეტული კვლევით კი ადამიანის გონების შესახებ უფრო მეტი შეგვიძლია გავიგოთ და ეს მომავალში უკეთესი ხელოვნური ინტელექტის სისტემის შექმნისთვისაც გამოვიყენოთ.