in

მარილის, წყლისა და ფქვილისგან „მოზელილი” მსოფლიო ბრენდი

Play-Doh ის პროდუქტია, რომელსაც სადაც ახსენებთ, ყველგან იცნობენ, თანაც არა მხოლოდ სახელწოდებით, არამედ ყველას წარმოუდგება თვალწინ ფერადთავსახურიანი ქილა, რომელშიც ასევე ფერადი, რბილი პლასტილინი აწყვია. მისი კიდევ ერთი მახასიათებელი არომატული სურნელია, რომელსაც ყველა სხვა მსგავსი პროდუქციისგან გამოარჩევთ. ერთი სიტყვით, ყველას, ვისაც სახლში პატარა ჰყავს, სმენია Play-Doh-ის შესახებ, რადგან ის ბავშვების საყვარელი გასართობია.

istoriebi
istoriebi

თუმცა, საიდან მოდის თავად ამ, ერთი შეხედვით, უბრალო პროდუქტის მწარმოებლის ისტორია და როგორ გახდა ის საერთაშორისო ბრენდი. ამას უკვე ჩვენ გიამბობთ.

შპალერის საწმენდი საშუალება

სანამ ქვესათაური დაგაბნევთ, წინასწარ გაგაფრთხილებთ – არ შეგვშლია, ისევ Play-Doh-ზე ვყვებით. 

1920-იანი წლების ბოლოს ვინმე კლეო მაკვიკერი მუშაობდა ოჰაიოში მდებარე Kutol Products-ის საპნის კომპანიაში. 30-იანი წლებისთვის ამ კომპანიის საქმეები ცუდად წავიდა და უკვე ბიზნესის დახურვისთვის იყო მზად, როცა კლეომ Kroger-ის სასურსათო მაღაზიებთან გააფორმა კონტრაქტი და მათ შპალერის საწმენდი საშუალების დამზადებასა და მიწოდებას დაჰპირდა. 

სინამდვილეში, კლეომ არ იცოდა, როგორ უნდა დაემზადებინა ასეთი პროდუქტი, თუმცა მისმა ძმამ, ნოამ, სულ 3 ინგრედიენტისგან შეიმუშავა ფორმულა – მარილის, წყლისა და ფქვილისგან არატოქსიკური, თიხის მსგავსი ნაერთი, რომელიც მომგებიანი აღმოჩნდა ძმებისთვის.

დაპაუზებული წარმატება და ხელახლა აღზევება

1950-იანი წლების დასაწყისისთვის, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ოჯახებმა ჭვარტლის შესამცირებლად ნავთობის ღუმელებზე გადასვლა დაიწყეს, რითაც შპალერის გამწმენდზე მოთხოვნამაც იკლო. 

1949 წელს კლეოც გარდაიცვალა და მისი ბიზნესი ვაჟმა, ჯოზეფ მაკვიკერმა გადაიბარა. ის კომპანიის შენარჩუნების გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. დაახლოებით ამ დროს, 1955 წელს, მაკვიკერის რძალმა, ქეი ზუფალმა, სკოლის მასწავლებელმა, დაარწმუნა ჯოზეფი, რომ მისი პროდუქტის სახეცვლილებაზე ეფიქრა და ექცია ის სათამაშოდ, რომელიც ხელნაკეთი ნივთების დასამზადებლად გამოდგებოდა.

ამ იდეით შთაგონებული ჯოზეფი წავიდა ქეის სკოლაში, რათა ენახა თიხის დიზაინი, რომელსაც იმ დროისთვის ბავშვები იყენებდნენ. ამის შემდეგ ჯოზეფმა ახალი კომპანია დააარსა.

Rainbow Crafts Company Inc.

1956 წელს მაკვიკერმა დააარსა Rainbow Crafts Company Inc., Kutol Products-ის შვილობილი კომპანია. Rainbow Crafts-მა დაიწყო იმ პროდუქტის გამოშვება, რომელიც ახლა ცნობილია როგორც Play-Doh. 

თავდაპირველად Play-Doh ადგილობრივ სკოლებში გავრცელდა. 1957 წლისთვის Play-Doh ხელმისაწვდომი იყო სამ ახალ ფერში: წითელი, ყვითელი და ლურჯი. მაკვიკერს სურდა, რომ მის პროდუქტს უფრო დიდი აუდიტორიისთვის მიეღწია, თუმცა მას საკმარისი სარეკლამო ბიუჯეტი არ ჰქონდა. 

ამ დროს მან გაიცნო ბობ კიშანი, რომელიც სატელევიზიო სამყაროში ცნობილი იყო, როგორც კაპიტანი კენგურუ. კიშანს მოეწონა პროდუქტი და მაკვიკერთან შეთანხმება დადო, რომ კვირაში ერთხელ მაინც გამოიყენებდა Play-Doh-ს თავის შოუში. მას მერე, რაც ყველაზე პოპულარულ საბავშვო სატელევიზიო შოუში კაპიტანმა კენგურუმ Play-Doh-ის გამოყენება დაიწყო, პროდუქტი ეროვნული ყურადღების ცენტრში მოექცა. გაყიდვები გაიზარდა და Rainbow Crafts უკვე მაღალ მოთხოვნასთან გამკლავებას ცდილობდა.

ახალი ხაზი

1960 წელს Play-Doh-მა ახალი ხაზი, აქსესუარები დაამატა. ასე გაჩნდა Fun Factory, რომლის ფარგლებშიც გამოვიდა პლასტილინის დიზაინისთვის საჭირო ფიგურები. 1964 წლისთვის Rainbow Crafts ყოველწლიურად მილიონზე მეტ ქილა Play-Doh-ს აწარმოებდა. 

1972 წელს კომპანიას ახალი მფლობელიც გამოუჩნდა – ის გენერალმა მილსმა შეიძინა და Kenner-ის ბრენდის ქვეშ მოათავსა. მისი წარმოება ისეთივე წარმატებით გაგრძელდა, თუმცა 1991 წელს პროდუქტი შეიძინა Hasbro-მ, რომელიც ამჟამადაც აგრძელებს Play-Doh-ის წარმოებასა და გაყიდვას.

პოპულარობისა და ხანგრძლივობის გათვალისწინებით, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ Play-Doh 1998 წელს შეიტანეს The Strong’s National Toy-ის დიდების დარბაზში. გარდა ამისა, Play-Doh-თან დაკავშირებული 40-ზე მეტი არტეფაქტი შეგიძლიათ ნახოთ The Strong-ის კოლექციებში.

ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.

#დაძარი

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

მენეჯმენტის რჩევები 2023 წლის მიწურულს

„საირმეს სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი“ — ყველაფერი ჯანმრთელობისა და სილამაზისათვის