in

Global Creative Rankings 2025-ის შედეგების მიხედვით, Playmakers ევროპის #2 სააგენტოა!

The One Club for Creativity-მ 2025 წლის შემაჯამებელი რეიტინგი, Global Creative Rankings გამოაქვეყნა, სადაც სააგენტო Playmakers-მა ევროპის მასშტაბით მეორე ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო რეიტინგში სააგენტო მე-7 პოზიციაზე დაწინაურდა. აღსანიშნავია, რომ ევროპის რჩეულ რეჟისორებს შორის, დავით ბორჩხაძე და გიორგი ოკმელაშვილი – მე-4 ადგილს ინაწილებენ. ასევე, ევროპის მასშტაბით, Music and Sound Design კატეგორიაში მეორე ადგილს აუდიო ფროდაქშენ სააგენტო Heima Production იკავებს. რეიტინგი თავს უყრის მსოფლიოს წამყვან კომპანიებს, ინდივიდუალურ კრეატიულებსა და პროექტებს. საბოლოო პოზიციები კი იმ ქულების დაჯამებით ნაწილდება, რომლებსაც სააგენტოები წლის განმავლობაში სხვადასხვა მასშტაბურ ინდუსტრიულ კონკურსში იღებენ.

შეფასების სისტემა საკმაოდ კომპლექსურია და ქულების დაგროვების სამ სხვადასხვა დონეს მოიცავს. უმაღლეს, გლობალურ დონეს ისეთი მასშტაბური კონკურსები ქმნის, როგორებიცაა The One Show, ADC Annual Awards და TDC Competition, სადაც განაცხადებს მთელი მსოფლიოდან იღებენ. რეგიონულ დონეზე ONE Asia და ADCE (Art Directors Club Europe) პოზიციონირებენ, ხოლო ნაციონალურ დონეზე ადგილობრივი შეჯიბრებები განიხილება – მათ შორის Ad Black Sea, ADCN და The One Club-ის სხვა კონკურსები. 

M: როგორ აღმოჩნდა Global Creative Rankings-ში Playmakers?

მას შემდეგ, რაც AdBlackSea-ის გამარჯვებულებისთვის შესაძლებელი გახდა The One Club-ის საერთაშორისო რეიტინგში მოხვედრა, ჩვენი სააგენტოც ამ სიაში აღმოჩნდა, ხოლო ADCE-ის გრანპრის და სხვა ჯილდოების მიღების შემდეგ, კიდევ უფრო ავიწიეთ რეიტინგში და ევროპაში მე-2, ხოლო მსოფლიოში მე-7 ადგილზე გადავინაცვლეთ.

M: რას ნიშნავს ასეთი მიღწევა სააგენტოს გუნდისთვის და რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნის კრეატიული ინდუსტრიისთვის?

რა თქმა უნდა, საამაყოა სააგენტოსთის, მაგრამ კიდევ უფრო გვახარებს საქართველოს, როგორც ქვეყნის, ამ სიაში მოხვედრა. ეს არის ყველას დამსახურება ქართულ შემოქმედებით ინდუსტრიაში, რადგან ამ წლების მანძილზე სწორედ ამ მიზნისკენ მივდივართ – საქართველო, მოწინავე მოთამაშეებთან ერთად, გლობალური შემოქმედებითი ინდუსტრიის საინტერესო წევრი გახდეს.

ერთადერთი საახალწლო გზავნილი, რომელიც მნიშვნელოვანია — Save the Children-ის კამპანია

TasteIt – ქართული სოციალური ქსელი, სადაც მეგობრობა საჭმლის სიყვარულით იწყება