არ აქვს მნიშვნელობა, გეიმერი ხართ თუ არა, PlayStation ყველასთვის ვიდეოგეიმინგის სამყაროს სინონიმად ჩამოყალიბდა. იაპონიაში, 90-იანების შუა პერიოდში ჩაშვებული ბრენდი, რომელიც შემდგომ ამერიკასა და ევროპაში გაფართოვდა, მალევე გახდა პოპულარული. სხვა ბრენდები კი ცდილობდნენ 3D გრაფიკების განვითარებას, მაგრამ სწორედ PlayStation-ის კონსოლი იყო ის, რამაც მოთამაშეები კომპლექსურ 3D სამყაროებს აზიარა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სრულად შეცვალა სახლში ვიდეოთამაშებით გართობის წესი.
ბრენდი დღემდე განაგრძობს ინოვაციების შემოთავაზებას და ამასობაში 30 წლისაც გახდა. სწორედ ამ თარიღის აღსანიშნად, ახლა Sony Interactive Entertainment ვიზუალურ ქრონიკას უშვებს PlayStation-ის მემკვიდრეობის გასაცოცხლებლად და მას PlayStation: The First 30 Years-ის სახელით აცნობს მომხმარებლებს.

წიგნის გამოშვება 2026 წლის გაზაფხულზე იგეგმება ბრიტანულ გამომცემლობა Read-Only Memory-სთან თანამშრომლობით. არტ მიმართულების ხელმძღვანელი მაიკლ ს. პლეისია, ხოლო დიზაინზე ნიკოლ მოტბი ზრუნავს — აღსანიშნავია, რომ დიზაინერმა უკვე მრავალჯერ შეიტანა საკუთარი წვლილი ბრენდის ისტორიაში, იგი WipEout-ის, WipEout 2097-ისა და WipEout 3-ის დიზაინზე მუშაობდა…

30 წელი კი ბრენდმა 400-გვერდიან წიგნში ჩაატია, სადაც მომხმარებლებს აქამდე არნახულ პროტოტიპებს, კონსოლებს, კონტროლერებსა თუ დიზაინის ექსპერიმენტებს წარუდგენს, ისეთებს, რომლებსაც აქამდე სტუდიაც კი არ დაუტოვებია. ხოლო ვიზუალური მასალა ფოტოგრაფი ბენედიქტ რედგროუვის მიერ არის გადაღებული, რომელიც, თავის მხრივ, ნასას პროდუქტების ფოტოებითაა ცნობილი.

სურათებთან ერთად, PlayStation-ის საიუბილეო წიგნში ინჟინრებისა და დიზაინერების ექსკლუზიური ინტერვიუებიც დაგხვდებათ, მათ შორის არიან კუტარაგი, ტეიუ გოტო და იუჯინ მორისავა. როგორც ამბობენ, ისინი მომხმარებლებს გეიმინგის ისტორიაში ყველაზე საკულტო შემოქმედებით თუ ტექნიკურ გადაწყვეტებს გააცნობენ.

წიგნის წინასწარი შეკვეთა უკვე დაწყებულია, გულშემატკივრებს კი ორი არჩევანი აქვთ: სტანდარტული და დელუქსი — ეს უკანასკნელი შეზღუდული რაოდენობით გამოიცემა, ზუსტად 1994 ეგზემპლარი, რათა ასე იაპონიაში ბრენდის ჩაშვების თარიღს მიაგონ პატივი.















