სოციალურ ქსელებში ვპოსტავთ, შემდეგ კი, თვალს ვადევნებთ, ვის როგორი რეაქცია ჰქონდა – ვინ მოიწონა, ვინ გაიცინა, ვინ „დაგულა“. ზოგჯერ, ეს ჩვენი ინტერპრეტაციების საგნად იქცევა ან შესაძლოა, ქცევებზე, ურთიერთობებსა თუ თვითშეფასებაზეც კი იმოქმედოს. სწორედ სოციალურ ქცევასა და ყურადღების სურვილს მიუძღვნა ინსტაგრამ პროექტი #pleaseheartme არტ დირექტორმა, დიზაინერმა და რეჟისორმა გიორგი პოპიაშვილმა:
„ეს პროექტი რომ ჩავუშვი, მეგობარმა დამირეკა, რამე ხომ არ გიჭირს, რამეს ხომ არ განიცდიო? იცის ჩემი „მწუხარე-სახის-რაინდობები“ და ეგონა კაეშანი შემომაწვა. დავამშვიდე და ავუხსენი, რომ ინსტაგრამის „ლაიქის“ სიმბოლო გულის მაგივრად ფალოსი რომ ყოფილიყო, ფალოსებზე ავაგებდი ამ პროექტს.“
გიორგი პოპიაშვილმა ინსტაგრამის მოწონების ფუნქცია ნამუშევრებთან ინტერაქციულად დააკავშირა. მარტივი „დაგულვით“ მნახველს შეეძლო სისავსე, აი, ასე შეეტანა დიზაინში:
M: გიორგი, შენი ხედვით, როგორ უკავშირდება ეს პროექტი ადამიანების მოთხოვნილებას, მოიპოვონ აღიარება და სიყვარული სოციალურ ქსელებში?
საბოლოო ჯამში, უმეტესობა ჩვენი სტატუსები, შეიძლება ერთ ძირეულ გზავნილამდე დავიყვანოთ – “გთხოვ, შემამჩნიე!” მაგრამ სოციალური ქსელების “პოდიუმზე” უკომპრომისო კონკურენციაში ჩაბმულები, მთელი ძალით ვცდილობთ ეს მოტივი ზედაპირზე არ ამოტივტივდეს, ხშირად საკუთარ თავსაც არ ვუტყდებით ამაში. ვფიქრობ, არაფერია სათაკილო აღიარო, რომ ადამიანი ხარ და ჰაერივით გჭირდება ყურადღება და სიყვარული. თუ ორივე მხარე, ის ვინც გასცემს და ის, ვინც იღებს, ამ ემოციური გაცვლისას გულახდილია და პროცესით სიამოვნებას იღებს, მაშინ ეს ჯანსაღი ტრანზაქციაა. ასე რომ, #pleaseheartme.
M: შენთვის რით იყო საინტერესო, ამ თემას პროექტით #pleaseheartme გამოხმაურებოდი?
ზოგადად, მე იმ აზრს ვეთანხმები, რომ არტისტისთვის შინაარსი მეორეხარისხოვანია, მთავარი იდეაა. რა თქმა უნდა, კარგია თუ იდეა შინაარსობრივადაც გამართლებულია, ან შინაარსობრივი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. შესაბამისად, ჩემთვის მთავარი ამ პროექტში ის აღმოჩენაა, რომ სხვა სოციალური ქსელებისგან განსხვავებით, ინსტაგრამის პოსტის “დალაიქების” დროს პოსტზე რამოდენიმე წამით, დამატებითი ვიზუალური ელემენტი (გული) ჩნდება. ვიფიქრე ინტერაქციის საშუალებით ამ ორი რაღაცის, ვიზუალის და გულის, გაერთიანება. პოსტების სერიაც შესაბამისად შევარჩიე და მოვამზადე, ვიზუალები მხოლოდ იმ შემთხვევაში იღებდნენ დასრულებულ ფორმას, თუ მას მნახველი “დაალაიქებდა”. მომწონს გულახდილობაც, რომელიც პოსტფაქტუმ, ამ პროექტის შინაარსს მოჰყვა.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი