in

„საქართველოს შემფუთველთა კლასტერი“ პროფესიული გადამზადების პროგრამებს იწყებს

რას საქმიანობს, რა მიზნები და გეგმები აქვს ამ ორგანიზაციას?! 

„საქართველოს შემფუთველთა კლასტერი“ პროფესიული გადამზადების ორ პროგრამას იწყებს – ისინი, ერთი წლის განმავლობაში, მოამზადებენ და გადაამზადებენ საწარმოო ხაზების ოპერატორებს, მანქანათა მექანიკოსებს, მექატრონებს. თუმცა, სანამ ამაზე დეტალურად გიამბობთ, გეტყვით, რომ ორგანიზაცია, 2018 წელს, „საქართველოს შესაფუთი მასალების მწარმოებელთა ასოციაციის“ სახელით, რვა კომპანიის ინიციატივით შეიქმნა. მაშინ, გაერთიანება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და გაერთიანებული სამეფოს კარგი მმართველობის ფონდის (UK Good Governance Fund/GGF) დახმარებით ჩამოყალიბდა. პროექტი გლობალური საკონსულტაციო კომპანია ფრაისუოთერჰაუსკუპერსმა (PwC საქართველო) განახორციელა. 2019 წლის დეკემბრიდან, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, ასოციაცია გარდაიქმნა „საქართველოს შემფუთველთა კლასტერად“ (PMAG) და ჩაერთო ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივ ინიციატივაში „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი საქართველოში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის“. 

ფოტო: UNDP

ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში შეფუთვების სექტორს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. დაფუძნებიდან, ჩვენი კლასტერი მიზნად ისახავს შესაფუთი მასალების ინდუსტრიისა და მისი ინდივიდუალური წევრების დახმარებას, კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და ღირებულებათა ჯაჭვის სხვადასხვა ეტაპზე თანამშრომლობის ხელშეწყობას. ამრიგად, ადვოკატირებას ვუწევთ ინდუსტრიის ინტერესებს, ვზრდით ინდუსტრიის ხილვადობას, ურთიერთობას ვამყარებთ სტრატეგიულ პარტნიორებთან, ვაგროვებთ და ვავრცელებთ ინფორმაციასა და ცოდნას, ვაკეთებთ ანალიზს, ვქმნით და ვინარჩუნებთ კავშირისა და თანამშრომლობის პლატფორმებს, ხელს ვუწყობთ კოოპერაციას, კოორდინირებას ვუწევთ და ვმართავთ პროექტებს, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ დაინტერესებულ მხარეებთან“, – ამბობს PMAG-ის მმართველი დირექტორი რევაზ თოფურია.

PMAG, დღეს, აერთიანებს 40-ზე მეტ კომპანიას – შესაფუთი მასალების მწარმოებლებს, მათ მომხმარებლებს, სტამბებს, საკონსულტაციო სააგენტოებს, უნივერსიტეტებს, დიზაინერულ კომპანიებს. კლასტერის წევრები არიან როგორც თბილისში, ისე რეგიონში მომუშავე კომპანიები.

PMAG-ის პროექტებზე, გადამზადების პროგრამებსა და სამომავლო გეგმებზე მის მმართველ დირექტორს ვესაუბრეთ.

რევაზ თოფურია: ასოციაციას ყოველდღიური კონტაქტი აქვს წევრ კომპანიებთან და დონორ ორგანიზაციებთან. რაც შეეხება საქმიანობას – ვიკვლევთ წევრი კომპანიების საჭიროებებს, შემდეგ კი ვცდილობთ, მათ იდენტიფიცირებული პრობლემების გადაჭრაში დავეხმაროთ. მეტი ეფექტურობისთვის, აქტიურად ვიზიარებთ საერთაშორისო გამოცდილებასაც. მაგალითად, ევროკავშირისა და გაეროს მხარდაჭერით, მართვის ჯგუფი, ჩვენს წევრებთან ერთად, ბუდაპეშტსა და ვარშავაში ვიმყოფებოდით. ევროპული ქვეყნების მაგალითზე შევისწავლეთ, როგორ უნდა გვემართა, ეფექტურად, კლასტერის ტიპის ორგანიზაცია.

(ფოტო მასალა: UNDP) 

სიმართლე გითხრათ, წევრ კომპანიებს არც თუ ისე ცოტა პრობლემა აქვთ. ამ პანდემიის პირობებში კი დამატებითი საჭიროებები გამოიკვეთა, სხვადასხვა უნარების და ცოდნის მიმართულებით. ამიტომ, 2020 წლიდან, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, დავიწყეთ ტრეინინგების ჩატარება, საუკეთესო ექსპერტების ჩართვით – პროგრამები სპეციალურად იქმნება ჩვენი წევრი კომპანიების მოთხოვნებიდან გამომდინარე და საკმაოდ ინტენსიურ სწავლებებს მოიცავს. ამ ეტაპზე, ჩატარებული გვაქვს არაერთი ტრენინგი შრომის უსაფრთხოების, პროექტების მართვის, მარკეტინგის, გაყიდვების, მართვის ფსიქოლოგიისა და ეფექტური კომუნიკაციის მიმართულებებით.

კლასტერი ძალიან აქტიურად მუშაობს საერთაშორისო არენაზეც. გასულ წელს, PMAG ოფიციალურად შეუერთდა კლასტერული თანამშრომლობის ევროპულ პლატფორმას. ის სპეციალურად, ევროკომისიის DG GROW-ისა და COSME-ს ფარგლებში შეიქმნა, კლასტერების ინტერნაციონალიზაციისათვის და 100-ზე მეტ ორგანიზაციას აერთიანებს. თითო ასეთ კლასტერში კი 100 მცირე და საშუალო საწარმოა.

2020 წელს, PMAG კლასტერი მსოფლიო შესაფუთი მასალების ორგანიზაციის (WPO) სრულუფლებიანი წევრი გახდა. WPO 1968 წლის 6 სექტემბერს დაფუძნდა იაპონიაში, მას შემდეგ მუშაობს შეფუთვის ტექნოლოგიების და მეცნიერების განვითარების წახალისებაზე. ასევე – საერთაშორისო ვაჭრობის განვითარების, შესაფუთი მასალების სექტორში განათლებისა თუ ტრენინგების სტიმულირებაზე. ორგანიზაცია, ამ ეტაპისთვის, 46 ქვეყნის 65 წევრს აერთიანებს.

კლასტერში დიდი ყურადღება ეთმობა კვლევისა და განვითარების მიმართულებასაც. ამიტომ, ჩვენს წევრ კომპანიებს, ეტაპობრივად, ვუგზავნით სექტორში არსებულ სიახლეებს და ვუზიარებთ საერთაშორისო გამოცდილებას, შესაფუთი მასალების ნაირსახეობებისა თუ ინოვაციების შესახებ. გარდა ამისა, წევრი კომპანიების გამოყენებისთვის, შევისყიდეთ საერთაშორისო მოცულობითი კვლევა შეფუთვების სექტორში და მათ ადაპტირებული, დამუშავებული ვერსია მივაწოდეთ.

მნიშვნელოვანია სხვადასხვა გარემოსდაცვით თუ სოციალური პასუხისმგებლობის აქტივობებიც, რომლებშიც ძალიან აქტიურად ვმონაწილეობთ და ვცდილობთ, მათში სტარტაპერებიც ჩავრთოთ.

(ფოტო მასალა: PMAG) 

მაგალითად, ევროკავშირსა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, შესაფუთი მასალების სექტორში მოღვაწე კომპანიებისათვის გვაქვს გამოცხადებული საგრანტო პროექტი. ჩვენი მიზანია, მოვიწვიოთ დაინტერესებული კომპანიები, რომელთაც სჭირდება თანადაფინანსება საკუთარი ბიზნეს საქმიანობის გასაუმჯობესებლად, რომ შეძლონ გაყიდვებისა და დასაქმების ზრდა, პროდუქციის ხარისხის თუ საწარმოო პროცესების გაუმჯობესება, დამატებითი ღირებულების შემქმნელი პროდუქტების, ან მომსახურების შექმნა და განახლება. იმედი გვაქვს, ეს დაფინანსება ბენეფიციარ კომპანიებს დაეხმარება შემოსავლების ზრდაში, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნაში, ინოვაციური პროდუქტების, მომსახურებისა თუ საწარმოო პროცესების დანერგვასა და ახალი ინვესტიციების მოზიდვაში.

ვის და როგორ შეუძლია ასოციაციის წევრი გახდეს? 

კლასტერის წევრობა შეუძლია ჩვენს ღირებულებათა ჯაჭვში მყოფ ნებისმიერ კომპანიას. სურვილის შემთხვევაში, პირადად ვესტუმრებით საწარმოს/ორგანიზაციას, შევისწავლით მათ სპეციფიკას, მიზნებს, გამოწვევებს და ადგილზე მივუტანთ გასაწევრიანებლად აუცილებელ დოკუმენტაციას. ნებისმიერ მსურველს აქვს საშუალება, შეავსოს აპლიკაცია ჩვენს ვებგვერდზე. ასევე კლასტერს ჰყავს რეგიონული წარმომადგენელი იმერეთსა და კახეთში, მათი დახმარებით, გაწევრიანების პროცესი უფრო მოქნილია და შესაძლებელია, ამ რეგიონებში აქტივობების არსებული საჭიროეებიდან გამომდინარე დაგეგმვა.

ახლახან გამოაცხადეთ გადამზადების 2 პროგრამა. დეტალურად რომ გვიამბოთ მათ შესახებ. . . 

PMAG-მა მოიპოვა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის გრანტი – „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის“ ტექნიკური გადამზადების ცენტრთან (GTTC) ერთად განვახორციელებთ ერთწლიან პროექტს. უფრო კონკრეტულად კი გამოვაცხადეთ მანქანათა მექანიკოსის და მექატრონისა, ასევე – საწარმოო ხაზების ოპერატორის გადამზადების პროგრამები. საწყის ეტაპზე, PMAG–ისა და GTTC-ის წარმომადგენლები პირადად ვესტუმრეთ ყველა საწარმოს, შევისწავლეთ მათი მიდგომები, პრობლემები, ამჟამინდელი სიტუაცია კადრების მიმართულებით. შემდეგ, კომპანიებს შევთავაზეთ რამდენიმე სასწავლო მოდული, საბოლოო ჯამში, მათ შეარჩიეს საწარმოო ხაზების ოპერატორის, მექანიკოსის და მექატრონის მოკლევადიანი პროფესიული სწავლების კურსები. მონაწილეები მიიღებენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას. პროგრამა ასევე ითვალისწინებს ისეთი საკითხების შესწავლას, როგორიცაა: სათადარიგო ნაწილების ბიუჯეტირება, სასაწყობო სამუშაოების კოორდინაცია, ტექნიკური დოკუმენტაციების მომზადება და სხვა. PMAG–ის წევრი კომპანიები და GTTC-ს ექსპერტები ერთად შეიმუშავებენ პროგრამების მოდულებს. კურსები ჩატარდება GTTC-ს თანამედროვე აღჭურვილობის ლაბორატორიებში, პრაქტიკული სწავლება კი უშუალოდ კომპანიებში განხორციელდება. აპლიკანტებს განაცხადები შეუძლიათ მოგვწერონ, როგორც სოციალურ ქსელში, პირად შეტყობინებებში, ისე – ელექტრონულ ფოსტაზე.

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

რას მისცემს ეს პროგრამები მონაწილეებს? მთავარი მიზანი რა არის? 

მთლიანობაში, პროექტის ფარგლებში, დაახლოებით, 95 ადამიანი გადამზადდება. მათგან ნახევარი კომპანიების უკვე არსებული პერსონალი, მეორე ნახევარი ახალწვეულები იქნებიან, რომლებიც, ტრენინგების წარმატებით გავლის შემთხვევაში, დასაქმდებიან. ანუ პროექტის დასრულების შემდეგ, დაახლოებით, 50 ახალი წევრი შეუერთდება PMAG-ის წევრ კომპანიებს, შესაბამის თანამდებობებზე. ახალი პერსონალის მოძიებისას, პრიორიტეტი მიენიჭებათ 18-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს. თანამშრომლების გადამზადების შემთხვევაში, ისინი მნიშვნელოვანწილად აიმაღლებენ ცოდნას, რაც დადებითად აისახება მათ სამომავლო წინსვლაზე კომპანიებში. ახალი კადრებს კი, საშუალება ექნებათ, მუშაობა დაიწყონ  PMAG-ის წევრ კომპანიებში შესაბამის თანამდებობებზე.

კიდევ სხვა რა პროგრამებს სთავაზობთ გადამზადების დაინტერესების მსურველებს?

გვაქვს მოკლევადიანი პროგრამებიც – ამ ეტაპზე, აქტიური სტატუსი აქვს გაყიდვების სტიმულირების, მართვის ფსიქოლოგიისა და ეფექტური კომუნიკაციის ტრენინგებს. ასევე ვთანამშრომლობთ რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელთან („თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტი“, „აგრარულ უნივერსიტეტი“, „ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი“). მათ სტუდენტებს, ზაფხულში, ჩვენს წევრ კომპანიებში, ანაზღაურებად სტაჟირებას ვთავაზობთ.

 

კლასტერის საქმიანობას რომ დავუბრუნდეთ, ბაზარზე, რა ვითარებაა, რა სირთულეები და გამოწვევები გაქვთ?

ამ ეტაპზე, ბაზარზე ამ მიმართულებით მხოლოდ PMAG კლასტერი ოპერირებს, თუმცა, მთლიანად შესაფუთი მასალის სექტორი საკმაოდ ბევრ მწარმოებელ კომპანიას მოიცავს. უმეტესობას ერთნაირი სირთულეები და გამოწვევები აქვს მათი გაერთიანება და კლასტერის იდეაც სწორედ აქედან მომდინარეობს. სწორედ ამიტომ, PMAG თავის სტრატეგიას წარმართავს შემდეგი სამი მიმართულებით.

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

უფრო კონკრეტულად? 

გაერთიანება და ხილვადობა – ინდუსტრიის ხილვადობისა და გავლენის გაზრდა მთავრობასა და სხვა ინსტიტუციებთან – დონორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით და ევროპის კლასტერული საზოგადოების აქტიური წევრობით.

ჰაბი: ინდუსტრიის გაფართოება – შესაძლებელი გახდეს გაფართოება და ბაზრებზე წვდომა ინდუსტრიული ცოდნის გამომუშავების, კავშირის პლატფორმების შექმნისა და კოლაბორაციული ძალისხმევის გამოყენების მეშვეობით

სრულყოფილების ცენტრი: კორპორაციული ეფექტურობა – შესაძლო გახდეს წევრების კორპორაციული ეფექტურობის გაუმჯობესება ცოდნის მიმოცვლის, ადამიანური კაპიტალის განვითარების და ტექნოლოგიებზე/საკონსულტაციო სერვისებზე წვდომის საშუალებით.

 

 

[R]

პროკრედიტ ბანკმა ციფრული ბანკინგის განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო!

ნახეთ: მეცნიერებმა ანტარქტიდაზე აისბერგის გამოყოფის შემდეგ მრავალფეროვანი არსებები აღმოაჩინეს