in

ქართული ანიმაციური ფილმის პროექტი “ანესის” ფესტივალის რჩეულებს შორის მოხვდა

ანიმაციური ფილმის პროექტი ლომზე, რომელიც განსაკუთრებულ ვარცხნილობას ეძებს, “ანესის” ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე შერჩეულ პროექტებში მოხვდა. ფესტივალზე მონაწილეობა 631-მა პროექტმა მიიღო, მათ შორის სამხრეთ აფრიკიდან, არგენტინიდან, ჩილედან, დანიიდან, ეგვიპტიდან, ესტონეთიდან, საფრანგეთიდან, უნგრეთიდან, იაპონიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. მათგან მხოლოდ 38 შეარჩიეს, რომელთა შორის არის ქართული პროექტიც. შვიდწუთიანი ანიმაცია, სახელწოდებით “New Look for Lion” სტუდია THE POCKET STUDIO-მ შექმნა, ანა ჩუბინიძის რეჟისორობითა და გრაფიკული მხარდაჭრით. პროექტის სცენარზე ანა ჩუბინიძემ და გიორგი ავალიანმა იმუშავეს, მუსიკალური კომპოზიცია კი ერეკლე გეწაძემ დაწერა. იდეის ავტორი ანა ჩუბინიძის შვიდი წლის შვილი სესილი ცეცხლაძეა.

ანიმაციის სიუჟეტი ასეთია: იდეალური ვარცხნილობის ძიებაში, ლომი ქალაქის ყველა სტილისტს სტუმრობს. თუმცა, მისთვის სასურველი ვარცხნილობის შერჩევას ვერც ზებრა ახერხებს, ვერც სპილო, არც ანტილოპას, თუთიყუშსა და ფლამინგოს გამოსდით რამე. ბოლოს, ლომი იმ აზრამდე მიდის, რომ ყველაზე შესაფერისი მისი ბუნებრივი ვარცნილობაა.

ანა ჩუბინიძე: “ანესის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება ამ სფეროში და წელს მესამოცედ იმართება. ფესტივალის ფარგლებში ყოველწლიურად ტარდება კონკურსი, სადაც ჟიურის წევრები არჩევენ ახალ პროექტებს და მათ საერთაშორისო ტელევიზიებს, სტუდიებსა და პროდიუსერებს უზიარებენ. სასიხარულოა, რომ ამ კატეგორიაში ქართული ანიმაციური ფილმის პროექტი წარდგება.”

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

ჩეთბოტი Mdvisor – ციფრული მეგობარი, რომელიც 15 წლის თვითნასწავლმა პროგრამისტმა შექმნა

პანდემიის შემდეგ, ერთმანეთთან შეხვედრა ფილმის ეპიზოდივით იქნება! – ჩახუტების სცენები Movistar-ისგან