ოდესმე „ჯიბის კომპიუტერზე“ გიფიქრიათ? ალბათ, ადამიანები, რომლებიც ძველ დიდ ტელეფონებს მოიხმარდნენ, მაშინაც დღევანდელობაზე ოცნებობდნენ… ჩვენ კი ახლა ყველაზე პატარა ზომის ჯიბის კომპიუტერს გვთავაზობენ, მაგრამ რამდენად ჩაანაცვლებს იგი უკვე არსებულ შედარებით დიდ კომპიუტერებს, ამას დაზუსტებით ვერ ვიტყვით.
როგორ მოახერხებს ჯიბის ზომის, პატარა კომპიუტერი იმის გაკეთებას, რაც ყოველდღიურად გვჭირდება? Anil Reddy-ს მიერ შემუშავებული Pockit-ის აწყობა საკუთარი ხელით შეგვიძლია, დავამაგროთ მასზე ის კომპონენტები, რაც კონკრეტულ მომენტში კონკრეტული დავალების შესასრულებლად დაგვჭირდება.

კომპიუტერის თეთრი ვიზუალიც მეტად დახვეწილია და მასში არსებულ ტექნიკურ დეტალებს მალავს. კაბელების ნაცვლად მაგნიტებია გამოყენებული — შესაბამისად, კონკრეტული კომპონენტების დასამატებლად კომპიუტერთან მხოლოდ მათი მიახლოებაა საჭირო. ამ მხრივ, Pockit-ს მრავალფეროვანი არჩევანიც აქვს — სენსორებიდან დაწყებული, LED განათებით დამთავრებული. გამოდის, ჯიბის კომპიუტერის შესაძლებლობების ლიმიტიც კი არ არსებობს. თქვენ შეგიძლიათ, გამოიყენოთ იგი, როგორც ჭკვიანი საყოფაცხოვრებო ტექნიკის სამართავად, ისე უსაფრთხოების კამერის დასამონტაჟებლად. მეტიც, მოწყობილობა RPi-ზე მუშაობს და მის დაკავშირებას დიდ ეკრანზეც შეძლებთ.
Pockit-ის არსებობა ნამდვილად ადასტურებს „ჯიბის კომპიუტერების“ დიდ შესაძლებლობებსა და პოტენციალს, თუმცა რამდენად გამოიყენებენ მას კომერციული მიზნით, ჯერჯერობით უცნობია. საინტერესოა ისიც, რომ Motorola და LG მოდულარული ტელეფონების შექმნას ადრეული პერიოდიდან ფიქრობდნენ, მაგრამ მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. ამ იდეით ბევრი ექსპერიმენტიც ჩატარებულა, თუმცა ისეთი რეალური, როგორიც „ჯიბის კომპიუტერის“ ეს მოდელია, არც ერთი ყოფილა.
















