თანამედროვე საზოგადოება წიგნებს ნაკლებად თუ აღიქვამს საშიშად, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. თუმცა ახალი კვლევა გვეუბნება, რომ ზოგიერთი წიგნი სახიფათო ელემენტებს შეიცავს, რაც საჭიროს ხდის მათ შემოწმებას საჯარო ბიბლიოთეკებში, წიგნის მაღაზიებსა თუ სახლებში განთავსებამდე.
Poisonous Book Project კვლევითი პროექტია, რომელიც ზუსტად ასეთ წიგნებს შეისწავლის. ისინი იმაზე კი არ დარდობენ, თუ რა წერია ამ გვერდებზე, არამედ თავად ამ წიგნების ფიზიკურ კომპონენტებზე, უფრო ზუსტად, ყდის ფერებზე. თუმცა რაღაც თეორიებს კი არ გვთავაზობენ, ორი წიგნი უკვე ამოიღეს საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკიდან! მიზეზი მწვანე ყდაში არსებული ნივთიერებაა, რომელზეც ფიქრობენ, რომ დარიშხანი უნდა იყოს…
ეს ფაქტი წიგნების აკინძვის ისტორიულ პრაქტიკას შეგვიძლია, დავუკავშიროთ — მე-19 საუკუნეში, როცა წიგნების მასიურად წარმოება დაიწყო, ძვირიანი ტყავის ყდებიდან წარმოებამ ხელმისაწვდომ ქსოვილებში გადაინაცვლა. მკითხველების მოსახიბლად კი ამ ქსოვილებს ხშირად ღებავდნენ ნათელ მკვეთრ ფერებში. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული Scheele’s Green იყო, რომელსაც სახელი კარლ უილჰელმ შილეს პატივსაცემად ეწოდა, ქიმიკოსის, რომელმაც 1775 წელს აღმოაჩინა, რომ ნათელი მწვანე პიგმენტის წარმოება სპილენძისა და დარიშხანისგან შეიძლებოდა. ეს იაფიც იყო და იმაზე უფრო ნათელი ფერი, ვიდრე მანამდე იყენებდნენ.
თავიდან კი მარტივად მოიპოვა კეთილგანწყობა, მაგრამ როგორც კი გოგირდზე დაფუძნებულ დამაბინძურებელთან უწევდა შეხება, შავდებოდა. ხოლო ახალი საღებავები, რომლებიც შილის აღმოჩენას ეფუძნებოდა, იქნებოდა ეს ზურმუხტისფერი თუ ე. წ. პარიზის მწვანე მეტად გამძლე გამოდგა. შესაბამისად, მალევე ვიხილეთ მრავალ ნივთზე, იქნებოდა ეს წიგნის ყდები, ტანსაცმელები, სანთლები თუ შპალერები.
თუმცა ამ პიგმენტებს ერთი მნიშვნელოვანი ნაკლი ჰქონდა — სწრაფად იშლებოდა და მომწამვლელ, კანცეროგენულ დარიშხანს უშვებდა. მრავალი ფაქტიც არსებობს, როცა მწვანე სანთლებით ბავშვები მოიწამლნენ ან ქარხნის მუშები, რომელთაც ორნამენტების მწვანედ შეღებვა ევალებოდათ…
ამ პიგმენტს ნაპოლეონის სიკვდილსაც კი მიაწერენ — ძალიან უყვარდა მწვანე ფერები, რის გამოც ბრძანა მისი საცხოვრებელი ამ ფერში შეეღებათ. არსებულ თეორიას კი ისიც ამყარებს, რომ ნაპოლეონის თმებში დიდი ოდენობით დარიშხანი აღმოაჩინეს.
სამწუხაროდ, მეცნიერები მხოლოდ მწვანე ფერზე არ საუბრობენ… ბრწყინვალე წითელი პიგმენტი მინერალური ცინაბარისგან შეიქმნა, რომელიც ვერცხლისწყლის სულფიდის სახელითაც არის ცნობილი. ეს წითელი საღებავიც საკმაოდ პოპულარული წყარო იყო. იმასაც კი ამბობენ, რომ ამით ნეოლითის ხანის მხატვრები იწამლებოდნენ…
Poisonous Book Project-ის ყურადღების ცენტრში, მწვანესა და წითელთან ერთად, ყვითელი ფერიც მოექცა. აქ უკვე საქმე ტყვიის ქრომატთან გვაქვს. მკაფიო ყვითელი ფერი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა მხატვრებში და, ალბათ, პირველი თქვენც ვან გოგი გაგახსენდათ. წიგნის ამკინძველებს ამან საშუალება მისცა, მწვანე ფერიდან ყვითელი, სტაფილოსფერი და ყავისფერიც მიეღოთ. მართალია, ტყვიაც და ქრომიც ტოქსიკურია, მაგრამ ყვითელი, წითელთან და მწვანესთან შედარებით, ნაკლებად საზიანოა, ტყვიის ქრომატის შეწოვაც რთულია და ჯერ კიდევ ფართოდ გამოიყენებენ.
როგორ მოვიქცეთ?
თუ მეცხრამეტე საუკუნის მწვანეყდიან წიგნებს იპოვით, ძალიან არ შეშფოთდეთ და არ გეგონოთ, რომ მოიწამლებით, რადგან სულ მცირე ერთი წიგნი უნდა შეჭამოთ ამ შედეგამდე რომ მიხვიდეთ… თუმცა მწვანე პიგმენტში შემავალი ნაერთის შემთხვევითმა ზემოქმედებამ, შესაძლოა, თვალები, ცხვირი და ყელი გაგიღიზიანოთ.
ამაზე უფრო მეტად იმ ადამიანებმა უნდა იზრუნონ, ვინც მაგალითად წიგნებს ამუშავებს და, ზოგადად, ხშირად აქვს შეხება აღნიშნულ მატერიასთან. კარგი იქნება მწვანეყდიან წიგნს ხელთათმანებით თუ შეეხებით და ხელს სახეზე არ მოიკიდებთ. გამოყენების შემდგომ კი სასურველია, ყველაფერი გაწმინდოთ, რასაც ეს ყდა შეეხება.
ეს პროცესი რომ გაუმარტივონ მომხმარებლებს, Poisonous Book Project-მა სანიშნეები შექმნა, რომლებზეც გაფრთხილებები და მწვანე ფერის სხვადასხვა ტონია დატანილი. ამგვარად, პროექტის ფარგლებში, მსოფლიოს მასშტაბით, უკვე 238-ზე მეტი გამოცემა აღმოაჩინეს, რომლებიც დარიშხანს შეიცავდა…