in

Let’s go Pikachu – ცნობილი ფრაზა, რომლის მიღმაც საინტერესო ისტორიაა

Pokémon – ამ სახელწოდების გმირს ყველა იცნობს. მისი დებიუტი იაპონიაში, 1996 წლის თებერვალში შედგა. მოგვიანებით კი პოპულარული გახდა შეერთებულ შტატებში და, ზოგადად, მსოფლიო მასშტაბით. Nintendo-ს Super Mario Bros-ის შემდეგ ეს ყველაზე პოპულარული თამაში იყო, ამიტომ მისი წარმატების ისტორიამ დაგვაინტერესა.

istoriebi
istoriebi

თამაშის ორიგინალი

ორიგინალი პოკემონი არის როლური თამაში, რომელიც დაფუძნებულია მონსტრების პატარა გუნდზე, რომელიც უნდა შეებრძოლოს სხვა მონსტრებს. პოკემონები იყოფა ტიპებად და თითოეულს თავისი ძალა აქვს. გამოცდილებით, პოკემონი ძლიერდება, იძენს ახალ შესაძლებლობებს. 

აღსანიშნავია, რომ ორიგინალის ფრენშაიზი მოიცავს ვიდეოთამაშებს, ბანქოს, სატელევიზიო სერიებს, ფილმებს და სხვა. 

პოკემონის კონცეფცია შეიმუშავეს სატოში ტაჯირიმ და კენ სუგიმორიმ, რომლებმაც Game Freak-ის მეშვეობით გააცოცხლეს ეს თამაში და გაავრცელეს. 

თამაშის განვითარება

პირველი თაობის შემდეგ თამაშის განახლებული ვერსიები გამოვიდა, რომლებიც ახალ თავგადასავალსა და გმირებს სთავაზობდა მოთამაშეებს. 

აღსანიშნავია, რომ ვიდეოთამაშთან ერთად პოპულარული გახდა სამაგიდო ბანქოც, რომელზეც ასევე პოკემონები იყო გამოსახული.

ანიმესერიები

კიდევ უფრო მეტი სიყვარული და საყოველთაო აღიარება ანიმესერიებმა მოიტანა. მართალია, შემქმნელებს თავიდან არ უნდოდათ მისი გამოშვება, რადგან ფიქრობდნენ, რომ ეს ხელს შეუშლიდა თამაშის პოპულარიზაციას, მაგრამ შეიქმნა სპეციალური საბჭო, რომელმაც ბევრი მსჯელობის შემდეგ მაინც გადაწყვიტა სერიალის გადაღება.

პოკემონის პირველი ანიმეს პრემიერა შედგა იაპონიაში 1997 წლის 1 აპრილს. მასში ნაჩვენებია ეშ კეტჩუმისა და მისი პიკაჩუს თავგადასავალი. სერიალის სიუჟეტი ეშის გარშემო ვითარდება, რომელიც მოგზაურობს სხვადასხვა რეგიონში, მონაწილეობს პოკემონის ბრძოლებში და მიზნად ისახავს გახდეს პოკემონის ოსტატი. 

სერიალი სწრაფად იქცა საერთაშორისო პროექტად. მისი ინგლისური ადაპტაცია 4Kids Entertainment-ის მიერ შესრულდა. 

მნიშვნელოვანია, რომ პოკემონის გმირები საკულტო პერსონაჟებად იქცნენ, რომლებსაც უამრავი მაყურებელი და თაყვანისმცემელი გამოუჩნდათ. ეს ანიმე, თამაშთან ერთად, მასობრივ ჰიტად იქცა.

2000-იანები და პოკემონის ახალი ერა

2016 წელს პოკემონის ისტორიაში ახალი ეპიზოდი დაიწყო. თავდაპირველად, ორი წლით ადრე, გამოვიდა Google-ის საპირველაპრილო ხუმრობა: „Google Maps Pokémon Challenge”. Google-მა გამოაცხადა, რომ მომხმარებლებს შეუძლიათ, გახდნენ „პოკემონის ოსტატები“ მთელ მსოფლიოში მიმოფანტული პოკემონების დაჭერით. ამისთვის კი Google Map უნდა გამოეყენებინათ. 

ცუნეკაზუ იშიჰარამ გადაწყვიტა, რეალურ თამაშად გაეცოცხლებინა ეს ხუმრობა და მართლაც, 2016 წელს გამოვიდა Pokémon Go, რომელმაც $160 მილიონზე მეტი გამოიმუშავა სულ რამდენიმე თვეში. 

2016 წლის ივლისში აპლიკაციის საშუალო დღიურმა გამოყენებამ Android მოწყობილობებზე გადააჭარბა Snapchat-ის, Tinder-ის, Twitter-ის, Instagram-ისა და Facebook-ის გამოყენებას. გამოშვებიდან 90 დღეში მან მიაღწია 600 მილიონი დოლარის შემოსავალს, რითაც გახდა ყველაზე სწრაფად მომგებიანი მობილური თამაში, რომელიც ოდესმე შექმნილა.

თამაში დღეს

პოკემონი დღესაც საკმაოდ პოპულარულია და მისი ვარიაციები, თაობები ახლაც იცვლება. 2024 წლის 27 თებერვალს დაანონსდა Pokémon Legends: Z-A, რომელსაც გულშემატკივრები 2025 წლისთვის ელოდებიან. 

ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

კომპანია „ნაბუ” New Trend-ში, Emporio Armani-სა და Armani Exchange-ში ნანატრ ფასდაკლებებს იწყებს

Verizon-მა ვიზუალური იდენტობა განაახლა