რუსმა ფოტოგრაფმა პოლარული დათვების შთამბეჭდავი ფოტოსესია შემოგვთავაზა, რომლებმაც ძველი მეტეოროლოგიური სადგურის შენობა დაიპყრეს რუსეთსა და ალიასკას შორის მდებარე კუნძულზე.
“ეს რუსული არქტიკის ყველაზე შორეული და ძნელად მოსახვედრი ადგილია, რომელიც რთულია, დაივიწყო. ჩვენ იახტით ვიმოგზაურეთ და 1200 მილზე მეტი უკაცრიელი ადგილი დავფარეთ, ასევე მიტოვებული სოფლები, სხვადასხვა ფაუნით სავსე მიწები და ზღვები, რომლებშიც სიცოცხლე ჩქეფს”, – იხსენებს კოხი.
კოხი პოლარული დათვების გადასაღებ მისიაზე იმყოფებოდა და ფოკუსირებული იყო ვრანგელის კუნძულზე, რომელიც ცნობილია პოლარული დათვებით, თუმცა 2021 წელს, შესაძლოა, ცივი ზაფხულის გამო, კუნძულზე ნაკლებად ჩანდნენ ეს ცხოველები.
“თუმცა ბუნება მაშინ გიგზავნის რაღაცას, როცა ამას არ ელოდები. როდესაც ჩუკოტკის ჩრდილოეთ სანაპიროსთან გავიარეთ, ჩვენ მოძრაობა შევნიშნეთ ძველი შენობის ფანჯრებში და რომ მივუახლოვდით, დავინახეთ დათვები”, – წერს იგი.
როგორც თავად ფოტოგრაფი აღნიშნავს, ამ შენობებში, რომლებიც 1930-იან წლებში აშენდა, არასოდეს დაფიქსირებულან დათვები, ამიტომ ამ შეხვედრას შეიძლება “ცხოვრებაში ერთხელ” ვუწოდოთ, რომლის ფირზე აღბეჭდვაც მან ტექნოლოგიის დახმარებითა და ცოტა მაგიით შეძლო.
კოხმა მოახერხა დათვების როგორც შორიდან, ისე ახლო კადრებით გადაღება. როდესაც დათვები ადამიანების ხმას გაიგონებდნენ, ახლოს მოდიოდნენ შენობის ფანჯრებთან.
კოლიუჩინის კუნძული რუსეთში, ჩუკოტკის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით მდებარეობს და წელიწადში დაახლოებით 9 თვე მის გარშემო ზღვა ყინულით არის დაფარული. დღესდღეობით ეს ადგილები დაუსახლებელია. 1934 წელს მეცნიერებმა აქ ააგეს სადგური, რომელმაც 1992 წლამდე იფუნქციონირა.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს National Geographic-ის მიერ ორგანიზებულ რუსულ ფოტოგრაფიის კონკურსში, კოხის ფოტომ, რომელშიც დათვი ფანჯრიდან იხრება, გაიმარჯვა ნომინაციაში “ველური ბუნების საუკეთესო გამოსახულება ანთროპოგენურ გარემოში”.
როცა ფოტოსესიას ვათვალიერებთ, ვხედავთ, რომ დათვები ძალიან ლაღები და ბედნიერები ჩანან იმით, რომ მიტოვებულ ადგილებში თავისუფლად დასეირნობენ.















