აბრეშუმის გზის ისტორია უძველესი დროიდან იღებს სათავეს, რომელიც დასავლურ სამყაროს აღმოსავლეთსა და აზიასთან აკავშირებდა. რეალურად, ეს იყო რომის იმპერიასთან და, მოგვიანებით, შუა საუკუნეების სამეფოებთან ვაჭრობის ძირითადი არხი. 2013 წლიდან კი ჩინეთმა ოფიციალურად დაიწყო ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენა, სახელწოდებით „ერთი სარტყელი, ერთი გზა“.
თუმცა ახლა, კლიმატის ცვლილებების გამო, ალტერნატიული სავაჭრო გზა ჩნდება — ე. წ. „პოლარული აბრეშუმის გზა“, რომელიც სამ მთავარ ეკონომიკურ ცენტრს აკავშირებს: ჩრდილოეთ ამერიკას, აღმოსავლეთ აზიასა და დასავლეთ ევროპას. ფოტოგრაფ გრეგორ სეილერის ახალი სერია კი ადამიანებსა და ბუნებას შორის არსებულ კომპლექსურ ურთიერთობას ასახავს, კლიმატის ცვლილების ფართო ზემოქმედებას და სწრაფად ცვალებად სამყაროს.

ამ ხელოვნურად შერჩეული სახელწოდების ქვეშ ფოტოგრაფმა 67 ფოტოს მოუყარა თავი — თითოეული მათგანი არქტიკული წრის ოთხ ქვეყანაშია გადაღებული. იზოლირებული კვლევითი ცენტრებიდან დაწყებული, ისლანდიის გეოთერმული ელექტროსადგურებით დამთავრებული, გრეგორი მასშტაბურ ცვლილებებს აფიქსირებს, რათა საზოგადოებას ცნობიერების ამაღლებაში დაეხმაროს. მისი ნამუშევრები ასახავს როგორც კულტურულ, ისე ეკონომიკურ ცვლილებებს.

„გლობალური დათბობა და მისი ზემოქმედება აქტუალური საკითხია, რომელიც ყველას გვაწუხებს, თუნდაც ის გეოგრაფიულად შორს იყოს“, — განმარტავს გრეგორი.
















