26
Jun
2019

რეზო კიკნაძისა და თორნიკე მარგველაშვილის ლაივი Politika-ში #თაობა

26 Jun 2019

27 ივნისს ბარ Politika-ში რეზო კიკნაძისა და თორნიკე მარგველაშვილის (Mess Montage) ლაივი გაიმართება. ეს მათი რიგით მეოთხე ლაივი იქნება, სადაც ორი მუსიკოსი მათ მიერვე იმპროვიზებულ მუსიკას დაუკრავს.

საინტერესოა, საიდან დაიბადა ამ ორი მუსიკოსის კოლაბორაციის იდეა.. როგორც თორნიკე მარგველაშვილი გვიყვება, მას რეზოსთან ერთად დაკვრის პირველი შესაძლებლობა Tbilisi Open Air-ზე, ზინგერის პატარა სცენაზე მიეცა.

“მე ძალიან მაინტერესებდა ექსპერიმენტირება ცოცხალ ინსტრუმენტთან, ვთვლი, რომ ის ფაქტურები, რასაც მე ვქმნი, სემპლინგის და მოდულარული სინთეზის საშუალებით, კარგი საყრდენი შეიძლება იყოს თავისუფალი იმპროვიზაციისთვის. რეზომ ეს გააკეთა უმაღლესი ხარისხით და გემოვნებით.”

M: ადვილი აღმოჩნდა თუ არა, რეზოსნაირ გამოცდილ მუსიკოსთან საერთო მუსიკალური ენის გამონახვა?

რეზო არის ის ადამიანი, ვისგანაც პირველად მოვისმინე ექსპერიმენტული, ელექტროაკუსტიკური მუსიკა, შესაბამისად, ჩემი მისდამი ერთგვარი მუსიკალური რიდი ყოველთვის თან მდევს. ვცდილობ, მაქსიმალურად საუკეთესო მასალით გამოვჩნდე მასთან სცენაზე. რეზო ძალიან გამოცდილი იმპროვიზატორია, ჩემი ინსპირაციაც მოდის ჯაზ მუსიკოსების მიდგომიდან. ამიტომ მოკლე პასუხია არა – საერთო ენა ძალიან მარტივად გამოვნახეთ.

როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, თორნიკე ამბობს, რომ პირველ ლაივამდე მზადება სულ 15 წუთს გაგრძელდა. შემდეგ ყველაფერი თავისით დალაგდა..

“რადგანაც მუსიკა სრულიად იმპროვიზირებულია, ამას შეგვიძლია შევხედოთ როგორც ჯაზ ჯემს – უბრალოდ ამ შემთხვევაში მუსიკა ნაწილობრივ ელექტრონულია და უფრო ამბიენტური.”

M: დასავლეთში ხშირი პრაქტიკა არსებობს მსგავსი ჩანაწერის უკვე ფიზიკურ რელიზად ქცევის, აპირებთ თუ არა რამე მსგავსის გაკეთებას?

დიდი სიამოვნებით გადავაქცევდი ჩვენს ერთ-ერთ ლაივს ფირფიტად. ან სტუდიური ჩანაწერიც შეიძლება. ქართულ ლეიბლზე გამოცემაც მშვენიერი იდეაა მგონი.

მუსიკოსი იმედოვნებს, რომ მისი და რეზოს ერთობლივი პროექტი ნელ-ნელა უფრო მასშტაბური გახდება. ხოლო კითხვაზე, თუ რას უნდა ელოდოს 27 ივნისს Politika-ში მსმენელი, ამგვარად გვპასუხობს: “ორი მუსიკოსის მიერ კონვენციური მუსიკალური ჩარჩოების გატეხვის მცდელობებს.”



განხილვა