in

პოლინომიალი — ახალი გამომცემლობა, ახალი ფონტითა და მინიმალისტური დიზაინით

„შენი საყვარელი გამომცემლის საყვარელი გამომცემლობა“

ალბათ, ერთხელ მაინც გიოცნებიათ, ნეტავ ყველა წიგნის წაკითხვა შეგძლებოდათ, რაც კი ოდესმე დაწერილა. მართალია, ეს შეუძლებელია და ამაზე ოცნებაც ფანტასტიკური ჟანრის სიუჟეტს ჰგავს, მაგრამ ფაქტია — გამომცემლები გამუდმებით ცდილობენ, სხვადასხვა ენაზე დაწერილი წიგნები გამოსცენ და ადგილობრივ მკითხველებს სულ უფრო მეტი ნაწარმოების წაკითხვის შესაძლებლობა მისცენ. ქართულ ბაზარზე კი კიდევ ერთი გამომცემლობა გამოჩნდა — პოლინომიალი, რომელიც სალიტერატურო სივრცისთვის ცნობილ, თუმცა ქართულ ენაზე ამ დრომდე უთარგმნელ ავტორებსა და მათ ტექსტებს გამოსცემს.

BOG
BOG

პოლინომიალი ლუკა გრიგოლიამ, ნუცა მეტრეველმა და ლევან ძნელაძემ დააარსეს. მიზანი და მიზეზი ერთია: „უამრავი შესანიშნავი ავტორი არ თარგმნილა დღემდე, რადგან თარგმნილი ლიტერატურის დიდ რაოდენობას თუნდაც ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გააქტიურებული ქართული კომპანიებიც ვერ ერევიან. ალბათ, 300-მდე წიგნი გამომიცია, მაგრამ წლების მანძილზე დამიგროვდა ერთგვარი სათადარიგო ავტორების სია, რომელთა გამოცემისთვის შესაფერის დროს ველოდი. მთლიანობაში, წიგნის ტექნიკური დეტალებიდან დაწყებული, კომუნიკაციით გაგრძელებული, გვსურს, „პოლინომიალი“ ახალი სამკითხველო გამოცდილება იყოს. “, აღნიშნავს ლუკა.

იდეის განხორციელებაზე მუშაობა 2020 წელს დაიწყო, რასაც თან ახლდა ბრენდინგზე ზრუნვაც — შეიძლება ითქვას, ბრენდის სტრატეგია პირველი ნაბიჯების განუყოფელი ნაწილია. იქიდან გამომდინარე, რომ თავიდანვე იცოდნენ, როგორი უნდა ყოფილიყო თანამედროვე გამომცემლობა, შექმნეს ახალი ფონტი, რომელსაც საკითხავადაც იყენებენ. და იცით, რა ჰქვია ამ ფონტს? „აპრილი“…

„ვიზუალურ იდენტობაში დიდი ადგილი უკავია შრიფტის დიზაინს. იქიდან გამომდინარე, რომ ამ გამომცემლობის მიმართულება განსაკუთრებულ და სახასიათო ვიზუალებს მოიცავს, შრიფტის ვიზუალშიც მსგავსი კონცეფციაა ასახული — კონტრასტული შტრიხები და სხვადასხვა ვიზუალური ეფექტი თანამედროვე დიზაინის მიმართულებას მკაფიოდ აყალიბებს. ამას ემატება ყდის გამორჩეული, აქტიური ფერთა გამა და ლეიაუთი, რომელზეც სხვა დიზაინერებმა იმუშავეს და საბოლოოდ საინტერესო ვიზუალები შეიქმნა“, ამბობს აკაკი რაზმაძე, ფონტ აპრილის შემქმნელი.

რაც შეეხება ბრენდის ვიზუალურ იდენტობას, მასზე პოლინომიალის არტ დირექტორი, ხატია ჩიტორელიძე გვესაუბრა: ორი წლის განმავლობაში იქმნებოდა ბრენდის დიზაინი. დიზაინზე მუშაობისას ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორი იყო, შეგვექმნა ისეთი ვიზუალური სტილი, რომელიც სრულად ასახავდა იმ გამორჩეულ ნიშას, რომლის დაკავებაც გამომცემლობამ მიზნად დაისახა. ვინაიდან ჩაფიქრებული იყო მინიმალისტური, თანამედროვე სტილი, ტიპოგრაფიისა და პანტონის ფერების გამოყენებით შევქმენით ყდის დიზაინი. წიგნის დიზაინზე მუშაობისას ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია თავად წიგნის ფაქტურა, როგორი იქნება ის, როცა მას მკითხველი ხელში დაიჭერს. სწორედ ამიტომ, ფერები შევარჩიეთ პანტონის პალიტრიდან, რათა მიგვეღო ზუსტად ის შედეგი, რომელსაც ეკრანებზე ვხედავდით. გარდა ამისა, ყდას დავამატეთ დეტალები, ფაქტურები, რომლებიც,  ვფიქრობთ, განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას დატოვებს მკითხველზე. გვინდოდა, შეგვექმნა ისეთი პროდუქტი, რომელიც დიზაინის კუთხით გამორჩეული იქნებოდა და, ამავდროულად, პრაქტიკული თუ კომფორტული საკითხავი მკითხველისთვის. ვინაიდან გამომცემლობის მიზნები საკმაოდ ამბიციურია, შექმნას ახალი სამკითხველო გამოცდილება, გადავწყვიტეთ, შეგვეცვალა შიდა გვერდების შრიფტიც. საკითხავი ტექსტის კლასიკური შრიფტი ჩავანაცვლეთ ჩვენი კორპორატიული ტიპოგრაფიით, რაც საკმაოდ სარისკო გადაწყვეტილება იყო. საბოლოო ჯამში, შევქმენით ბრენდი, რომელიც, ვფიქრობთ, გამორჩეულ ადგილს დაიკავებს ქართულ ბაზარზე.

აღსანიშნავია, რომ პირველ ყოვლისა ავტორებს გამოსცემენ და ეს დამფუძნებლებისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ხაზია. პოლინომიალმა საქმიანობა კი შემდეგი წიგნებით დაიწყო: ვირჟინი დეპანტის „თეორია კინგ კონგი“ და ლეონარდ კოენის „ყოველი მათგანის ამბავი“. ხოლო ორ თვეში გამოიცემა მესამე წიფნი, ჯოან დიდიონის „ჯადოსნური ფიქრის წელიწადი“.

„ამ ორი სახელით დაწყება მარტივი გადაწყვეტილება და პლუს სერიოზული განაცხადი იყო. თავდაპირველი სელექციის 10 ავტორი ჩვენთვის მნიშვნელოვანი დასაწყისია. რამდენადაც გვაქვს სურვილი მათ ვუერთგულოთ და იმავე ავტორების სხვა წიგნებიც გამოვცეთ, ამდენადვე ეს სია გვაძლევს თავდაჯერებასა და ფუფუნებასაც ლოგიკურად განვაგრძოთ ჩვენი სარედაქციო ხაზი. პირობას ვდებთ, რომ თარგმანების ხარისხი მხოლოდ გაიზრდება და ჩვენი სელექციაც უკომპრომისო დარჩება“,განმარტავს ლუკა გრიგოლია.

მთლიანობაში, გამომცემლობის მიზანია, შეიქმნას ახალი სამკითხველო გამოცდილებ ტექსტების თამამი სელექციის, წიგნის დიზაინისა და ქართული მთარგმნელობითი ენის განახლების მიმართულებით.

ავტორი: ქეთია ბელქანია

Henry’s Kitchen-მა საახალწლო აქცია დაიწყო!

Meta საკუთარი „ტვიტერის“ შექმნას გეგმავს