ბაზრის გამოწვევები
ქართული სამშენებლო სექტორი რამდენიმე ათწლეული მასობრივად მოიხმარდა საშუალო და დაბალხარისხიან პროდუქციას. 2016 წელს, როცა ბაზარზე პოლიპრომი გამოჩნდა უკვე თვალსაჩინო იყო პრობლემები, რომლებიც სტანდარტებთან შეუსაბამო მასალების მოხმარებამ გამოიწვია და რომელთა მოგვარებაც პოლიპრომს თავისი ალტერნატიული ხედვით უნდა ეცადა. ამდენად, კომპანიის მისია გახდა, მომხმარებლისთვის არა მხოლოდ შეეთავაზებინა მაღალი ხარისხის, ევროპული სტანდარტების სამშენებლო მასალები და ხელსაწყოები, არამედ დაერწმუნებინა მათ საჭიროებაში და ამ საშუალებების სწორად გამოყენება ესწავლებინა.
პოლიპრომის თანადამფუძნებელი, ლევან თორდინავა კომპანიის პირველ ნაბიჯებს იხსენებს: „ჩვენს სფეროში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა კვალიფიკაციის ნაკლებობაა. პირველი სამი წელი დამკვიდრებულ შეხედულებებთან ჭიდილი მოგვიწია. რთული იყო, თუმცა უფრო იაფიანი პროდუქციის მოძიება არ დაგვიწყია, რომ ფასში გაგვეწია კონკურენცია. გადავწყვიტეთ, მეტი გვეშრომა, ცოდნა გაგვეზიარებინა, ჩვენი ნიშა დაგვეკავებინა და რეალური ხარისხი გვეჩვენებინა.“
პარტნიორი ბრენდები
თავდაპირველად პოლიპრომის ძირითადი ასორტიმენტი ბელგიური მწარმოებლის SOUDAL-ის პროდუქციას მოიცავდა, თუმცა დღესდღეობით კიდევ რამდენიმე უმსხვილესი კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელია. ეს იმ წამყვანი ევროპული ბრენდების ჩამონათვალია, რომლებიც სამშენებლო სფეროში საიმედო გადაწყვეტილებისა და ხარისხიანად შენების მაღალ სტანდარტს ქმნიან:
SOUDAL: პოლიურეთანული ქაფების, ჰერმეტიკების, წებოებისა და სხვა სამშენებლო ქიმიის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი. ბელგიური კომპანია, რომელიც უმაღლესი ხარისხის ნაწარმითა და სამოცწლიანი გამოცდილებით სანდო პარტნიორია ყველასთვის, ვინც მდგრადობასა და გამძლეობაზე – მომავალზეა ორიენტირებული.
DIAGER : ფრანგული კომპანია, ცნობილია პროფესიონალური საბურღი და საჭრელი ხელსაწყოების წარმოებით. DIAGER-ის პროდუქცია ნიშნავს სხვადასხვა მასალისა თუ ზედაპირის ეფექტურ ბურღვას, გაუმჯობესებულ სისწრაფეს, ხარისხიან, სუფთა ნახვრეტსა და ზუსტ მიმართულებას.
INDEX Fixing Systems: ესპანური ბრენდი, რომელიც აწარმოებს გასამაგრებელ და დასაფიქსირებელ საშუალებებს (ჭანჭიკები, კაფსულები, ხრახნიანი ქანჩები, ანკერები). გამოირჩევა უწყვეტი ინოვაციებისა და პროდუქტის განვითარებისადმი სწრაფვით. კვლევისა და ტექნოლოგიური მიღწევების ერთგული გუნდის წყალობით, INDEX უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის, საიმედო პროდუქტების წარმოებას.
SAMEDIA : წამყვანი გერმანული კომპანია, რომელიც აწარმოებს პროფესიონალურ ალმასის საჭრელ დისკებსა და იარაღებს. ამ ბრენდის პროდუქცია ცნობილია ჭრის განსაკუთრებული სიზუსტითა და გამძლეობით, რაც ასევე გამოიხატება საჭრელი დისკების ცვეთის მინიმალური მაჩვენებლით.
ცოდნის გაზიარება
რადგან საქართველოში ხელოსნებისთვის ფორმალური სწავლება და სალიცენზიო პროგრამები არ არსებობს, ცოდნა და უნარები ხშირად მხოლოდ გამოცდილებას ემყარება. სწორედ ეს განაპირობებს დამკვიდრებული მეთოდებისა და ტრადიციული მიდგომების მიმართ განუყრელ ერთგულებას და ართულებს თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრებას. ხოლო, როცა ვსაუბრობთ სტანდარტზე, ვგულისხმობთ აუცილებლობას და არა რეკომენდაციას. რადგან მასალები და კვალიფიკაცია ერთი მეორეს გარეშე არ მუშაობს, სწავლება კომპანიის მუშაობის განუყოფელი ნაწილი გახდა: მომხმარებელს უთხრა, რომ რაღაც არ იცის და დაიცვა შენი პროდუქტი, რბილად რომ ვთქვა, სარისკო კომუნიკაციაა. ისე არ გაიგოთ, თითქოს ამ მასალების გამოყენებაში რაიმე განსაკუთრებული სირთულეა, რამდენიმე წინადადებით შეიძლება აიხსნას, თუ ადამიანს აქვს მზაობა. დღეს ეს საკითხი თითქოს მოხსნილია. ადრე თუ პროდუქტს აბრალებდნენ ცუდად შესრულებულ სამუშაოს და ჩვენ გვიწევდა მისი დაცვა, დღეს თვითონ ხელოსნებმაც იციან, რომ პროდუქტის ბრალი ვერ იქნება და ერთმანეთს ასწავლიან სწორ გამოყენებას.
პოლიპრომის გამოცდილება კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ცვლილებები, ადრე თუ გვიან, დაჟინებული მონდომებითა და ცოდნის გაზიარებით იწყება. ლევან თორდინავა ცვლილებების დადებით დინამიკას ასე აჯამებს: „თანდათან გაჩნდა აღქმა, რომ თუ კომპანია დეტალებზეა ორიენტირებული და ასეთ „უხილავ” ელემენტებს გულდაგულ არჩევს, ხარისხზე თანხას არ ზოგავს, ნიშნავს, რომ სხვა ყველაფერსაც ასე უდგება, შესაბამისად, მეტი შანსი აქვს ბაზარზე კონკურენციას გაუძლოს და განვითარდეს”.
მიზანი და ღირებულებები
საყოველთაოდ მიღებულია აზრია, რომ მშენებლობა არ არის მხოლოდ ბიზნესი და რომ ეს მომავლის საქმეა. თუ როგორ წარდგება მომავლის წინაშე მშენებელი, როგორ ჩაეწერება მისი ნამუშევარი ქალაქის თუ სხვა არაურბანული სივრცის კონტექსტში, როგორ აგრძნობინებს თავს ადამიანებს, მეტწილად კონკრეტული ინდივიდებისა და კომპანიების პირად კეთილსინდისიერებასა და პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული. პოლიპრომის ხედვაა, მომავლის, უკეთესი ხვალინდელი დღის, უფრო გამართული, უსაფრთხო, ხარისხზე ორიენტირებული სამშენებლო ეთიკის შექმნის საქმეში თავისი წვლილი შეიტანოს.
„სიმართლე, გულწრფელობა, პასუხისმგებლობა, მიზანსწრაფულობა და შრომისა და ცოდნისმოყვარეობა კომპანიის ფილოსოფიის ქვაკუთხედია: ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ბაზარზე ვიყოთ დიდი ხანი და ბოლომდე ვუერთგულოთ არჩეულ გზას. ადამიანებს არასდროს ვთავაზობთ იმას, რაც არ სჭირდებათ. ყოველთვის ვაზუსტებთ, რისთვის და როგორ აპირებენ პროდუქტის გამოყენებას, ამდენად მიმწოდებელთან ერთად მრჩევლის ფუნქციასაც ვითავსებთ”, – ამბობს ლევან თორდინავა.
და მაინც, რა შედეგებს მოგვიტანს ტექნოლოგიურად გამართული გადაწყვეტილება?
უმაღლესი ხარისხი: მასალის ხარისხში მცირე განსხვავებებიც კი მნიშვნელოვნად მოქმედებს საბოლოო შედეგზე. პოლიპრომის პროდუქციის ხარისხის გარანტია პარტნიორების მრავალწლიანი გამოცდილებაა, რომლებიც ხუთ ათეულ წელზე მეტია საერთაშორისო ბაზრებზე ლიდერობენ.
გამძლეობა, ხარჯთეფექტურობა და ეკონომია: მიუხედავად იმისა, რომ მაღალხარისხიანი საშუალებების თვითღირებულება დაბალი ვერ იქნება, გრძელვადიან პერსპექტივაში ხელშესახებად ეკონომიურია. მათი გამოყენება მინიმუმამდე ამცირებს მთლიანი სტრუქტურის ხშირი შეკეთების ან გამოცვლის საჭიროებას. გარდა ამისა, გაუმჯობესებული იზოლაცია მნიშვნელოვნად ამცირებს ენერგიის მოხმარებას ზამთარ-ზაფხულ, რაც კომუნალური ხარჯის ეკონომიასაც იწვევს და ეკოლოგიურადაც გამართლებულია.
უსაფრთხოება: პოლიპრომის მასალები და ხელსაწყოები აკმაყოფილებენ უსაფრთხოების მკაცრ, საერთაშორისო სტანდარტებს.
ცოდნა და გამოცდილება: პოლიპრომის წარმომადგენლები ინტენსიურად მონაწილეობენ ევროპის არაერთი ქვეყნის სასწავლო აქტივობებში. ამდენად მათ პროდუქციას გარანტირებულად მოჰყვება ინსტრუქცია მასალების სწორად გამოყენების შესახებ, რაც ასევე ამცირებს ძვირადღირებული შეცდომების რისკს.
დასასრულს
ამ რვა წელიწადში პოლიპრომმა შექმნა ნდობისა და საიმედოობის მაგალითი. ხარისხისადმი ერთგულების, ცოდნის გაზიარებისა და კლიენტების მხარდაჭერის მუდმივი მზაობის წყალობით, კომპანიამ არა მხოლოდ დამკვიდრებული სტერეოტიპები შეცვალა, არამედ საგრძნობლად აამაღლა სტანდარტი. ასე რომ, თუ ახლო მომავალში ზემოთ ჩამოთვლილი დამხმარე საშუალებები დაგჭირდებათ, შეგიძლიათ, წინასწარვე მიიღოთ გადაწყვეტილება, რომელსაც არ ინანებთ.
[პარტნიორის კონტენტი]