in ,

Pom Pom – მხიარული სახელი სტარტაპისთვის, მხიარული დეკორაცია წვეულებისთვის

Startauperi
Startauperi
ნუცა ქირია
ნუცა ქირია

Pom Pom ახალი სტარტაპია, რომელიც თქვენთვის წვეულებებისა და სხვადასხვა ღონისძიების მორთვაზე იზრუნებს. ისინი ორიგინალური დეკორაციებით გაგიფორმებენ  ფოტოსესიას, დაბადების დღესა თუ ქორწილს. როგორ გაჩნდა სტარტაპის შექმნის იდეა, ვინ არიან ორგანიზატორები და რა სერვისებს სთავაზობენ მომხმრებელს, ამის შესახებ Pom-Pom-ის იდეის ავტორმა და დირექტორმა, ნუცა ქირიამ ისაუბრა მარკეტერთან.

M: მოგვიყევით, როგორ გადაწყვიტეთ ამ ბიზნესის დაწყება?

“პომ-პომის” დაარსება ჩემი ხელის მოწერის დღეს გადავწყვიტე. როდესაც ცერემონიისთვის დეკორაციები დამჭირდა და მოძიება დავიწყე, მივხვდი, რომ ძალიან მცირე არჩევანი იყო ბაზარზე. ის, რაც მე მომწონდა საერთოდ არ იყიდებოდა ადგილზე, ან არაადეკვატურად ძვირი ღირდა. ამიტომ, ინტერნეტში მოვიძიე მასალა და გადავწყვიტე, ჩემით მეცადა მათი დამზადება. ყველაფერი იმდენად ლამაზი გამოვიდა და დამსწრეთა ისეთი მოწონება დაიმსახურა, რომ მივხვდი, ეს იყო ის პროდუქტი, რომელიც თბილისს  ძალიან აკლდა და სჭირდებოდა.

pom pom

M: რა სირთულეებთან იყო დაკავშირებული ბიზნესის წამოწყება?

იდეის გაჩენიდან 1 წელზე მეტი დროის მანძილზე ვცდილობდი, ამ ყველაფრისთვის ოფიციალური სახე მიმეცა. პირველი ეტაპი იყო მასალების შერჩევა და ჩამოტანა, რადგან ადგილობრივ ბაზარზე  იმ მასალების მოძიება, რასაც ჩვენ ვიყენებთ, შეუძლებელია. პარალელურად, ვფიქრობდი კომპანიის სახელსა და ლოგოზე. ბევრი ფიქრის შემდეგ Pom-Pom გადავწყვიტე და ძალიან მიხარია, როცა კომპლიმენტს  მეუბნებიან სახელთან დაკავშირებით.

ყველაზე დიდი სირთულე დროის მენეჯმენტი იყო. სამსახურის პარალელურად მიჭირდა გამომენახა თავისუფალი დრო. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ მივხვდი, რომ ყველაფრის მარტო გაკეთებას ვერ შევძლებდი და მოვძებნე ადამიანი, რომელსაც ისევე მოეწონებოდა სამომავლო საქმიანობა, როგორც მე. ასე აღმოჩნდა „პომ-პომის“ გუნდის წევრი ჩემი მეგობარი ლიკა ლაბაძე.

M: ვინ არიან ორგანიზატორები?

ამ ეტაპზე, „პომ-პომის“ გუნდში ოფიციალურად ორნი ვართ: მე და ლიკა. თუმცა მეგობრები, კოლეგები და ოჯახის წევრებიც აქტიურად გვეხმარებიან. ლიკას  სამხატვრო აკადემია აქვს დამთავრებული და მოქმედი არქიტექტორია. „პომ-პომის“ შემოქმედებითი მხარე მას აბარია. მე კი გაყიდვებზე, ბრენდის იმიჯსა  და  მომხმარებელთან კომუნიკაციაზე ვზრუნავ. ამის მიუხედავად, ვცდილობთ, საქმე თანაბრად გადავინაწილოთ, რადგან პარალელურად ორივე ვმუშაობთ და „პომ-პომმა“ და სამსახურმა ერთმანეთს ხელი არ უნდა შეუშალონ.

pompom organizatorebi

M: რა მომსახურებას სთავაზობთ კლიენტებს?

მომხმარებელს ვთავაზობთ სხვადასხვა წვეულების გაფორმების სერვისს, იქნება ეს დაბადების დღე, საბავშვო ფოტოსესია, კორპორატიული წვეულება, თუ ქორწილი. ჩვენ შეკვეთებზე ვმუშაობთ და ექსკლუზიურ დეკორაციებს ვამზადებთ. მომხმარებელი ირჩევს სასურველ დეკორაციას და შემდეგ ვთანხმდებით  ფერებზე, მასალასა და სხვადასხვა დეტალზე.  ხშირად, ჩვენს რჩევებსაც ითვალისწინებენ და გვიხარია, რომ უკმაყოფილო ჯერ არავინ დარჩენილა.

M: ვინ არის თქვენი სამიზნე სეგმენტი?

ჩვენი სეგმენტი არის ყველა, ვისაც შეიძლება წვეულებისთვის დეკორაცია დასჭირდეს. ამ ეტაპზე, ძირითადად ახალგაზრდები გვიკავშირდებიან, რადგან  კომუნიკაცია Facebook-ითა და Instagram-ით გვაქვს. პარალელურად, ვმუშაობთ კორპორატიული გაყიდვის სტრატეგიაზე, ვამზადებთ შეთავაზებებს სარეკლამო და ივენთ კომპანიებისთვის.

pompom

M: რამდენად ხელმისაწვდომია თქვენი მომსახურება კლიენტებისთვის?

იქედან გამომდინარე, რომ სულ რაღაც 3 თვეა, რაც აქტიურად ვმუშაობთ, ფიქსირებული ფასები და პროდუქტები არ გვაქვს. ჩვენ ყოველდღიურად ვზრუნავთ მომხმარებლისთვის შესათავაზებელი პროდუქტის არჩევანის გაზრდისთვის. ფასი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მასალას ვიყენებთ და რა რაოდენობისა და მოცულობის დეკორაციას ვამზადებთ. ყოველთვის ვცდილობთ, „პომ-პომით“ დაინტერესებული მომხმარებელი უშეკვეთოდ არ წავიდეს და მათ მოთხოვნებს მაქსიმალურად ვარგებით ბიუჯეტს.

M: დაინტერესების შემთხვევაში, როგორ უნდა დაგიკავშირდნენ მსურველები?

გვაქვს გვერდი Facebook– სა და Instagram– ზე, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია მოგვწეროს.

pom pompompom pom-pom pom pom

Songkick Concerts by Songkick 

ყველაზე დიდი ნაძირალა, რომელიც კეთილი საქმის კეთების მაგალითად იქცა