in

ამერიკული Pomona-ს ორგანული ფხვნილების შეფუთვის დიზაინი – Kollektiv-ის ნამუშევარი

„პომონას“ ასორტიმენტის ერთ სისტემად შეკვრის გარდა, უნდა გაგვეთვალისწინებინა, რომ პროდუქცია მხოლოდ amazon.com-ზე გაიყიდებოდა“.

ჩვენ უკვე მოგიყევით, როგორ შექმნა სააგენტო Kollektiv-მა ამერიკული POMONA-ს ქვებრენდ PAWMONA-სთვის [Dog Treats] – შინაური ცხოველების მოვლისა და კვების კომპანიისთვის შეფუთვის დიზაინი. ამ შემთხვევაში კი, გვინდა, „პომონას“ ახალი წამოწყების – ორგანული საკვები დანამატის (ფხვნილების) ასორტიმენტის ახალ ვიზუალურ იდენტობასა და შეფუთვის დიზაინზე მოგიყვეთ.

იდეა და შესრულება კვლავ სააგენტო Kollektiv-ს ეკუთვნის:

ბუბა რადიანი, კრეატორი: “Pomona” ბრენდების იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც ერთ ადგილას არასდროს ჩერდებიან. პირიქით, ისინი მუდმივ განვითარებაზე, სიახლეზე, ხარისხსა და ახალი ტერიტორიების ათვისებაზე არიან ორიენტირებულები, ამაში აუცილებლად დარწმუნდებით, თუ მათ მრავალფეროვანი პროდუქციისა და ქვებრენდების ჩამონათვალს ნახავთ.

გიორგი კალმახელიძე, არტ დირექტორი: ორგანული საკვები დანამატები, ძირითადად, ჯანმრთელობის გაძლიერებისთვის გამოიყენება და მათი მიღების გზა სხვადასხვაგვარია. „პომონას“ ასორტიმენტში ხუთი ასეთი სახის პროდუქტი შედის, ესენია: ბროწეული, ბალი, ჭარხალი, ტურმერიკი და აშვაგანდა. თითოეული პროდუქტი ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებულია და მათ სხვადასხვა სახის სასარგებლო თვისებები გააჩნიათ. აქედან გამომდინარე, ჩვენი ამოცანა ამ მრავალფეროვანი ასორტიმენტის ერთ სისტემად შეკვრა იყო, თუმცა არცერთ მათგანს არ უნდა დაეკარგა თავისი შინაარსი და იდენტობა. ამ ყველაფერთან ერთად ისიც უნდა გაგვეთვალისწინებინა, რომ პროდუქცია მხოლოდ amazon.com-ზე გაიყიდებოდა.

პროდუქტით გადატვირთულ amazon.com-ზე შენი ნაწარმის წარდგენისთვის  საკმაოდ ცოტა დრო გაქვს. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ ისეთი ვიზუალური სტილისტიკისა და დიზაინის შექმნა, რომელიც ძალიან მოკლე დროში შეძლებდა თავის წარმოჩენასა და მომხმარებლზე შთაბეჭდილების მოხდენას.

ბუბა რადიანი: სწორედ ამ გათვლითა და შემართებით დავიწყეთ კონცეფციაზე მუშაობა. მოცემულობისა და შემადგენელი ინფორმაციის რაოდენობიდან გამომდინარე, შევთანხმდით, რომ კომპოზიცია სამ შრედ დაგვეყო. ეს საშუალებას მოგვცემდა, გამოსახულების ცენტრალური ადგილი ილუსტრაციას დათმობოდა. რაც შეეხება ილუსტრაციას, გადავწყვიტეთ, რომ იგი მარტივი სტილისტიკისა ყოფილიყო, რომელიც პირდაპირ გადმოცემდა პროდუქტის შემცველობასა და მის ნატურალურობას (ორგანულობას).
იგი გავამდიდრეთ მკვეთრი ფერთა გამით, რომელიც სისტემური მიდგომით შევქმენით/შევარჩიეთ — თითოეული პროდუქტი იმეორებს მისი წინამორბედის ერთ-ერთ ფერს ან ფერთა ტონს, რაც პროდუქტებს შორის ბმას აჩენს. მოქმედ გმირთა გუნდს Playful ტიპოგრაფია დავამატეთ, რომელიც საერთო სტილთან თანხვედრაში მოვიდა და რამაც საბოლოო კომპოზიცია შეკრა.

გიორგი კალმახელიძე: საბოლოო ჯამში, შევქმენით დიზაინი, რომელიც თავისი მარტივი ვიზუალური მიდგომითა და მკვეთრი ფერებით გამორჩეულია და მაშინვე იპყრობს მომხმარებლის ყურადღებას. იგი საკმაოდ დიდი პოპულარულობით სარგებლობს amazon-ის მომხმარებლებში და გაყიდვების თვალსაზრისით, Pomona’s პროდუქტებს შორის ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია.

ნახეთ: Audi X Travel Companion – ამფიბიური მანქანა, ხმელეთისა და წყლის თავგადასავლებისთვის

როგორ წავიკითხოთ უფრო მეტი წიგნი ამ წელს?