in

ხაშმის საფერავი ურწყავი ვენახებიდან – გაიცანით „პონგინოს ღვინო”

ქალ მეღვინეთა მარშრუტის კვალდაკვალ, თქვენ იმოგზაურებთ იმ მარნებში, სადაც ქალებმა საკუთარი მეურნეობები მოაწყვეს. ისინი ვიზიტორებს იმ ტრადიციებსა და კულტურულ ფასეულობებზე უამბობენ, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში მათ რეგიონში ქართული სტუმარმასპინძლობის ისტორიას წერდა.

ქალ მეღვინეებს ღვინის ინდუსტრიაში ღირსეული ადგილი უჭირავთ. გავრცელებული სტერეოტიპების საპირისპიროდ, ისინი წარმატებული და ძლიერი მეურნეები არიან. უმრავლესობა ახალ პროფესიას დაეუფლა,  თავად გახსნა საკუთარი ღვინის საწარმო, ვენახს უვლის და დარგის სპეციალისტებთან ერთად ღვინის წარმოების პროცესს ასრულებს. დღეს, მეღვინე ქალები სამაგალითო მეწარმეები არიან და წარმატებით ოპერირებენ ქართულ და მსოფლიო ბაზარზე.

ქალ მეღვინეთა მარშრუტის მომდევნო პუნქტი, გულნარა რომანიძის „პონგინოს ღვინო“, თბილისიდან 26 კილომეტრში, სოფელ ხაშმში მდებარეობს. სულხან-საბას განმარტებით, „პონგინო“ სადაფის ქვას ნიშნავს და მას გულნარას ოჯახში სიყვარულის თილისმად მიიჩნევენ.

„პონგინოს ღვინის“ ისტორია 2017 წლიდან იწყება. სოფელი ხაშმი ქართული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინით (ხაშმის საფერავი) არის ცნობილი. შესაბამისად, გულნარას ოჯახში პირველი ღვინო სწორედ ხაშმის საფერავი გახლდათ. მარანში ღვინო მხოლოდ საკუთარი, ურწყავი ვენახებიდან იწურება, რაც პროდუქტის ხარისხზეც დადებითად აისახება.

სტუმრების მზარდმა ინტერესმა მასპინძელს ღვინის ასორტიმენტისა და მარნის გაფართოებისკენ უბიძგა. აქ ტრადიციულ კერძებს დააგემოვნებთ და საინტერესო მასტერკლასებს გამოცდით.

გულნარა წარმოშობით ქობულეთიდანაა, ამიტომ, კახურის გარდა, აჭარისთვის დამახასიათებელი კერძების მომზადებასაც შეგასწავლით. აქ  გატარებული დრო ტკბილეულითაც დაგამახსოვრდებათ. დესერტად ქართული გრეიპფრუტის კანის მურაბას და ციტრუსის ლიქიორს მიირთმევთ.

„პონგინოს ღვინის“ ვერანდიდან უჯარმის ხედი იშლება. ზაფხულის ცხელ დღეებში ეზოში, ივრის წყლის გამდინარე საცურაო არხში გაგრილდებით. თუ წვეულებებისა და ქორწილის მოწყობა გსურთ, „პონგინოს ღვინის“ მარანი მზადაა, გიმასპინძლოთ. დაუვიწყარი ემოციებით აგავსებთ ქართული ფოლკლორის მოსმენა ეროვნულ სამოსში გამოწყობილი გუნდის შესრულებით.

თუ კარვებით მოგზაურობთ, „პონგინოს ღვინის“ სივრცეში დარჩენასაც შეძლებთ.

„პონგინოს ღვინის“  სიახლოვეს ბევრ ისტორიულ ადგილს მოინახულებთ. მათ შორისაა VI-VII საუკუნის ტაძრები, უჯარმის ციხე, ჩოლოყაშვილების სახლ-მუზეუმი, 40-ქვევრიანი უნიკალური მარნით და სხვა. აქედან ახლოს არის სიღნაღისა და დავით გარეჯისკენ მიმავალი გზებიც.

„პონგინოს ღვინოში“ სტუმრობისთვის აუცილებელია წინასწარ დაჯავშნა.

[R]

როგორ უთხრათ ხელმძღვანელს, რომ სამსახურიდან წასვლაზე ფიქრობთ

თიბისის განცხადება საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით