in

დროებითი მაღაზია (Pop-Up Store) ანუ ალეე, ჰოპ!

წარმოიდგინეთ, მისეირნობთ რუსთაველის გამზირზე ან სადმე და თქვენ ყურადღებას იქცევს კრეატიული დიზაინის, ბევრი საინტერესო ნივთით დაკომპლექტებული მაღაზია, რომელიც თითქოს არსაიდან გაჩნდა იქ. რამდენიმე დღეში ბრუნდებით უკან და მაღაზიას ვეღარ პოულობთ. დიდ საგონებელში ვარდებით. რა მოხდა? ეს ყოველივე თქვენი მდიდარი ფანტაზიის ნაყოფი იყო თუ მისამართი შეგეშალათ? თავს ნუ დაიტანჯავთ, ცხოვრება კვლავ მშვენიერია, არაფერი მოგჩვენებიათ, უბრალოდ, თქვენ დროებით მაღაზიას (Pop-Up Store) წააწყდით.

 

დროებითი სივრცის (დროებითი მაღაზიის, დროებითი კაფეს და ა.შ) კონცეფცია მსოფლიოში მკვიდრდება, როგორც ეფექტური მარკეტინგული სტრატეგია. Pop-Up არის მაღაზია, კაფე, რესტორანი ან მაღაზიათა ერთობლიობა რომელიც იხსენება უცებ, დროებით და რომლის მიზანია მომხმარებელზე გრძელვადიანი შთაბეჭდილების მოხდენა, ცნობადობის გაზრდა, ახალი პროდუქტის წარდგენა და რაც მთავარია, შემოსავლის გაზრდა.

მნიშვნელობა არ აქვს თქვენი კომპანია ახლა იდგამს ფეხს, თუ უკვე „ზრდასრული“ და წარმატებულია, დროებითი სივრცის იდეა ორივე მათგანისათვის სარგებლის მომტანი შეიძლება იყოს.

დროებითი სივრცე ძალიან კარგი შესაძლებლობაა გააცნოთ თავი საზოგადოებას, წარადგინოთ და დატესტოთ ახალი პროდუქტი, უშუალოდ ეკონტაქტოთ პოტენციურ თუ ერთგულ მომხმარებელს, მათში ნდობა/კეთილგანწყობა მოიპოვოთ და რაც მთავარია, მიიღოთ შემოსავალი. მაგალითად:

2016 წელს Adidas-მა სპორტული ფეხსაცმლის ახალი ხაზის NMD-ის საზოგადოებისათვის წარდგენის მიზნით, ექვსი დღე-ღამით, მოაწყო ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური დროებითი სივრცე. ამ პერიოდის განმავლობაში მომხმარებლისთვის უკრავდა DJ, ეწყობოდა წარმოდგენები, ფილმის ჩვენებები და სხვა გასართობი ღონისძიებები.

ფოტო TheDrum
ფოტო TheDrum

თუ პროდუქციას ყიდით ონლაინ პლატფორმის მეშვეობით, სადაც, ცხადია, მომხმარებელს, პროდუქტის ყიდვისას, არ აქვს მის მიერ შერჩეული ნივთის ფიზიკურად დათვალიერების შესაძლებლობა, დროებითი სივრცე კარგი შესაძლებლობაა მომხმარებელთან უშუალო კონტაქტი გქონდეთ. მაგალითად, ebay-სათვის დროებითი სივრცეების მოწყობა, განსაკუთრებით, სადღესასწაულო დღეებში, უკვე ტრადიციად იქცა.

ფოტო: retail-week

დროებითი სივრცე/მაღაზია/კაფე, თავისთავად გულისხმობს, რომ იგი შეზღუდული დროით იარსებებს, შესაბამისად, მომხმარებელს ყოველთვის არ ექნება თქვენთან მოსვლისა და ექსკლუზიური პროდუქტის შეძენის შესაძლებლობა. ეს კი, ერთგვარ ფსიქოლოგიურ წნეხს ქმნის, რომელიც აიძულებს მომხმარებელს რაც შეიძლება სწრაფად შეიძინოს პროდუქტი.

Daft Punk-ის ცხრადღიანი მაღაზია ლოს ანჯელესში.

ფოტო: Daft Punk-ის FB გვერდი
ფოტო: imgur

დროებითი სივრცეები ძალიან ეფექტურად გამოიყენება სოციალური თუ სხვა ტიპის კამპანიებისთვისაც.

Solve, ამერიკული კრეატიული სააგენტოა, რომელსაც დიდი სურვილი ჰქონდა სტაჟიორთა შესარჩევი პროცესი რაც შეიძლება საინტერესოდ წარემართა და ამით, საუკეთესო მონაცემების მქონე სტუდენტები მიეზიდა. როგორც ფოტოზე ხედავთ, მათ ღია ცის ქვეშ, კოლეჯებთან/უნივერსიტეტებთან ახლოს, შექმნეს საკუთარი ოფისის მცირე ვერსია. დაინტერესებულ სტუდენტებს აძლევდნენ ხუთ წუთიან დავალებას, წარმატებულ კანდიდატებთან გასაუბრება კი, იქვე ხდებოდა. კომპანიამ მიზანს მიაღწია. პროგრამით დაინტერესებულ სტუდენტთა რაოდენობა სამჯერ გაიზარდა და იმედი ვიქონიოთ, შერჩეულმა სტაჟიორმაც ისახელა თავი.

ფოტო: bloghubspot
ფოტო: adweek

დროებითი მაღაზიის საინტერესოდ მოწყობა შესაძლებელია შეზღუდული ბიუჯეტის პირობებშიც, მაგალითად ისე, როგორც ეს გააკეთა ავსტრალიურმა კომპანიამ – Ansdorf. მათ არც აციეს, არც აცხელეს და თავიანთი დროებითი მაღაზია 154 ცალი ქალის კოლჰოტით მორთეს. შედეგი თავად შეაფასეთ.

ფოტოები: bloghubspot

სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ დროებითი მაღაზიის კონცეფციის წინაპარია სადღესასწაულო დღეებსა თუ შაბათ-კვირას გამართული ბაზრობები. გარდა ამისა, ჩვენთან, კომპანიები, დროებით სივრცეებად წარმატებით იყენებენ სავაჭრო ცენტრებს. თუმცა, ჩემი მოკრძალებული აზრით, ამ ყოველივეს აკლია დიდი დოზით კრეატივი და სიმყუდროვე, რომელიც დროებითი მაღაზიისა თუ დროებითი კაფეს მთავარი დამახასიათებელი ნიშანია.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, თუ დროებითი სივრცის მოწყობას განიზრახავთ, მთავარია გქონდეთ ხარისხიანი/უსაფრთხო პროდუქცია, შეარჩიოთ საინტერესო ადგილი და ხელსაყრელი დრო, რაც მთავარია, სივრცის მოწყობისას არ შეგეშინდეთ გამოიყენოთ კრეატივი უხვი ოდენობით და სისრულეში მოიყვანოთ, ერთი შეხედვით, ყველაზე გიჟური იდეები. ალბათობის მაღალი ხარისხით, წარმატებაც არ დააყოვნებს.

მე, კი, მოუთმენლად დაველოდები იმ დღეს, როდესაც რუსთაველის გამზირზე ან სადმე მოსეირნე, წავაწყდები ძალიან კრეატიულ და საინტერესო პროდუქტებით აღჭურვილ დროებით სივრცეს.

ავტორი: ზინაიდა ჩხაიძე



ტკბილი 90-იანებით შთაგონებული ბერძნული კუთხე საქართველოში – Greek Point

სოფლის ამბები ვიდეოდღიურებად – „სახლი მადათოვზე“ რეცეპტების მოძიებას აგრძელებს