in

“დაჯავშნე შეხვედრა” – გიორგი პოპიაშვილი ერთი დღის განმავლობაში თქვენ განკარგულებაშია

გიორგი პოპიაშვილი

არტ დირექტორი, დიზაინერი და რეჟისორი – გიორგი პოპიაშვილი სარეკლამო ინდუსტრიაში 15 წელია ფუსფუსებს. მის ანგარიშზე უამრავი კრეატიული კამპანია, სხვადასხვა სააგენტოებთან (BBDO, Saatchi & Saatchi, JWT Metro…) თანამშრომლობა და არაერთი კრეატიული ჯილდოა, მათ შორის, კანის ორი ვერცხლის ლომი. ამჯერად, მან საკუთარ ვებგვერდზე, განახლებული პორტფოლიოს პარალელურად, ექსპერიმენტული პროექტი წამოიწყო:

“მხოლოდ გაჯეტი რომ ვიყო, მყარი დისკი, მაშინაც კი სასარგებლო ვიქნებოდი, ერთი დღით, ინფორმაციის მისაღებად. მე კი, საბედნიეროდ, გაჯეტი არ ვარ, არამედ, ცოცხალი ადამიანი ცოცხალი ტვინით, რომელიც ფიქრობს, აღიქვამს ინფორმაციას და დასკვნებიც გამოაქვს.

ასე რომ, არ აქვს მნიშვნელობა, სტარტაპი ხართ, შემდგარი ბიზნესი, სააგენტო, დიზაინ სტუდია თუ მეღვინეობა, დაჯავშნეთ შეხვედრა და დაგითმობთ ერთ დღეს ბრეინშტორმინგისთვის, უკუკავშირისთვის ან უბრალოდ, სასაუბროდ. თუ ეს წინასწარ მომზადებას არ მოითხოვს, ერთი დღის განმავლობაში, თქვენ განკარგულებაში ვარ,” – ამ ტექსტს პოპიაშვილის ვებგვერდზე ამოიკითხავთ.

გიორგი პოპიაშვილის თქმით, დღეს, ის მზადაა, საინტერესო ფორმატში, საკუთარი გამოცდილება მათ გაუზიაროს, ვისაც ეს აინტერესებს ან სჭირდება:

“ამდენი წლის მუშაობის შემდეგ, გინდა-არგინდა, ერთ წრეში იკეტები, ნაცნობ გზებს მიყვები და შენც, უფრო ხშირად ნაცნობებს ახსენდები. ვიფიქრე, ისეთი რამ მომეფიქრებინა, რაც საშუალებას მომცემდა ახალ ხალხთან, იდეასა თუ ინიციატივასთან მქონოდა შეხება და მეც შევძლებდი რამე სასარგებლო გამეცა სანაცვლოდ. 15 წელზე მეტია, მივედ-მოვედები დიზაინის, ბრენდინგის, ზოგადად, საკომუნიკაციო კრეატივის სფეროებს. უკვე ოთხი წელია ვარ დამოუკიდებელი ფრილანსერი, შესაბამისად, არ წარმოვადგენ არცერთ კერძო, თუ (ღმერთმა დამიფაროს) პოლიტიკურ მხარეს. მაქვს, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ მუშაობის, სწავლის თუ სწავლების გამოცდილება. აქედან გამომდინარე, ვიფიქრე, ყველაზე მარტივი და სასარგებლო ფორმატი, ერთდღიანი ფიზიკური თუ ვირტუალური შეხვედრა იქნებოდა. სადაც თავისუფალ ფორმატში, მზად ვარ ჩემი გამოცდილება, ცოდნა და უნარები მოვახმარო მას, ვისაც ეს აინტერესებს და სჭირდება. ეს შეიძლება იყოს ბრეინშტორმინგში მონაწილეობა, უკვე შექმნილ პროდუქტზე აზრის მოსმენა, თანამშრომლებთან საუბარი თუ ნებისმიერი რამ, რაც ერთ სამუშაო დღეში არის გაკეთებადი და არ მოითხოვს ჩემგან წინასწარ მომზადებას.

არ ვიცი, ამისგან რა გამოვა, ეს ჩემთვისაც ექსპერიმენტია, ყველაფერი რომ მხოლოდ კარგი ნაცნობობით დამთავრდეს, ჩემთვის ესეც შედეგია.”

ტოკიოს “სუმიდას” აკვარიუმი ხალხს გველთევზებთან ვიდეოზარით სასაუბროდ იწვევს

გაეცანით ბუკინგემის სასახლის ინტერიერს HomeAdvisor-ის თანამედროვე გეგმებით