in ,

“პოპინსების სახლი“ – ფოტოსტუდია ჩვილი ბავშვებისთვის

Startauperi
Startauperi
დავით ჩაჩანიძე
დავით ჩაჩანიძე

„პოპინსების სახლი“ – ასე ჰქვია ჩვილ ბავშვთა ფოტოსტუდიას, სადაც ჩვენთვის ნაცნობი ძიძის, მერი პოპინსის ფუნქციას მზრუნველი და ყურადღებიანი პერსონალი, პროფესიონალური მიდგომა და სასიამოვნო გარემო ასრულებს. მათი მუშაობა ჩვეულებრივი ფოტოსტუდიისგან განსხვავდება, რადგან აქ მთავარი ბავშვის კომფორტია და სტუდიაში ჯერ არცერთ მათგანს არ უტირია. „პოპინსების სახლის“ შექმნის, ბიზნესის დაწყების, მუშაობის სპეციფიკისა და სამომავლო გეგმების შესახებ, ფოტოსტუდიის დამფუძნებლის, დავით ჩაჩანიძისგან შეიტყობთ.

M: როგორ გაჩნდა Popins’ Home-ის შექმნის იდეა?

პოპინსების სახლის დაარსების იდეა ლონდონში გაჩნდა, როდესაც თვალს ვადევნებდი ჩემი მეგობრის საქმიანობას. ის ახალშობილთა სტუდიაში დეკორატორად მუშაობდა და მეც აქტიურად ვიყავი ჩართული მის საქმიანობაში. ჩვილ ბავშვთა ფოტოგრაფია რადიკალურად განსხვავდება ზოგადი ფოტოგრაფიისგან. აქ მთავარი ახალშობილისთვის კომფორტული ზონის შექმნაა იმ დეკორით, მუსიკითა და აქსესუარებით, რასაც ჩვენს სტუდიაში ვახვედრებთ. მთელი ეს ხელოვნება, რასაც ბავშვთა ფოტოგრაფია ჰქვია, ბრიტანეთში კარგად შევისწავლეთ და გადავწყვიტეთ, მსგავსი სტუდია ქართველი მშობლებისთვისაც შეგვეთავაზებინა.

popins' home

 

M: როდის გაიხსნა სტუდია და რამდენად დიდია მოთხოვნა თქვენი სერვისის მიმართ?

სტუდია ერთი თვის წინ გაიხსნა და ოქტომბრის თვე უკვე სრულად დაჯავშნილია. მოთხოვნა რომ იქნებოდა ბაზარზე ვხვდებოდით, თუმცა, შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. გვწერენ დედები, რომლებსაც პატარა ჯერ არ გაუჩენიათ და იკავებენ რიგს. ათასგვარ საზრუნავთან ერთად, ფიქრობენ და გეგმავენ ფოტოსესიასაც, ეს, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა.

M: რა სირთულეები გხვდებათ მუშაობის დროს?

სირთულეებს რაც შეეხება, გვიწევს ზოგიერთი მომხმარებლის დარწმუნება ჩვენს პროფესიონალიზმში, ტექნიკის, კამერებისა და განათების უსაფრთხოებაში, რომ გარემო, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ აბსოლუტურად უვნებელია მათი პატარასათვის, გამოსხივებისა და სანიტარული თვალსაზრისით.

popins' home

M: რა განსაკუთრებულ მომსახურეობას სთავაზობთ თქვენს კლიენტებს?

“პოპინსების სახლს” რამდენიმე სახასიათო, განსაკუთრებული ნიშანი აქვს: ერთი მხრივ, ეს არის დეკორი და აქსესუარები, რომელიც შექმნილია სპეციალურად პოპინსებისთვის, ან ჩამოტანილია ბრიტანეთიდან. მეორე მხრივ კი, კადრების პროფესიონალიზმი. ფოტოგრაფმა, რომელიც პოპინსების სახლის მთავარი მასპინძელია, გაიარა ონლაინ კურსების კრებული, creativelive, უშუალოდ საბავშვო ფოტოგრაფიის თემის სპეციალიზაციით. ჩვენმა მომსახურე პერსონალმა იცის, როგორ აიყვანოს ბავშვი, როგორ დააწვინოს, როგორ შექმნას კამერის ობიექტივისთვის ბავშვის საინტერესო მდგომარეობა. გაგიკვირდებათ და ჩვენთან პატარები არ ტირიან, ვინაიდან “პოპინსების სახლის” ძიძები მათი დამშვიდების საუკეთესო ტექნიკას ფლობენ.

გარდა ფოტოგადაღებისა, უმნიშვნელოვანესი ნაწილი ფოტოების გრაფიკულ დამუშავებას ეხება. ამ მხრივ კი, ნამდვილად გაგვიმართლა რადგან გუნდში ერთ-ერთი წამყვანი გრაფიკული დიზაინერი გვაყვს.

popins' home

M: რაც შეეხება „პოპინსის სახლის“ გუნდს…

მე კერძო სექტორში ვმუშაობ და მცირე ბიზნესის მიმართულებითაც ვარ დაკავებული. თუმცა ვფიქრობ, “პოპინსების სახლი” ჩემი საყვარელი სამსახური გახდება. გუნდს რაც შეეხება, შედგება ძიძების, ფოტოგრაფების, მასაჟისტის, დეკორატორისა და გრაფიკული დიზაინერისგან.

M: როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ჩვენი მიზანია, “პოპინსების სახლის” მაგალითზე შევქმნათ უმაღლესი მომსახურება ამ სფეროში. გვინდა, რომ ყველა ფოტო, თუ ბავშვის თითოეული სცენა, იყოს ერთმანეთისგან განსხვავებული და საინტერესო, მუდმივად განვავითაროთ ჩვენი სტუდია ახალი ინვენტარით და წამყვანი პოზიცია დავიკავოთ ბაზარზე.

popins' homepopins' home popins' home popins' homepopins' homepopins' homepopins' home

თორნიკე გურული – #პირველისამსახური

მანქანის დაზღვევის პლიუსები Budget Direct-ის სახალისო რეკლამაში