“გარემოს დაბინძურების აღმოსაფხვრელად, კიდევ სხვა რაღაცის მოფიქრებაც შეგვეძლო და ალვის ხის უკეთ შესწავლა დავიწყე…”
დღევანდელი დანიშნულების წერტილია აბაშის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარანი. უკვე მეხუთე წელია, რაც დანიელი იასპერ იორგენსენი აქ ალვის ხეების სანერგეს აშენებს. ამ დროისთვის, მას უკვე 167 ჰექტარზე აქვს დარგული ალვის ხის ნერგები. მარანში ჩვენი მასპინძელი გარემოსდაცვითი ორგანიზაციაა. CENN, ოთხი რეგიონის მასშტაბით (კახეთი, მცხეთა–მთიანეთი, სამეგრელო, აჭარა) ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის / Austrian Development Cooperation (ADC) ფინანსური მხარდაჭერით, სოფლად ენერგო–გადაწყვეტილებების შესწავლას, ბიზნეს–იდეების განვითარებას და ამ გზით, ტყეზე არსებული ენერგეტიკული ზეწოლის შემცირებას ცდილობს.
საქართველოში ალვის ხეებზე, ბევრმა მხოლოდ ორი რამ ვიცით: 1. საკმაოდ მაღალი იზრდება, რის გამოც მას ხშირად შესადარებლად იყენებენ, 2. ერთ ზოლზე ჩამწკრივებულ ალვის ხეებს ქარსაფარისთვის აშენებდნენ, გაშლილ ადგილებში. თუმცა, იასპერ იორგენსენის სანერგესა და პლანტაციებში აღმოჩენილებმა ეს კულტურა სრულიად გადავაფასეთ. როგორც აღმოჩნდა, გარდა სიმაღლისა, ალვის ხეს სხვა საინტერესო მახასიათებელიც აქვს – ის შეგიძლია გადაჭრა ძირამდე და მშვიდად დაელოდო, მის ნაცვლად, ახალი ხის ამოსვლას. გადაჭრილ ადგილას, მალევე იზრდება ახალი ტოტები, რომლებისგანაც ახალ ნერგებს ამზადებენ და სხვა მიწებზე რგავენ. ამას გარდა, იასპერ იორგენსენმა ალვის ხეებში, ერთი მხრივ, ნიადაგის ტოქსინებისაგან გაწმენდის, მეორე მხრივ კი, თავად ალვის ხეების საწვავ/საშენი ნედლეულისა და ბიომასის წარმოქმნის შესაძლებლობა დაინახა. ამ კულტურის მოსაშენებლად კი, იდეალურ ადგილად კოლხეთის დაბლობი მიიჩნია, სადაც უხვი ნალექია და ნიადაგი ნერგს ზრდაში, მორწყვის გარეშე უწყობს ხელს. რატომ არის ეს საქმე მნიშვნელოვანი საქართველოსთვის? ამ და სხვა საკითხებზე იასპერ იორგენსენი გვპასუხობს.
M: გვიამბეთ, როგორ მიაგენით ალვის ხეს, როგორც ნიადაგის გასუფთავების საშუალებას?
პირველი გამოცდილება 2013 შევიძინეთ, ჩეხეთის რესპუბლიკაში. ჩვენი ამოცანა იყო, ქვანახშირის მაღაროსგან გამოწვეულ ნიადაგის დაბინძურებას გავმკლავებოდით. შემდეგ, ალვის ხეებზე გავეცანით ინფორმაციას. საქმე ისაა, რომ მაღაროსგან წარმოქმნილი ნაწილაკები, რომლებიც ნიადაგს აბინძურებს, წყალს ერევა, ალვის ხე კი, ბევრ წყალს მოიხმარს და ბუნებრივი ცირკულაციის საშუალებით წყლის გასუფთავებას უწყობს ხელს. დავიწყეთ ალვის ხეების მოშენება იმ ადგილებში, სადაც ადრე ქვანახშირის მაღაროები იყო.
78 ჰექტარი ალვის ხე გავაშენეთ და საკმაოდ კარგი შედეგი მივიღეთ. შემდეგ, ვიფიქრე, რომ გარემოს დაბინძურების აღმოსაფხვრელად, კიდევ სხვა რაღაცის მოფიქრებაც შეგვეძლო და ალვის ხის უკეთ შესწავლა დავიწყე. ამას გარდა, ვეძებდი ადგილსაც, სადაც დიდი სანერგის გაკეთებას შევძლებდი.
M: რამ გადაგაწყვეტინათ პლანტაციების სწორედ საქართველოში გაშენება?
რაკი, დასავლეთ ევროპაში სანერგეები უკვე არის, უფრო მეტად, აღმოსავლეთით ვცდილობდი შესაბამისი ადგილმდებარეობის შერჩევას – ბულგარეთში, რუმინეთი… შემდეგ, დავაკვირდი, რომ ატლანტის ოკეანიდან წყალი, იტალიის, ბულგარეთისა და რუმინეთის გაყოლებაზე, შავ ზღვაში შემოედინება, სადაც აკუმულირდება და უკან ცირკულაცია უჭირს, ტენიანობას ხელს უწყობს ლიხის ქედიც, რომელიც ჰაერის მასებს აბრკოლებს და აღმოსავლეთით წასვლის საშუალებას უსპობს. ამ ყველაფერს ემატება ნალექის რაოდენობაც და საერთო ჯამში, ვიღებთ საკმაოდ ტენიან ნიადაგს და მთლიანობაში, სუბტროპიკულ მხარეს. ვიპოვე ქართველები, რომლებთან ერთადაც ამ საქმეს შევუდგებოდი და ერთად დავიწყეთ. ეს იყო 2015 წელს.
ბოლო 5 წელია, აქ, ამ საქმით ვარ დაკავებული, უკვე 4.5 მლნ ევროზე მეტი ჩავდე იმ ყველაფერში, რაც დღეს იხილეთ. საკმაოდ დიდი სამუშაო ჩავატარეთ. ძალიან ბევრი სარეველა იყო და რაკი, ხშირად არ იწმინდება, ეს ამცირებს სამეურნეოდ ვარგის მიწის ფართობს. თანაც, სარეველას რეგულარულად უნდა გაწმენდა, სამწუხაროდ, ის საკმაოდ სწრაფად იზრდება და ალვის ხეებს ერთგვარ კონკურენციას უწევს. ეს კი, საკმაოდ ხარჯიანია – ერთი ჰექტრის გაწმენდა 500-700 ევრო ჯდება.
M: რამდენად აქტიურად გამოიყენება ალვის ხე – რისი წარმოებაა მისგან შესაძლებელი?
ალვის ხეს საკმაოდ აქტიურად იყენებს საქართველო, ჯერ კიდევ, იმ დროიდან, როდესაც რუსეთის ძალაუფლების ქვეშ იყო. ის გამოიყენებოდა ავეჯის წარმოებაში, ქარსაცავების შესაქმნელად. ხოლო ის ჰიბრიდული ჯიში, რომელსაც მე ვიყენებ, სპეციალურადაა გამოყვანილი საქართველოს რეგიონისთვის. რასაკვირველია, ალვის ხისთვის, უბრალოდ, დარგვა არ არის საკმარისი. ჩვენ მათ აქტიურად ვუვლით. ამ შრომის შედეგად, ჩვენ გვაქვს 1 250 000 დედა ხე. “დედა ხეს” ვუწოდებ იმ ალვის ხეებს, რომლებსაც ყოველწლიურად ჩვენ ვჭრით ძირამდე და შემდეგ, ახალ ტოტებს ისხამს, რომლებისგანაც ახალ ნერგებს ვქმნით.
სამი თვის მანძილზე, ის, დაახლოებით, 1 მეტრით იზრდება. ამ წელს, მიზნად გვაქვს, 3.5 მილიონი ახალი ხის წარმოება. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ვიმუშავეთ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდთან ერთად, რომელსაც ძალიან მოეწონა ბიომასის წარმოების იდეა. ჩვენ ვიცით, რომ ქვანახშირი საქართველოშიც იწარმოება და მას გასათბობად იყენებენ და ისიც ვიცით, რომ მისი მიზეზით, სამწუხაროდ, ადამიანები იღუპებიან. ვფიქრობ, მთავრობა თანდათან გადაეწყობა იმ სტანდარტებზე, რაც ევროპაშია მიღებული. აქ ძალიან კარგი წყალია, მისგან ენერგიის მიღებაა შესაძლებელი, ცოტა ქარსაფარზეც შევისწავლე და ვფიქრობ, ყოველივე ეს, საქართველოს მომავალზე ძალიან დადებითად აისახება.
M: რამდენად მოგებიანია, როგორც ბიზნესი?
ეს საქმე დიდი მოგების სანახავად არ დამიწყია. უფრო იმისთვის, რომ მსოფლიოს გამწვანებასა და გასუფთავებაში დავეხმარო. ახლა ეს ცოტა რთულად ჩანს, რადგან დიდ ფინანსურ დანახარჯს საჭიროებს და შემოსავალი ნაკლები შემოაქვს. მაგრამ, როცა გავალთ მოგებაზე, რომ შეგვეძლება მიწის დამატებით შეძენა, ჰექტარზე 1500$-2000$, მისი გასუფთავებისა და გაშენების შემდეგ, მისმა ღირებულებამ 6000-7000$-ზე აიწია.
ამ საქმეში, ასევე, მნიშვნელოვანია, გაუფრთხილდე ინვესტიციას, რათა შემდეგ სხვა მიწის შეძენა შეძლო. სწორედ ამიტომ, მე დღეს საქართველოს მოქალაქე ვარ. ამ ხისგან არაერთი სახის პროდუქტი კეთდება. თუმცა, თუკი მკითხავთ, ყველაზე მოგებიანი რომელი მათგანია, გეტყვით – ნერგების შეძენა, გამრავლება და შემდეგ, მისგან პროდუქტის წარმოებაა. მოგეხსენებათ, ალვის ხე სწრაფად იზრდება, 5 წელიწადში, ის სიმწიფის ასაკს მიაღწევს და მფლობელი შეძლებს მისგან ისეთი პროდუქტი აწარმოოს, რასაც უფრო მაღალი საბაზრო ღირებულება ექნება – მაგალითად, მერქნის ფასი, 80-88 ევრომდე მერყეობს. თუკი, დაანაწევრებთ, ჩიფსების სახით, ფასი მესამედი იქნება. შეიძლება იფიქროთ, მერქანი რისთვის გამოიყენებაო, მაგრამ მაგალითად, ჩინეთში 4 200 000 ჰექტარზეა გაშენებული ალვის ხე, რადგან აქტიურად გამოიყენება როგორც ინდუსტრიული თვალსაზრისით, ასევე, ავეჯისა თუ ქაღალდის წარმოებაში. საქართველოში, ალვის ხეებს უფრო ქარსაცავის ფუნქციით იცნობენ, რადგან მაღალი იზრდება. ასე რომ, გააჩნია, ადამიანს რის გაკეთება უნდა. მე ვთვლი, რომ თუკი ადამიანი იყიდის ნერგს და მოამრავლებს, 5 წლის თავზე, მას ექნება 150-180 კილოგრამიანი ხე, რომელსაც, დაახლოებით 22 სმ ექნება დიამეტრი, სიმაღლით კი, 18 მეტრი იქნება. ხის 80% თავად ხის ტანია, 20% – ტოტები და ფოთლები, რაც ბიომასისთვის გამოიყენება.
M: სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით, რა მდგომარეობაა სს “მარანში”?
სანერგეში, ამ დროისთვის, 40 ადამიანია დასაქმებული, რომლებიც რეგულარულად არიან საჭირო – დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში ვჭრით ხეებს, მარტში, აპრილსა და მაისში – ვრგავთ, ივნისში, ივლისსა და აგვისტოში, სარეველას ვანადგურებთ. სამომავლოდ, უფრო მეტი ადამიანი დასაქმდება, სანერგე უკვე შევქმენით და თითო ჰექტარზე 65000 -67000 ნერგი დავრგეთ, მომდევნო ეტაპზე კი, პლანტაცია იქნება გასაკეთებელი, სადაც 16050 ხე დაირგვება ჰექტარზე. პლანტაცია განსხვავდება სანერგისგან, იქ ნერგებს შორის დისტანცია უფრო მეტია – 2 მეტრი ხეებს შორის და 2 მეტრი – რიგებს შორის. პლანტაციაში უფრო მეტი ტერიტორიაა საჭირო, ამიტომაც თუკი ვისაუბრებთ 1 200 000 ჰექტარზე, ყოველწლიურად 2 000 000 ხე უნდა დავრგოთ. ამდენად, 5 წელიწადში, 10 000 000 ხე უნდა დავრგოთ და მოვუაროთ. 1 200 000 ჰექტრის მოსავლელად, 200 ადამიანი დაგვჭირდება.
M: ვისაუბროთ, საქართველოსთვის რატომაა მნიშვნელოვანი ეს პროექტი?
სარგებელი საქართველოსთვის იმდენია, რომ ამის არ შემჩნევა შეუძლებელია. საქართველოს არ აქვს დიდი რაოდენობით ნავთობი, არც ბუნებრივი აირი – ამ ყველაფრის შეძენა უწევს აზერბაიჯანისგან, რუსეთისა და უკრაინისგან. რატომაც არ უნდა შეგვეძლოს, თავად ვაწარმოოთ ენერგია, აქ, საქართველოში? საინტერესოა ისიც, თუ როგორ ჩანს საქართველო ევროპიდან. ჩვენ ამ ულამაზეს ქვეყანას „პატარა მწვანე ქვეყანას“ ვეძახით და ვთვლით, რომ მისი უფრო დამშვენებაც შეგვიძლია. ამის რესურსი კი საკმარისად ბევრია. მაგალითად, მიწა ნაკლებადაა გამოყენებული. თუკი, ქვეყანას ამ მიწის გამოყენების ინტერესი არ აქვს, მე შემიძლია ევროპელები ჩავრთო მიწის შეძენისა და დამუშავების პროცესში. ამაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უკვე ვესაუბრე. ესაა დამატებითი ინვესტიცია ქვეყანაში.
M: რა სირთულეებს აწყდებით ამ საქმეში?
ამ დრომდე, ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც დაგვეხმარა, CENN-ია, ძალიან ბედნიერი ვარ მათთან ურთიერთობით. ამ მომენტში, ყველაზე დიდი გამოწვევა ფინანსებზე ხელმისაწვდომობაა. საქართველოში რთულია აიღო სესხი, თუკი არ გაქვს შემოსავალი, ამიტომ აქამდე უცხოური ორგანიზაციები მეხმარებოდნენ ამაში. ამ დრომდე, საკუთარი ფინანსების ინვესტირებას ვახდენდით, ახლა კი, გარედან მოზიდული ფინანსების საჭიროება დადგა.
M: სამომავლოდ, რა გეგმები გაქვთ?
როგორც მოგახსენეთ, მე საქართველოს მოქალაქე ვარ და ვაკეთებ ყველაფერს, რაც ჩემს ძალებშია, რომ აქაურობა უკეთეს ადგილად ვაქციო. ფაქტობრივად, პირველები ვართ ევროპაში, ვისაც ერთ პლანტაციაზე სამი ტიპის პროდუქტი აქვს. მომდევნო წელს, 50 ჰექტარზე სიმინდის გაშენება გვინდა, საცდელად. არ ვიცით, როგორ გამოვა, თუმცა, თუ არ სცადე, ვერ გაიგებ.
პროექტის პერსპექტივასა და მის მხარდაჭერაზე გარემოსდაცვითი ორგანიზაცია CENN პროექტის მენეჯერი ვახო ქოჩორაძე გვესაუბრა:
M: თქვენი შეფასებით, რა პოტენციალი აქვს ამ პროექტს?
სს “მარანის” პროექტი არის პერსპექტიული იმ კუთხით, რომ საქართველოში გვაქვს დიდი დეფიციტი შეშის მიწოდებასთან დაკავშირებით. რაც მიწოდებაც გვაქვს ჩვენ, იმას ძალიან აღემატება რეალური მოთხოვნა საქართველოს მოსახლების მხრიდან. რა თქმა უნდა, შემოდის გაზიფიკაციის მომენტი, მაგრამ გაზიფიკაციაც არ არის საკმარისი, არ არის ხარჯეფექტური, რომ მოხდეს დათბუნება, გათბობა სხვადასხვა სოფელში ოჯახებისა და სხვა დაწესებულების, შესაბამისად, არიან მეწარმეები, რომლებიც მუშაობენ ბრიკეტების კუთხით. ესაა ძალიან ეფექტური საშუალება, რათა მოხდეს საშეშე მასალის უფრო ეფექტურად გამოყენება. ამავდროულად, აქაცაა პრობლემა – იმის გამო, რომ შიდა ბაზარი არ არსებობს, შეიძლება პროდუქტი ძვირი დაჯდეს, ხოლო შეშა – გაცილებით იაფი. ზუსტად, აქ შემოდის აბაშის პროექტი, რომელსაც შეუძლია ძალიან დიდი რაოდენობით საშეშე მასალა მიაწოდოს მწარმოებელს, თუმცა თვითონაც აქვთ პოტენციალი, აწარმოოს ბრიკეტები და ამით ნელ-ნელა შეავსოს დეფიციტი, რაც არსებობს საქართველოში.
ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ სხვა სტრატეგიული მიზნები, რაც შეიძლება ჰქონდეს აბაშის პროექტს. ვგულისხმობ CO2 კრედიტების ბაზარს, “დამბინძურებელი კომპანია იხდის” პრინციპიდან გამომდინარე. განვითარებულ ინდუსტრიულ ქვეყანაში კომპანიებს აქვთ CO2-ის გამონაბოლქვის ლიმიტი. მათ შეუძლიათ ფული გადაიხადონ და შეიძინონ CO2-ის კრედიტები. ეს გულისხმობს, რომ კომპანიებს შეუძლიათ თავიანთი დაბინძურების დამატებითი მოცულობა გამოისყიდონ. ვფიქრობ, საქართველოს როლი იქნება, რომ ეს კრედიტები უფრო ინდუსტრიულ ქვეყნებს მიყიდოს.
სოფლად ენერგო–გადაწყვეტილებების მოძიება, მათი განვითარება და ამ მიმართულებით ბიზნეს–პროექტების წახალისება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ იყო, რომ ბიომასის წარმოება, ტყის არამერქნული პროდუქტებით კომერციულ სარგებლობასთან ერთად, მწვანე ეკონომიკის სკოლის / Green Economy School (GES)მთავარი კომპონენტი გახდა. სხვადასხვა უნივერსიტეტების და სახელმწიფო სააგენტოების მხარდაჭერით, შემუშავდა ბიზნეს–გეგმები და მომზადდა საფუძველი საჯარო–კერძო პარტნიორობისთვის. ბიზნეს გეგმები ეხმაურება უკვე არსებული მრეწველობის განვითარებას ან ახალი მეწარმეობის ჩამოყალიბებას. პროექტი მიზნად ისახავს რამოდენიმე ბიზნეს გეგმის რეალიზაციას უახლოეს მომავალში.
M: CENN როგორ უჭერს მხარს ამ პროექტს?
ჩვენ ამ მიმართულებით საკმაოდ აქტიურად ვმუშაობთ, რომ შევძლოთ შევიმუშაოთ ენერგოეფექტური გეგმები, რომლის საშუალებითაც შევძლებთ ენერგოდეფიციტის საკითხის გადაჭრას სხვადასხვა რეგიონში. ჩვენ ამ გადაწყვეტების საკმაოდ ბევრი შესაძლო ვარიანტი გვაქვს, მაგრა ერთ-ერთი საკმაოდ მაღალი პოტენციალის მქონეა აბაშის პროექტი. ჯერ დაზუსტებით ვერ ვიტყვით, როგორ დავეხმარებით აბაშის პროექტს სამომავლოდ, ეს უნდა აჩვენოს ტექნიკურ-ეკონომიკურმა შეფასებამ და რეგიონის ენერგეტიკულმა გეგმამ, რომლებსაც დღეს ჩვენ ვამუშავებთ. აბაშის პროექტს ჩვენ უკვე ვეხმარებით მარკეტინგსა და სხვადასხვა ინსტიტუციასთან ლობირებაში, ასევე, ხელს ვუწყობთ მომხმარებლის მოზიდვაში საქართველოში, რათა თავისი ბიზნეს პოტენციალი გააძლიერონ.
პროექტისა და მისი მხარდაჭერის მნიშვნელობა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ნათია იორდანიშვილმა შეაფასა.
“მერქნულ ნაწილში, ყველაზე კარგი გადაწყვეტილება არის ასეთი სწრაფმზარდი პლანტაციების გაშენება, რომელიც ერთი მხრივ, გვაძლევს საშუალებას ბუნებრივ ტყეებზე ზეწოლა შევამციროთ, მეორე მხრივ, ახალი ტექნოლოგიებით გაცილებით მაღალეფექტური რესურსი მივიღოთ მათი გადამუშავებით, რომელიც იგივე სათბობად გამოყენების შემთხვევაში გარემოსაც დაზოგავს და თანხებსაც.
რასაკვირველია, მნიშვნელოვანია სახელმწიფო სტრუქტურების აქტივობა და ნების გამოხატვა მსგავსი პროეტების პოპულარიზაციისთვის, იმიტომ, რომ არა მხოლოდ ეს კერძო ბიზნესი, არამედ მომავალში კერძო სექტორი კიდევ უფრო ფართოდ დაინტერესდეს. ამის საჭიროება ნამდვილად დგას ქვეყანაში და მომავალში კიდევ და კიდევ მოიმატებს. როცა ვსაუბრობთ მდგრად განვითარებაზე ქვეყანაში, მგრად ეკონომიკაზე, უმთავრესია, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება. ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, მოსახლეობა ისევ იყენებს მერქნულ რესურსს. ეს არის მნიშვნელოვანი, საბედნიეროდ, ქვეყანას ოფიციალურად გაცხადებული პოლიტიკის დოკუმენტში, რომელიც კერძო სექტორის განვითარებას ემსახურება, არსებობს სატყეო კონცეფცია და ასევე, სექტორთან დაკავშირებულ ყველა სტრატეგიულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მსგავსი სახის პროექტები, ენერგოეფექტურობა, ბუნებრივ ტყეზე ზეწოლის შემცირება, ალტერნატიული ენერგომატარებლების განვითარება და მათი ხელშეწყობა არის ჩვენი პრიორიტეტი“.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი