ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის მე-5 დაბადების დღესთან დაკავშირებით, საქართველოში პირველად გაიხსნა საერთაშორისო გამოფენა – „ბენქსი: ლეგენდის დაბადება,“ სტივ ლაზარიდისის კურატორობით. 18 ოქტომბრიდან 14 თებერვლამდე, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში შეგიძლიათ ბენქსის ფოტო-ვიდეო მასალასა და ორიგინალ ნამუშევრებს ადევნოთ თვალი. გამოფენას კურატორობას უწევს სტივ ლაზარიდისი, რომელმაც 11 წლის განმავლობაში იმუშავა ექსცენტრიკული მხატვრის გვერდით და მის მემატიანედ იქცა. „ბენქსი: ლეგენდის დაბადება“ – ასე ჰქვია გამოფენას, სტივ ლარაზირისის კურატორობით და ის გვაცნობს არტისტის შემოქმედებით გზას ქუჩის ხელოვნებიდან მუზეუმის კედლამდე.
მაინც, ვინ არის ბენქსი? იდუმალი ბრიტანელი ხელოვანის ვინაობა დღემდე მკაცრად არის გასაიდუმლოებული. 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ის მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ხატავს შენიღბულად. არაერთი ვარაუდი გამოთქმულა, ბენქსის ვინაობის შესახებ, თუმცა სარწმუნო ამ დროისთვის არცერთი არ აღმოჩნდა, რაც დეტექტივების მოყვარულების ფანტაზიას აძლევს გასაქანს. ამ სტატიაში თავი სამ ყველაზე პოპულარულ თეორიას მოვუყარეთ, ბენქსის იდენტობის შესახებ.
ბენქსი წარმოშობით ბრისტოლიდან არის. მთელი ქალაქი თავისი ხელწერით დაამშვენა. შემდეგ, საზოგადოებისთვის აქტუალური ნამუშევრების შექმნაზე გადაერთო.
მაინც, რატომ ასაიდუმლოებს ბენქსი საკუთარ ვინაობას?
საქმე ისაა, რომ ბენქსის ასეთი პოპულარობის მიუხედავად, მისი საქმიანობის დიდი ნაწილი, უკანონოა. მისი ნამუშევრები იქმნება უნებართვოდ, ხოლო მისი დასრულების შემდეგ, ის იმდენად ღირებული ხდება, რომ ლეგალურობა არავის ახსოვს. ბენქსის გარშემო ბევრი ლეგენდა არსებობს. ეს საკითხი კორპირაციული თეორიების მოყვარულთა სამოთხეა. ბუნებრივია, ის ნიღბის გარეშე არაერთხელ გამოჩენილა საზოგადოებაში. მოდით, მიმოვიხილოთ თეორიები მის შესახებ.
2020 წლის სექტემბერში, Scouseman-მა Twitter-ზე დაპოსტა, რამაც მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიქცია იმის გასარკვევად, ნამდვილად შეიძლებოდა თუ არა დასახელებული ადამიანი ბენქსი ყოფილიყო. ეს პიროვნება გახლდათ ნილ ბიუქენენი – წამყვანი Art Attack-ის შოუდან, რომელიც 90-იანებში Disney Channel-ზე გადიოდა. ბიუქენენი ბავშვებში განსაკუთრებით პოპულარული იყო და ეკრანიდან ასწავლიდა, თუ როგორ ექციათ ყოველდღიურო საგნები ხელოვნებად. მტკიცებულებები არ არსებობდა, ბიუქენენის ვებგვერდზეც გავრცელდა განცხადება, სადაც ის ბენქსის თეორიას უარყოფდა, თუმცა გულშემატკივრები მოხიბლა ამ თეორიამ. თუმცა, ეს ბენქსის ვინაობის ეს ვერსია ყველაზე ნაკლებადაა სარწმუნო.
ყველაზე მაგარ თეორიად ბრიტანელი ჟურნალისტის, კრეიგ უილიამსის გამოძიება მიიჩნევა, რომელიც 2016 წლის სექტემბერში გახმაურდა. მისი მტკიცებით, ბენქსი შეიძლება იყოს რობერტ დელ ნაჯა, ბენდ Massive Attack-ის ლიდერი. ერთი შეხედვით, თეორია რეალისტური ჩანს. ამბობენ, რომ ისინი მეგობრები არიან, ორივე ბრისტოლში, დაახლოებით, ერთსა და იმავე დროს არის დაბადებული.
ეჭვს კონცერტისა და ახალი ნამუშევრების თარიღებს შორის კავშირი აჩენდა. მაგალითად, 2006 წელს, ლოს-ანჯელესში, ბენქსის გამოფენა Massive Attack-ის კონცერტამდე ერთი კვირით ადრე გაიხსნა. 2008 წელს, რობერტ დელ ნაჯამ შექმნა დოკუმენტური ფილმი ქარიშხალ კატრინაზე, როდესაც ბენქსი ნიუ-ორლეანის კედლებზე სტენსილებს ხატავდა. 2010 წელის 25 და 27 აპრილს, Massive Attack-მა კონცერტი ჩაატარა სან-ფრანცისკოში. 1- მაისის დილას კი, ბენქსის 6 ახალი ნახატი გამოჩნდა ქალაქში. მსგავსი შემთხვევა მოხდა ბოსტონსა და ტორონტოში, სადაც ბენქსის მურალები ბენდის გამოსვლების დროს დაემთხვა.
თანაც, რობერტ დელ ნაჯას აქვს ქუჩის მხატვრობის გამოცდილებაც, 80-იან წლებში. მიუხედავად იმისა, რომ დანამდვილებით თქმა შეუძლებელია, ბენქსის ვინაობის ეს ვარიანტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად გენიოს ადამიანთან გვაქვს საქმე. ეს თეორია მართლაც შთამბეჭდავია.
თუმცა შეთქმულების ამდენ თეორიას შორის, მართლაც არსებობს ერთი – ყველაზე სარწმუნო. ბენქსი შესაძლოა იყოს რობინ განინჰემი, ბრისტოლის ამჟამინდელი მკვიდრი. ის ამ ქალაქში 1973 წელს დაიბადა, 2000-იან წლებში კი გადავიდა ლონდონში, რაც ბენქსისი კარიერულ გზას ემთხვევა. მართალია, მყარი მტკიცებულება არც ამ შემთხვევაში გვაქვს, მაგრამ ეს თეორია ყველაზე სარწმუნოა მხატვრის ვინაობასთან დაკავშირებით.
ზოგიერთი თეორია იმასაც ამტკიცებს, რომ ბენქსი კრებითი სახელია, რომელიც რამდენიმე მხატვარს მოიცავს. იქნებ, მართლაც, სიმბოლური სახელია ბენქსი და ყველა იმ ადამიანის გამოძახილია, ვისაც სურს საკუთარი ვინაობა დამალოს და ქუჩებში თავისი ხელწერა დატოვოს?
პროექტის მხარდამჭერები არიან SOLO X და VISA.