21
Nov
2018

„ჩვენ გავბედეთ POPXSpotlight“

21 Nov 2018

იცოდით, რომ კოსმეტიკური ძაფის პატენტი, მსოფლიოში პირველად, ქართულმა კომპანიამ შექმნა? და 3D სათვალეებზე რას იტყვით? ქართული ვაზის მარსზე გაშენების იდეის თუ გჯერათ? პირველი ქართული თვითმფრინავის ავტორს იცნობთ? ევროპის მასშტაბით, დედამიწის ორბიტაზე ყველაზე დიდი ზომის რეფლექტორის შემქმნელიც რომ ქართველია, თუ გსმენიათ?18 ნოემბერს, ყოველწლიურმა მარკეტინგულმა ღონისძიებამ Spotlight, Europebet-თან ერთად, გაბედა, სასტუმრო Radisson-ში 25 ინოვატორი ერთად შეკრიბა და ტექნოლოგიებსა და ინოვაციებს მიუძღვნა დღე, ანუ შექმნა POPXSpotlight: „მე გავბედე და ავანთე შუქი“, „მე გავბედე და ვთანამშრომლობ ხელოვნურ ინტელექტთან“, „მე გავბედე და ბავშვები რობოტებს შევახვედრე“, „წავედი ღრუბლებში“, „გავარკვიე, სად მიდის ფული“, „პროგრამას ვათქმევინე ის, რასაც ვერ ამბობენ ადამიანები“, „მე გავბედე და ვყიდი პროგრამებს“, „მე გავბედე და გავაღე ბანკის კარები“, „გავბედე და გადავკვეთე წითელი ხაზი“, „მოვაწყე ინოვაციური აჯანყება“ – POPXSpotlight-ზე წარდგნენ ადამიანები, რომლებიც თავიანთი გამბედაობით, სამყაროს უკეთესობისკენ ცვლიან, საზღვრებს არღვევენ.

წინა Spotlight-ზე ვისწავლეთ, რომ „ყველაზე სულელურია კითხვა, რომელსაც არ სვამენ“. ამიტომ, დავინტერესდით, რას ფიქრობდნენ POPXSpotlight-ის სტუმრები ინოვაციაზე: 

„კომპოზიტორი ვარ და ჩემთვის ინოვაცია არის გამბედაობა, რაღაცის დასაწყებად. დაწყება ყოველთვის რთულია. თუმცა, თუ დაიწყე, მერე მიხვდები, [რასაც აკეთებ], ინოვაციური არის, თუ არა. მე სიჩუმიდან ვიწყებ და შემდეგ, ერთ ნოტსაც რომ ვიღებ, გაბედვა არ არის?! – ზვიად მღებრიშვილი.

„ინოვაცია ჩემთვის არის ორი ერთმანეთისგან სრულიად გასნხვავებული ელემენტის დაკავშირება, რომელმაც შეიძლება, დიდი დაბრკოლება, კაცობრიობის პრობლემა მოაგვაროს“, – თამთა.

„ინოვაცია ჩემთვის არის, რამე ახალს რომ აკეთებ. მაგალითად, სკოლის გაზეთი რომ გამოუშვან ან სკოლის ჟურნალი, ეგ იქნება ინოვაცია“, – მათე წიკვავა, სკოლის მოსწავლე.

POPXSpotlight 11:00-ზე, პანელდისკუსიით დაიწყო. მას შემდეგ, რაც მარიამ შარანგიამ, ლაშა გოგუამ, დავით კიზირიამ და ელენე გრიგოლიამ ქვეყანაში, ინოვაციების განვითარების კუთხით, მთავრობისა და კერძო სექტორის როლზე ისაუბრეს, სცენა პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის გენერალურ კონსტრუქტორს – ელგუჯა მეძმარიაშვილს დაეთმო.

საქმის ნამდვილმა პროფესიონალმა უძნელესი ამოცანის გადაწყვეტა უნდა შეძლოს მინიმალური ძალის, შრომისა და ემოციის დახარჯვით, – ელგუჯა მეძმარიაშვილი.

ელგუჯა მეძმარიაშვილია ის ადამიანი, რომლის შექმნილი კოსმოსური ობიექტიც – ევროპის მასშტაბით, დედამიწის ორბიტაზე ყველაზე დიდი ზომის რეფლექტორი, პლანეტის საზღვრებს გასცდა. ევროპული სახელმწიფოებისათვის, ეს დღემდე, უპრეცედენტო შემთხვევად რჩება. დღევანდელი კოსმოსური კონსტრუქციების, დაახლოებით 75% ქართული კონსტრუქციების ბაზაზეა დაფუძნებული. ამისთვის კი, მას ორი ამერიკული პატენტი და ორი ევროპატენტი აქვს მიღებული. ელგუჯა მეძმარიაშვილს, დღეს უკვე, ქართული სატელეკომუნიკაციო თანამგზავრის იდეა აქვს და რა თქმა უნდა, მისი განხორციელებაც რეალურად მიაჩნია.  POPXspotlight არ იყო მხოლოდ დღე ტექნოლოგიებისა და ინოვაციებისთვის. ღონისძიების საშუალებით, აღმოვაჩინეთ ადამიანები. მაგალითად, იური სემენიხინირომელიც ინფორმაციული ტექნოლოგიების მსოფლიო ექსპერტთა შორის, დღეს, 56-ე ადგილს იკავებს –  ღრუბლებში დაფრინავს და ტექნოლოგიური ევოლუციის გარდაუვალობაზე საუბრობს.

გიორგი რამიშვილი, რომელმაც გაბედა, ძალიან ბევრი ადამიანი ჩართო თამაშში და გლობალური აუდიტორიის ყურადღება მიიპყრო. ტუსა ღარიბაშვილი, რომელსაც სჯერა, რომ ვაზის სხვადასხვა ჯიშის მარსზე გაშენება სავსებით რეალურია და პროექტ Qvevri.xyz-ის თანაავტორი, ნიკა გუჯეჯიანი, რომელიც თიხის უძველეს ჭურჭელს – ქვევრს, რომლის ისტორიაც 8000 წლის წინ იწყება, 3D ტექნოლოგიით ბეჭდავს.„აღიარება მარტივად და სწრაფად არ მოსულა. მამამ ინგლისური არ იცოდა და მე ბომბეიში კონფერენციაზე გამოვედი. სლაიდებიც კი გაიჭედა. ეს იყო რევოლუცია მედიცინაში და პრეზენტაციის შემდეგ, ყველა ჩვენთან შეგროვდა“ – გიორგი სულამანიძემ POPXSpotlight-ის აუდიტორიას  კომპანია „აპტოსის“ გამოცდილება გაუზიარა. ის, თუ როგორ შეცვალა მამამისის, ქართველი ექიმის, მარლენ სულამანიძის გამოგონებამ პლასტიკური მედიცინა – კოსმეტიკური ძაფის ტექნოლოგია, რომელმაც ესთეტიკურ მედიცინაში გადატრიალება გამოიწვია. ამჟამად, „აპტოსს“ საწარმოები რუსეთსა და გერმანიაში აქვს.

გიორგიმ გვითხრა, რომ ყველა თანამშრომელი ოპერაციას ამ ქუდით აკეთებს. არაბებისთვისაც კი, ქუდზე დატანილი ჯვარი არ აშინებთ და აღიქვამენ, როგორც დროშას.

იმ დროს, როცა ფეისბუკის წარმომადგენელი, Michal Michalak ინსტაგრამ სთორიებზე საუბრობდა და POPXSpotlight-ის აუდიტორიის შეკითხვებს პასუხობდა, Radisson-ის სხვა ოთახში, სტუმრების ნაწილი დავით გოგიჩაიშვილის მასტერკლასს უსმენდა სათაურით: „რომ არ გავბედო?“

ინოვაციების დანერგვა არ შეიძლება თვითმიზანი იყოს. ინოვაცია საშუალებაა გასაუმჯობესებლად, შესაცვლელად ან დასანერგად , – ნინო ნანიტაშვილი.

POPXSpotlight-ის მეორე, დასკვნითი ნაწილი სწორედ ნინო ნანიტაშვილმა, საქართველოში პირველი google developer group-ის დამფუძნებელმა გახსნა. ადამიანმა, რომელმაც გაბედა და „ინოვაციური აჯანყება“ მოაწყო. მას კი, Global Port-ის დამფუძნებელი, გიორგი ზვიადაძე მოჰყვა, რომელსაც საკუთარმა შვილმა ასწავლა წითელი ხაზის გადაკვეთა. ანუ, ახლიდან დაბადება, ინოვატორული აზროვნება. ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა, ნანა დიხამინჯიამ კი, აუდიტორიას ბავშვების მეცნიერებით, ტექნოლოგიით, ინჟინერიითა და მათემატიკით (STEM) დაინტერესების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და რეცეპტიც მოგვცა, რა ნაბიჯების გადადგმა გვჭირდება იმისთვის, რომ კარი გავუღოთ STEM განათლებას. პირველი ქართული თვითმფრინავის შექმნელმა, ზვიად ციკოლიამ, POPXSPOtlight-ის სტუმრები დააჯერა, რომ საკუთარი თავისა და იდეების რწმენით, შესაძლებელია გაფრენა, პირდაპირი მნიშვნელობით. 

გიორგი კინწურაშვილმა, BOG-იდან, საბანკო სექტორში ციფრული სერვისების შექმნასა და ფინანსური პროცესების გასამარტივებლად შექმნილ ახალ ინდუსტრიაზე FinTeck ისაუბრა. Cloud პლატფორმის საშუალებით, საკუთარი ფინანსების იოლად მართვის საშუალება კი,  გიორგი მირზიკაშვილის პრეზენტაციაშიც მოვისმინეთ. 

POPXSpotlight-ზე არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი მოკლემეტრაჟიანი ფილმის, „8 წუთი“ პრემიერა შედგა. და არც მეტი, არც ნაკლები, ზუსტად, ამდენივე წუთში შეძლო ფილმმა აუდიტორიის აღფრთოვანება.

ვცადე და გამომივიდა, გადამეღო აპოკალიპსური ფილმი, რომელშიც ადამიანი არ ცდილობს გადარჩეს, – „8 წუთის“ სცენარისტი, ზაზა კოშკაძე.

„ოლივერ, სად გინახავს ბრტყელძირიანი ქვევრი?“ – biletebi.ge-ს დამფუძნებელმა და Qvevri.xyz-ის თანაავტორმა, დავით მიზანდარმა, ნიკა გუჯეჯიანის დაწყებული თემა განაგრძო და ის აღშფოთებაც გადმოგვდო, ჰოლანდიელმა კერამიკოსმა ოლივერმა, წუთით მაინც რომ იფიქრა, ქვევრის ტრადიციული ფორმის შენარჩუნება შეუძლებელია მისი 3D პრინტერით დაბეჭდვის შემთხვევაში და ბრტყელი ძირი გავუკეთოთო.

დავით მიზანდარმა კიდევ ერთი ინფორმაცია გაგვანდო Qvevri.xyz-თან დაკავშირებით. ღვინო მზად რომ იქნება, ამის შესახებ სმარტფონიდან შეიტყობთ. დავით ჩეჩელაშვილმა, 3D ტექნოლოგიები რომ დანერგა კინოინდუსტრიაში და მისი კლიენტები Disney, Universal, Warner Bros. Pictures, 20th Century Fox არიან, გამომგონებლებსა და ინოვატორებს შორის განსხვავებაზე, საკუთარი შეცდომების როლზე წარმატებაში, ტყუილის სასარგებლო მხარეზე ისაუბრა და ერთი საიდუმლოც გაგვიმხილა: „კონკურენტები ჩვენი მომხმარებლის თავში უნდა ვეძებოთ“.

„ხელოვნური ინტელექტი გარდაქმნის ინდუსტრიებს, უფრო პროდუქტიულებს გაგვხდის და დაგვეხმარება, გავუმკლავდეთ საზოგადოების უდიდეს გამოწვევებს“ – კომპანია „მაიკროსოფტ საქართველოს“ წარმომადგენელი და გაყიდვების დირექტორი, ქეთევან რატიანი ხელოვნური ინტელექტის მომავალზე გვესაუბრა.

ნიკა ჯინჭველაძემ კი, გაგვიზიარა, რატომ და როგორ უნდა ინტეგრირდეს მარკეტინგში მათემატიკური მოდელი, რაც შეიძლება, დიდი დოზით.POPXSpotlight-ს წელს, აუდიტორიის არაერთგვაროვნებაც გამოარჩევდა. ტექნოლოგიებითა და ინოვაციებით დაინტერესებული ბავშვები სპეციალურად შეირჩნენ სკოლებიდან. მათ ღონისძიებიდან მიღებული შთაბეჭდილებები გაგვიზიარეს:

„ბაქსვუდის“ საერთაშორისო სკოლის მოსწავლე, გიორგი შონია: POPXSpotlight მრავალფეროვანი პრეზენტაციებით იყო ძალიან საინტერესო და ბევრის მომცემი. ჩემი აზრით, ასეთი ღონისძიებები უნდა ტარდებოდეს ხშირად, რათა დაინტერესებულმა პირებმა მოისმინოn ბევრი ინფორმაცია ინოვაციურ იდეებსა თუ პროდუქტებზე. ეს, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საზოგადოების განვითარებასა და ჩართულობას ინოვაციებში.

მე პირადად, დაინტერესებული ვარ ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით და რადგან მოთხოვნადია თანამედროვე ცხოვრებისთვის, სურვილი მაქვს, ყოველგვარ ახალს დავეუფლო, ამიტომაც, მუდმივად სიახლის ძიებაში ვარ. თავიდან მაინტერესებდა ყოველგვარი დახმარების გარეშე, რამდენად შევძლებდი ამა თუ იმ პრობლემის გადაჭრას ამ კუთხით. ამისთვის ვიძიებდი ინტერნეტრესურსებს და ვცდილობდი, მაქსიმალურად გავცნობოდი ინოვაციურ პროგრამებს. მყავს მეგობარი, რომელიც არის პროგრამისტი. მას გავაცანი ჩემი ინტერესები, გამიწია კონსულტაცია და აღმოვაჩინე, რომ ამ პროგრამული ენების სწავლა, გაცნობა არ წარმოადგენდა ჩემთვის სირთულეს. შექმნილი მაქვს კომპიუტერული თამაშები, ვებსაიტები და პროექტგეგმები, რომლის განხორციელებასაც ვიმედოვნებ, რომ სამომავლოდ შევძლებ. რა თქმა უნდა, ჩემი მისწრაფება და ინტერესები ამ საქმისადმი სიყვარული სკოლაშიც არ ყოფილა შეუმჩნეველი. სკოლის ადმინისტარაციამ შემიწყო ხელი, რათა ჩამომეყალიბებინა კლუბი ამ კუთხით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის და მათთვის გამეზიარებინა ჩემი გამოცდილება.  ელენე მიშიძე, Buckswood:

პირველი POPXSpotlight დასრულდა. ბოლოსთვის კი, სარეკლამო სააგენტო „სარკის“ დამფუძნებლის, ლევან ბახიას სიტყვები შემოვინახეთ: „უნიკამერული გონების რღვევა ის მთავარი გაბედვაა, რომელიც ყველა ჩვენგანს შეუძლია!“

„ყველას გისურვებთ, რომ გავიგოთ ის, ვინც უნდა გავხდეთ“.

განხილვა