30
ოქტ
2018

ნანა დიხამინჯია: „შენ ხომ იცი, ჰოდა, გააკეთე!“ 

30 ოქტ 2018

ნანა დიხამინჯია მათემატიკოსია, სადოქტორო დისერტაცია გამოყენებით მათემატიკაში აქვს დაცული. 22 წლიდან, პროგრამირების სფეროში მუშაობს. „ის, რომ მათემატიკა და კომპიუტერები მარტო „კაცის საქმეა“, ძალიან დიდი სიცრუეა. მე ალბათ ძალიან გამიმართლა იმიტომ, რომ ჩემი ორივე მშობელი მათემატიკოსია… “ – იტყვის ნანა მოგვიანებით, ერთ ინტერვიუში. ასე იქცა მათემატიკოსისა და ელექტრონული ინჟინერიის სპეციალისტის, ნანა დიხამინჯიას ცხოვრება სტერეოტიპების მსხვრევის მაგალითად.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში დაიწყო მუშაობა, ამბობს, რომ პროგრამირება პირველად მაშინ დასჭირდა სამეცნიერო გათვლებისთვის. პარალელურად გეოსაინფორმაციო სისტემების შესწავლაც დაიწყო.

ნანა თვლის, რომ პროგრამირების საწყისები, ანუ კოდირება, როგორც ახლა უწოდებენ, დაწყებითი კლასებიდან უნდა ისწავლებოდეს. ყველგან იმას ამბობს, რომ მომავალი მანქანებისაა: „ძალიან მალე მთლიანად გადავალთ თვითმართვადი მანქანების, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ჯანმრთელობის, განათლების, სამართლისა და მომსახურების სისტემების ხანაში. ამიტომ აუცილებელია, ვიცოდეთ მათი ენა, რომ სწორად გამოვიყენოთ, რომ აქეთ არ გვმართონ“.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნანა დიხამინჯია, POPXSpotlight-ის ერთ-ერთი სპიკერია და ამჯერად, ისევ განათლებაზე ილაპარაკებს. იმაზე, თუ როგორ შეიძლება ტექნოლოგიების დახმარებით, სწავლების უკეთესი მეთოდების დანერგვა. მისი პრეზანტაციის თემაა – „გაუღე STEM კარი“, ანუ რა მნიშვნელობა აქვს STEM (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა) მიმართულების დანერგვას და როგორ უნდა შევუწყოთ ხელი STEM მიმართულების გავრცელებასა და კომპიუტერული წიგნიერების განვითარებას საქართველოში?ეს კითხვები POPXSpotlight-ზე დაისმება, მანამდე კი ნანა დიხამინჯია „მარკეტერის“ კითხვებზე უპასუხებს:

M: ქალბატონო ნანა, მათემატიკოსი როგორ გახდით?
მეცნიერებით ჩემი დაინტერესება, ალბათ იმან გამოიწვია, რომ მამა მათემატიკოსი იყო, სოხუმის უნივერსიტეტში მუშაობდა, დედა კი, მათემატიკის მასწავლებელი. ბავშვობიდან, ძალიან მომწონდა და მიადვილდებოდა ეს საგანი. ზოგადად, ვფიქრობ, რომ ძალიან გამიმართლა, რადგან ოჯახში მქონდა კარგი მაგალითი – დედა ძლიერი ქალის მოდელი იყო, მამისგან კი, ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ჩემი წარმატების იმედი ჰქონდა. ისეთ გარემოში ვიზრდებოდი, არასოდეს არაფერში შევუფერხებივარ იმას, რომ გოგო ვიყავი. მე საკუთარი თავის იმედი მქონოდა ისეთ სფეროში, რომელიც ბიჭების პროფესიად უფრო აღიქმებოდა.

M: თქვენს პროფესიულ გზასა და გამოცდილებაზე გვიამბეთ უფრო დაწვრილებით…
ჩემი პროფესიული გამოცდილება უკავშირდება ილია ვეკუას გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტს, სოხუმისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტებს, სადაც ლექციებს ვკითხულობდი. ვმუშაობდი კომპანია „გეოგრაფიკში“ – დისტანციური ზონდირებისა და გეოსაინფორმაციო სისტემების საკონსულტაციო ცენტრში, როგორც პროგრამისტი და გეოსაინფორმაციო სისტემების ექსპერტი. შემდეგ, მომიწია ამერიკაში წასვლა და მისურის მეცნიერებათა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ელექტრომაგნიტური თავსებადობის ლაბორატორიაში მუშაობა. მიწვეული ასისტენტ-პროფესორი ვიყავი. ამჟამად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი ვარ და ასევე, ვკითხულობ ლექციებს უნივერსიტეტში – „სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – საქართველო“.M: როდის და რატომ დაინტერესდით STEM – მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებით?
ამერიკაში, პატარა საუნივერსიტეტო ქალაქში ვცხოვრობდი, სადაც საშუალო კლასებისთვის არ იყო რობოტიქსის (რობოტების შექმნა, კონსტრუქცია, დიზაინი) კლუბი და ერთხელაც, ამერიკელ მშობელთან რომ დავიწუწუნე ამაზე, ერთ-ერთი მათგანი მომიტრიალდა და მითხრა: „რა პრობლემაა, შენ ხომ გესმის ეს სფერო, ჰოდა, გააკეთე თვითონ“. ჩემთვის ეს ნამდვილი შოკი იყო – რომ თურმე, შემიძლია, ჩემი დროისა და ენერგიის ხარჯზე, გავაკეთო ისეთი მნიშვნელოვანი რამ, რაც არა მხოლოდ ჩემი შვილის, არამედ სხვა ბავშვების ცხოვრებასაც შეცვლის. შევქმენი გუნდი, ბავშვები ჩემს სახლში აკეთებდნენ ექსპონატებს სამეცნიერო ოლიმპიადისთვის და შემდეგ, შეჯიბრებებზე გაჰქონდათ.
რეალურად, ჩემი საქართველოში დაბრუნების მიზეზიც ეს ერთი გარდამტეხი წინადადება აღმოჩნდა: „შენ ხომ იცი, ჰოდა გააკეთე!“M: როგორ უნდა გაუმჯობესდეს სწავლება ტექნოლოგიების გამოყენებით?
დღეს, ძალიან ბევრი გასართობია ბავშვისთვის და მთავარი ის არის, რომ განათლების მიღების პროცესი სახალისო იყოს. სწორედ რობოტებისა და სხვა კომპიუტერული პროგრამების დახმარებით, STEM (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა) მიმართულების გამოყენებით არის შესაძლებელი ფორმალური განათლების მიღება: ფიზიკის, მათემატიკის გეოგრაფიის და სხვა საგნების სწავლა.

M: რა რეალობა გვაქვს დღეს საქართველოში, STEM მიმართულების განვითარების მხრივ?
განვითარებულ ქვეყნებში STEM მიმართულების განვითარება ეფუძნება მეცნიერების, სტუდენტების, ინჟინრების მოხალისეობას. დღეს, საქართველოში, დიდი ძალისხმევაა მიმართული ტექნოლოგიების განვითარებისთვის, მაგრამ ძირითადად, მიმართულია უფროსკლასელების, სტუდენტების ან ზრდასრულების განვითარებისკენ. რაც ძალიან ცოტაა იმისთვის, რომ ინტერესი გაიზარდოს – ბავშვებს ლოგიკური, მანქანური აზროვნება განუვითარდეთ პატარა ასაკიდანვე. ამას არ ვაკეთებთ არც სკოლაში და არც სხვაგან. მილიონნახევრიან ქალაქში სამეცნიერო მუზეუმი არ გვაქვს. მართალია, არის პატარა ექსპლორატორიუმი, მაგრამ ეს მუზეუმი არ არის.M: რა არის გამოსავალი? ხვალ რით დავიწყოთ თუ ვიწყებთ?
ჩემი რეცეპტი ასეთია: მოხალისე STEM მენტორების ქსელის შექმნა, ვისაც შეეძლება ადგილობრივი საგანმანათლებლო ცენტრების ან სკოლების საფუძველზე სხვადასხვა ასაკის ბავშვების ჯგუფებისთვის STEM აქტივობების განვითარება.

M: ყველაზე მეტად რომელი საქმიანობა მოგწონთ?
ყველაზე მეტად მომწონს ის საქმიანობა, რომელსაც ჩემთვის, ფაქტობრივად, ფული არასდროს არ მოუტანია – ეს არის ჩემი მოხალისეობრივი აქტივობა, როდესაც ბავშვებს ვასწავლი რობოტიქსს, დაპროგრამებას და ა.შ. როცა ამ ბავშვების ანთებულ თვალებს ვხედავ და მგონია, რომ ერთი მათგანი მაინც დაინტერესდა და იგრძნო, რომ ამის გაკეთება შეუძლია.M: მათემატიკის გარდა ალბათ ბევრი რამ გაინტერესებთ…
კითხვა მიყვარს… ძალიან ბევრ ინფორმაციას ვეცნობი განათლებისა და ბავშვების განვითარების შესახებ – რა პრობლემებია სხვადასხვა ქვეყანაში, ამ მხრივ. მხატვრული ლიტერატურის კითხვაც მიყვარს: მარგარეტ ეტვუდი, მიშელ უელბეკი, ჯულიან ბარნსი…

M: ხშირად საუბრობენ შეცდომის როლზე ახალგაზრდების განვითარებაში. რა გამოცდილება მოაქვს შეცდომას?
შეცდომების თავიდან ძალიან მეშინოდა. საბჭოთა კავშირი მაინც პერფექციონისტებად გვზრდიდა, განსაკუთრებით, ხუთოსან ბავშვებს, სულ გვეუბნებოდნენ: „უკეთესად შეგიძლიათ“, ამიტომ ნაკლებად ვპატიობდით ჩვენს თავს წარუმატებლობას. ამერიკაში ცხოვრება ძალიან დამეხმარა იმისთვის, რომ საკუთარი, შეცდომებიანი თავი შემეყვარებინა. დრო დამჭირდა, რომ მარცხში დამენახა გამოცდილება, ამიტომ ნუ გეშინიათ შეცდომების. M: თქვენი მთავარი სათქმელი რა იქნება POPXSpotlight-ზე?
ერთი მხრივ, დიდი პატივია ამ ღონისძიების სპიკერობა, ასეთი დიდი აუდიტორიის წინაშე გამოსვლა და საკუთარი ნააზრევის გაზიარება. მეორე მხრივ კი, მნიშვნელოვანია ის შედეგი, რაც შეიძლება, ჩემს გზავნილს მოჰყვეს. წლევანდელი „სპოტლაითი“ ეძღვნება ტექნოლოგიებს და მისი თემაა გამბედაობა. მე ვისაუბრებ იმაზე, თუ როგორ შეიძლება გახდეს თითოეული ჩვენგანი პატარა თემის საწყისი, რომელიც STEM განათლებას ავრცელებს. ჩვენ გვაქვს პოტენციალი, ნებისმიერ ფორმალურ სისტემაზე გაცილებით უფრო სწრაფად გავავრცელოთ STEM განათლება. სწორედ ამით დავეწევით თანამედროვე სამყაროს. რამდენიმე მსმენელმა მაინც რომ გადაწყვიტოს და ჩემი გამოსვლის შემდეგ, რომელიმე სკოლასთან ერთად დაიწყოს ამ მიმართულებით საქმიანობა, ეს დიდი მიღწევა იქნება.

 

შეგახსენებთ, POPXSpotlight 18 ნოემბერს, „რადისონში“ გაიამართება. ეს არის პირველი „სპოტლაითი“, რომელიც ეძღვნება ინოვაციებსა და ტექნოლოგიებს.

სრული პროგრამის
სანახავად ეწვიეთ ბმულს.
ბილეთებისთვის ეწვიეთ:
TKT – https://bit.ly/2SLrUQV
Biletebi.ge – https://bit.ly/2PBqcmD

განხილვა