1
Nov
2018

ნიკა ჯინჭველაძის „მარკეტინგის მათემატიკა“

1 Nov 2018

ხელოვნური ინტელექტი… ეს სიტყვები დღემდე ფიქრისა და ფანტაზიის დაუსრულებელ საბაბს აძლევს კაცობრიობას. ვინ რას აკეთებს მეცნიერებისა და ტქნოლოგიების ამ ბევრისათვის იდუმალ სფეროში? რა ხალხია ეს? საქართველოში ვინ მუშაობს ამ პრობლემებზე?

ნიკა ჯინჭველაძე – კრეატიული სააგენტო Leavingstone-ის ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

ნიკა ჯინჭველაძე, კრეატიული სააგენტო Leavingstone-ის ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტის ხელმძღვანელია. ინოვაციებისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროში სხვა პროფესიიდან მივიდა. ESM-ის ბიზნეს სკოლის დამთავრების შემდეგ, ნიკა ჯინჭველაძე პროექტების მენეჯერი გახდა. ამბობს, რომ მაშინ არ არსებობდა ასეთი პროფესია: „პროექტების მენეჯერად“ მათ მოიაზრებდნენ, ვისაც გარკვეული პრობლემების მოგვარება შეეძლო და უცხო ენები იცოდა. პირველად კინოთეატრების ქსელით დავიწყე, სადაც პროექტებად თითო ფილმის ჩამოტანა – განთავსება – რეკლამირებას განვიხილავდით“.

შემდეგ კი, ნიკა ჯინჭველაძის ცხოვრებაში ერთბაშად გადაიკვეთა ხელოვნური ინტელექტი, კრეატივი და მარკეტინგი. იგი Leavingstone-ის ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გახდა.  ამბობს, რომ ახლა, სხვა საქმიანობა არ აქვს: „მხოლოდ თვითგანვითარებისთვის რასაც ვაკეთებ, წიგნების კითხვა იქნება, ონლაინ ვიდეოების ყურება თუ ტრენინგზე დასწრება. სხვა არაფერი…“

თემა, რომელზეც POPXSpotlight-ზე ისაუბრებს არის – „მარკეტინგის მათემატიკა“. მისი თქმით, მათემატიკური მოდელი, კრეატივისა და ხელოვნების სფეროდ აღიარებულ მარკეტინგშიც კი, დიდ როლს ასრულებს: „თუმცა, დღეს, მათემატიკა, ძალიან მცირე დოზითაა მარკეტინგში. „სპოტლაითზე“ სწორედ ამაზე გავამახვილებ ყურადღებას და ვისაუბრებ, თუ როგორ უნდა ინტეგრირდეს მარკეტინგში მათემატიკური მოდელი რაც შეიძლება, დიდი დოზით.“

„სპოტლაითზე“ ვისაუბრებ, თუ როგორ უნდა ინტეგრირდეს მარკეტინგში მათემატიკური მოდელი რაც შეიძლება, დიდი დოზით.“

M: როგორ აღმოჩნდით ხელოვნური ინტელექტის სფეროში?

მუშაობა დავიწყე „ნოვა ტექნოლოჯიში“. ამ დროს უკვე არსებობდა ცნება „პროექტის მენეჯერი“, რადგან საჭირო იყო გარკვეული ბიზნესამოცანების ერთობლივად შესრულება, მარკეტინგის, IT და სხვა დეპარტამენტების შორის თანამშრომლობა. სწორედ მაშინ მომიწია შეხება ტექნოლოგიებთან. ნელ-ნელა ვვითარდებოდი. ვხვდებოდი, რომ სფერო ძალიან სწრაფად მიდიოდა წინ და რამისთვის  რომ მიმეღწია მომავალში, აუცილებლად ბევრი უნდა მეშრომა. შემდეგ აღმოვჩნდი საზღვარგარეთ, ერთ-ერთ უცხოურ პროექტში, ფინანსური მოდელი ავაწყეთ. საქართველოდან რამდენიმე წლით ვიყავი წასული. დაახლოებით, ორი წლის წინ დავბრუნდი და მოვხდი იქ, სადაც ალბათ, უნდა მოვხვედრილიყავი, ანუ Leavingstone-ში. კომპანიაში ზუსტად ამ დროს იწყებოდა ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტის ჩამოყალიბება.

M: დღეს ამ დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხართ. რა შედის თქვენს ყოველდღიურ საქმიანობაში?

ჩვენი ყოველდღიური ამოცანებია (ჩვენში – ვგულისხმობ გუნდს, რადგან ცალკე საკუთარ თავს არც არასოდეს განვიხილავ): დიდი მონაცემების დამუშავება, ამასთანავე, კონკრეტული ამოცანების გადაწყვეტა. საქმე ისაა, რომ გარკვეული მონაცემების დამუშავებით, ტექნოლოგია თავად იღებს გადაწყვეტილებას. იგულისხმება ფერის, სახის, სახეზე ემოციის ამოცნობა, თუ უბრალოდ გარკვეული რაოდენობის ინფორმაციის სწორი ვიზუალიზაცია. ბაზაში გაბნეული ინფორმაცია სხვა არის და გრაფიკულ მონახაზზე მარტივად ასახული – სხვა. შესაბამისად, ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა მანქანური გადაწყვეტილებების მოდელების რეალობაში „ჩაშვებაა“.

„ცალკე, გუნდის გარეშე საკუთარ თავს არასოდეს განვიხილავ“

M: ინოვაციების განვითარებაში, როგორ ხედავთ Leavingstone-ის საქმიანობას?

დღეს ძალიან მოდურია ხელოვნური ინტელექტი. Leavingstone-ში სადაც ძალიან ბევრი დეპარტამენტია და საერთოდ სხვა კუთხით იცნობენ კომპანიას, სულ ვცდილობთ, პროექტები, მაქსიმალურად, დავუკავშიროთ ტექნოლოგიებს. მსოფლიოშიც ასეა – ყველა ციფრული სააგენტო ამბობს, რომ ხელოვნური ინტელექტით ძალიან კარგი პროექტების განხორციელება არის შესაძლებელი.  პრინციპში, სხვა გზა არც არის. ძალიან ბევრი იდეა და კითხვა ჩნდება და გვიწევს კვლევა, შესაძლებელია თუ არა მათი განხორციელება. ყველა ახალი ტექნოლოგია, საბოლოოდ იმას უკავშირდება, რომ  ყველა ძალიან მოთხოვნად პროდუქტს, ბაზარზე გასვლამდე სჭირდება გარკვეული კვლევა, დამუშავება, მომსახურება. ამას კი დღეს ადამიანური რესურსი აღარ ჰყოფნის.

M: დღეს რა დონეზეა განვითარებული ხელოვნური ინტელექტი საქართველოში?

მართალია, ეს სფერო საზღვარგარეთ უფრო დიდი ხნის წინ შეიქმნა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ საქართველო ბევრად ჩამორჩება ამ კუთხით. თან  ჩვენ უკვე გვაქვს მათი განვლილი გზა, მეთოდოლოგიები თუ რას როგორ მიაღწიეს. შესაბამისად, აღარ გვიწევს ძიების გზის გავლა და შეგვიძლია სწრაფად შევეწყოთ ტემპს. მაგალითად, Chat Bot-ები, რომელიც, რეალურად, ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე ეწყობა და საქართველოში ძალიან სწრაფად დაინერგა, განვითარდა და უკვე საკმაოდ პოპულარულიცაა. დღეს მსხვილი  კომპანიები ძალიან აქტიურად იყენებენ კომუნიკაციის ამ მეთოდს.

„საკმაოდ გამბედავი ნაბიჯია, კომერციული გადაწყვეტილება პროგრამულ კოდს მიანდო. ვინც ეს საზღვარგარეთ გააკეთა, შედეგს უკვე მიაღწია“

M: თუმცა,  ხელოვნური ინტელექტის განვითარების თვალსაზრისით, ალბათ, არსებობს გარკვეული პრობლემები . . .

პრობლემები, პრინციპში, იგივეა, რაც – მთელ მსოფლიოში. ეს ნდობის საკითხია. ერთი შეხედვით, საკმაოდ გამბედავი ნაბიჯია, კომერციული გადაწყვეტილება პროგრამულ კოდს მიანდო. ვინც ეს საზღვარგარეთ გააკეთა, შედეგს უკვე მიაღწია. საქართველოშიც არის კომპანიები, რომლებიც ამ მიმართულებით მიდიან. თუმცა, ყოველთვის არსებობს კითხვა, რა პრინციპით იღებს გადაწყვეტილებას მანქანა ან პროგრამული კოდი?! ამაზე ზუსტი პასუხი არ არის. თუ ვიტყვით, რომ რაღაც კონკრეტული გზით იღებს გადაწყვეტილებას, ეს ხელოვნური ინტელექტი კი არა, გარკვეული ალგორითმი იქნება, რომელსაც მე წინასწარ, წესის სახით, ვაწვდი პროგრამას და ამის საფუძველზე ითვლის მაჩვენებლებს.

M: თქვენი აზრით, როგორ უნდა განვითარდეს ხელოვნური ინტელექტი საქართველოში?

ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ პროგრამულ უზრუნველყოფაში ვხედავ მის განვითარებას. შესაძლოა, ეს ტექნოლოგია იყოს. იმის მაგივრად რომ ბარათის საშუალებით აღრიცხოს თანამშრომლების ოფისში მისვლა, ბევრ კომპანიას შეუძლია, სახის იდენტიფიკაციით დააფიქსიროს მათი შესვლისა და  გასვლის დრო. ზოგადად, ძალიან ბევრი მიმართულება არსებობს, რაშიც შეიძლება, ხელოვნური ინტელექტი გამოვიყენოთ: ფერის, მანაქანის მოდელის, სახის, ემოციის დიაგნოსტიკა. სადაც არის მონაცემები და ადამიანი ფიქრობს რა გადაწყვეტილებები მიიღოს, დღეს უკვე შესაძლებელია ეს ავტომატური ქმედების შედეგი გახდეს. ვთვლი, რომ ეს სფერო (ხელოვნური ინტელექტი)  ძალიან დიდხანს იქნება კვლევისა და განვითარების ინსტურიმენტი. უკვე არსებობს გარკვეული ხერხები, მაგრამ ჯერ-ჯერობით, ვერ ვხედავ მათი გამოყენების ზღვარს. მუდმივად ფიქრია საჭირო, რა მიმართულებით „გაიშალოს“ ეს ყველაფერი. ის, რაც  დღეს მექანიკურად ხდება, შეიძლება ავტომატური იყოს. მაგალითად, საგზაო მოძრაობის მოწესრიგება – შუქნიშანი, რომელიც დაარეგულირებს, წითელი და მწვანე ფერის მონაცვლეობას, მეტროს განრიგი, რომელიც დაადგენს, როდის და რა რაოდენობის ვაგონი იქნება საჭირო კონკრეტულ სადგურზე  და ა.შ.

„ეს სფერო (ხელოვნური ინტელექტი) ძალიან დიდხანს იქნება კვლევისა და განვითარების ინსტურიმენტი“

შეგახსენებთ, POPXSpotlight 18 ნოემბერს, „რადისონში“ გაიამართება. ეს არის პირველი „სპოტლაითი“, რომელიც ეძღვნება ინოვაციებსა და ტექნოლოგიებს.

სრული პროგრამის
სანახავად ეწვიეთ ბმულს.
ბილეთებისთვის ეწვიეთ:
TKT – https://bit.ly/2SLrUQV
Biletebi.ge – https://bit.ly/2PBqcmD

განხილვა