რეკლამის მრავალგვარი ფორმა არსებობს, თუმცა მიუხედავად განსხვავებებისა, მიზანი ყოველთვის ერთია: მომხმარებლების დაინტერესება, მიზიდვა და მათთან კავშირის დამყარება. ზოგი ბრენდი ამას წარმატებით ართმევს თავს — ინდივიდუალურ ნიშას იჭერს, საინტერესო საკომუნიკაციო ენას პოულობს და „სხარტ ურთიერთობას“ იწყებს საზოგადოებასთან.
ერთ-ერთი ასეთი ბრენდია Porsche, რომელიც ყოველ ჯერზე კრეატიულ რეკლამებს გვთავაზობს. სტატიაში რამდენიმე ასეთ შემთხვევას განვიხილავთ, როგორც ერთგვარ გზამკვლევს ეფექტური ქოფირაითერული მიგნებებისთვის.
რეკლამა N1
„შეიძლება დაიკარგოთ“ აქ იმის ტოლფასია, რომ ყველას მოეწონება ამ ავტომობილის მართვა. „თუმცა არა ბრბოში“ — ანუ ვინც კი მას მართავს, ყოველთვის გამორჩეული იქნება სხვებისგან; ექსკლუზიურ ელეგანტურობას შეინარჩუნებს.
ამგვარი მიდგომით ბრენდი სტატუსსა და ემოციაზე აკეთებს აქცენტს.
რეკლამა N2
აბსურდული შედარება კია, მაგრამ გონებაში ეგრევე „ილინკება“ კავშირი — პორშეს ავტომობილის სიჩქარე იმდენად დიდია, თვითმფრინავის „საშინელი“ საჭმლისგანაც გვიცავს. თითქოს, მისი არსებობის ფონზე, აღარ გვჭირდება თვითმფრინავით სარგებლობა სადმე სწრაფად მისასვლელად.
რეკლამა N3
ალბათ, ეს ერთ-ერთი ყველაზე „თავდაჯერებული“ რეკლამაა. ბრენდი დარწმუნებულია, რომ Porsche მხოლოდ საავტომობილო პროდუქტი არ არის, არამედ ვიღაცის საოცნებო მანქანაა. აქ მთელი ლანდშაფტი იშლება — ავტომატურად წარმოვიდგენთ ადამიანს, რომლის მთავარი ოცნებაც Porsche 911-ის ყიდვაა.
რეკლამა N4
პორშე მარტივ ფორმულას იყენებს: უხეშად არ ყიდის ავტომობილის მახასიათებლებს. გადატანითი, სიტუაციური მნიშვნელობით ქმნის სახალისო გადათამაშებას. უბრალოდ ხაზს უსვამს, რომ პორშეს გასწრება ან დაწევა შეუძლებელია.
რეკლამა N5
კონტექსტის შეცვლით და პროდუქტის გამოცდილების გაფართოებით, ნებისმიერ ბრენდს შეუძლია კრეატიული რეკლამის შექმნა. მაგალითად, მოცემულ შემთხვევაში ბრენდმა Porsche 911 Carrera Cabriolet-ის თერაპიული სარგებელი გამოკვეთა, როგორც ავტომობილის სარფიანი გარიგება.
მარტივად, მომხმარებლებს უნდა დააჯეროთ, რომ თქვენი პროდუქტი ქმნის იმ გამოცდილებას, რომელიც მათ სჭირდებათ.
რეკლამა N6
გამძლეობაზე საუბარი მოსაწყენია. ამის ნაცვლად, ბრენდი მომავალზე და ადამიანების ფართო მასშტაბზე აკეთებს აქცენტს. ყველას არწმუნებს, რომ ერთი მომხმარებლის შემდეგ კიდევ ბევრს „მოემსახურება“ — ასე ვთქვათ, მემკვიდრეობით გადასცემთ შემდეგ თაობებს. ისინი კი მადლიერები იქნებიან…