როგორც ჩანს, მსოფლიოს წამყვანმა ბრენდებმა ერთიანად გადაწყვიტეს მეტად ფერადოვანი რეალობა და გარემო შექმნან… ფიატის შემდეგ ახლა Porsche გამოვიდა ფერადი ინიციატივით და Backdrop-თან ერთად შეზღუდული გამოშვების საღებავების სერია წარმოადგინა. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი სწორედ ავტომწარმოებლის ძველი სპორტული მოდელებითაა შთაგონებული და 75 წლის იუბილეს აღნიშვნას ეძღვნება.
ეს მემკვიდრეობითი ფერები პირველად იქცევა ინტერიერების ნაწილად და როგორც ბრენდი აღნიშნავს, ეს მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, პორშეს ხასიათი მანქანისგან განსხვავებულ სივრცეებშიც იგრძნონ. ამჯერად სერია ოთხ ფერს მოიცავს: Ruby Star, Irish Green, Riviera Blue, Speed Yellow.
„მოგვეცა შესაძლებლობა, ისეთ საკულტო ბრენდთან გვემუშავა, როგორიც პორშეა. ის ყოველთვის თამამი, განსხვავებული იდეების სინონიმი იყო — თუნდაც ფერთა პალიტრით. ამ ბრენდთან თანამშრომლობა, განსაკუთრებით 75 წლის იუბილეს აღსანიშნავად, აბსოლუტური ოცნება იყო… ერთად ვთარგმნეთ ჩვენი საერთო სიყვარული დიზაინისა და თვითგამოხატვის ფერებით ვიზუალიზაციაში, რაც შენობებში გაცოცხლდება“, — აღნიშნავს Backdrop-ის თანადამფუძნებელი ნატალი ებელი.