8
აგვ
2018

„აგვისტოს ომი 2008“ და „08.08.08.“ – პორტალები, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის 10 წლისთავზე შეიქმნა

8 აგვ 2018

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 10 წლის შემდეგ, ჯერ კიდევ ვდაობთ ომის დაწყების ზუსტ თარიღზე, ხშირია ფაქტობრივ უზუსტობები, ნაკლებად ვხდებით ისტორიებს ამ ომგამოვლილ ადამიანებზე.

პორტალები „აგვისტოს ომი 2008“  და „080808“ აგვისტოს ომის 10 წლისთავზე შეიქმნა. პროექტის ავტორები ამბობენ, ეს არის ერთად თავმოყრილი ინფორმაცია, ფაქტები და ადამიანების ისტორიები „აგვისტოს ომზე“.

პროექტი „08.08.08.“

„080808-ის იდეა წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრში გაჩნდა (GCRT). ლელა ცისკარიშვილი დაგვიკავშირდა და კოლაბორაცია შემოგვთავაზა. შემდეგ იყო უკვე განხილვები „ინდიგოსთან“ ერთად. GCRT-ს ომით დაზარალებულ ადამიანებთან მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, ჩვენ დიდი ამბების მოყოლა შეგვიძლია. თავიდანვე შევთანხმდით, რომ ყველას ამ ომის გამოცდილების მეხსიერებაში დაფიქსირება გვინდოდა. ამიტომაც, პროექტს ჩვენთვის მეხსიერების პორტალი დავარქვით. პორტალის სახელი – 080808 – ომის დაწყების თარიღს არ ემთხვევა, რეალურად, ომი უფრო ადრე დაიწყო. 8 აგვისტო არის დღე, როდესაც ჩვენი ისტორიების გმირები იგებენ, რომ ქვეყანაში ომია. რადგან მთელი პროექტი მათ გამოცდილებას აღწერს, ეს სიმბოლური სათაურიც მათი ცხოვრების დრამატულად ცვლილების მომენტის აღწერაა“, –  ამბობს ჟურნალ „ინდიგოს” დამფუძნებელი ნინო ლომაძე.

პროექტი „აგვისტოს ომი 2008“

„აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონიკა“ – ეს „რადიო თავისუფლების“ პროექტია. აგვისტოს ომის 10  წლისთავისთვის რამდენიმე პროექტი გავაკეთეთ. მაგრამ გვსურდა, ცალკე შეგვექმნა ისეთი პლატფორმა, რომელიც ერთად მოუყრიდა თავს ამ ომის ქრონოლოგიას და არა მხოლოდ  ომის გახსენების, არამედ მისი გააზრების საშუალებას მოგვცემდა. გადავწყვიტეთ, დროსა და სივრცეში მიმოფანტული ინფორმაციის და დოკუმენტების ერთად შეკრება – აგვისტოს ომის ერთგვარი ციფრული არქივის შექმნა. ასე გაჩნდა პორტალი „აგვისტოს ომი 2008“, – ამბობენ პროექტის ავტორები.

ავტორები

პროექტი „08.08.08.“

„პროექტს 080808 რამდენიმე ავტორი ჰყავს: მაკო აბესაძე და მარადია ცაავა (GIPA-ს მედია სკოლის ყოფილი სტუდენტები), რედაქტორი – ნინო ჯაფიაშვილი, არტ – დირექტორი გიორგი წოწკოლაური და ვებ – დეველოპერი დავით მაკარიძე – ეს არის გუნდი, ვისი მონაწილეობითაც „ინდიგოსტრანსმედია ისტორიების უკვე სერიოზული პორტფოლიო აქვს. ასევე, ფოტოგრაფი თაკო რობაქიძე. თაკო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებს ორ წელზე მეტია იღებს და სრულიად უნიკალური მასალა აქვს. 080808-ისთვის მომზადდა მოკლემეტრაჟიანი ფილმებიც, რომლებიც ისტორიების სექციაშია მიმოფანტული. ფილმების ავტორები არიან: ნინო ორჯონიკიძე და ვანო არსენიშვილი, სალომე ჯაში, ალექსანდრე ქორიძე და მარიკა ეჯიბია“.

პროექტი „აგვისტოს ომი 2008“

რაც შეეხება პორტალს „აგვისტოს ომი 2008“, როგორც ავტორები ამბობენ, ამ ტიპის პროექტის მომზადებას დიდი ადამიანური და ინსტიტუციური რესურსი და რაც მთავარია, დრო სჭირდება.

„ჩვენს შემთხვევაში, მცირე დროის პირობებში, შემოქმედებით სააგენტო „მარმელადსთან“ თანამშრომლობით შევძელით განგვეხორციელებინა ეს მოცულობითი პროექტი. კვლავ ვმუშაობთ პროექტის დახვეწასა და   ინგლისურ და რუსულ ვერსიებზეც. უშუალოდ პროექტზე მუშაობდნენ: ნასტასია არაბული, სოფიკო ვასაძე, შიო ხიდაშელი, ტატო ჯინჯიხაძე, ბექა ბერიძე და „რადიო თავისუფლების“ რედაქტორები.

მიზანი 

პროექტი „08.08.08.“

ნინო ლომაძე: „ამ ომის სურათი ძალიან მალე გაქრა საინფორმაციო ველიდან. ის, რაც წლების მანძილზე ჩვენამდე აღწევდა, იყო ხშირად, მხოლოდ პოლიტიკური გზავნილები, სტატისტიკა და მშრალი ფაქტები. ჩვენ კი გვინდოდა, 080808-ს საშუალებით, რუსეთ-საქართველოს ომი ყველაზე ვიწრო პრიზმიდან – ომგამოვლილი ადამიანების გამოცდილებიდან, მათი ბიოგრაფიებიდან დაგვენახა. შინაარსმა უკვე გვიკარნახა ფორმატი. ეს არაწრფივი ნარატივია. თხრობაც ასეთი, არათანმიმდევრული, არაწრფივი უნდა ყოფილიყო – სადაც არ არსებობს დასაწყისი და დასასრული. ისევე, როგორც ამ ომს არ აქვს არც ერთი ბოლო. ის ყველასთვის სხვადასხვა დროს იწყება, მაგრამ ჯერ არავისთვის დასრულებულა. ამ მეხსიერების პორტალსაც ასეთივე სტრუქტურა და ღია დასასრული აქვს.

პროექტი „აგვისტოს ომი 2008“

„ჩვენი პროექტის მიზანი აგვისტოს ომის შესახებ არსებული ძირითადი ინფორმაციის თავმოყრა იყო, რათა ომის მასშტაბი, მნიშვნელობა და შედეგები კიდევ ერთხელ გავიაზროთ. გვსურდა, ცხადად გვეჩვენებინა, რომ  5 დღიანი ომი არ დაწყებულა უშუალოდ 7 ან  8 აგვისტოს; რომ ომის გეოგრაფია არ მოიცავდა მხოლოდ ცხინვალისა და გორის მიმდებარე ტერიტორიას; რომ ჩვენ დღესაც მცოცავი ოკუპაციის და „ბორდერიზაციის” პირობებში ვცხოვრობთ, დღემდე იტაცებენ ადამიანებს, ავლებენ მავთულხლართებს, დევნილობაში რჩება ათასობით ადამიანი, სახლებში დაბრუნებულებს კი არ აქვთ სიმშვიდის ან მშვიდობის განცდა. რაც შეეხება იმ  კონკრეტულ ბრძოლას, „აგვისტოს ომი“ რომ ჰქვია, ისიც 5 დღეზე მეტ ხანს გაგრძელდა და ფაქტობრივად მთელი ქვეყანა მოიცვა. 2008 წლის აგვისტოში იბომბებოდა სამხედრო ბაზები, სტრატეგიული დანიშნულების ობიექტები (ქარხნები, ნავთობსადენი, აეროპორტები, პორტი), მშვიდობიანი მოქალაქეებით დასახლებული პუნქტები და არა მარტო კონფლიქტის რეგიონში. აგვისტოს ომის ნაწილი იყო ასევე საინფორმაციო ომი. ეს იყო ჰიბრიდული ომი, სანამ ტერმინი „ჰიბრიდული ომი” გახდებოდა პოპულარული;  მიუხედავად იმისა, რომ მათთვის, ვისაც უშუალოდ შეეხო ომი, მოგონებები და ემოციები ოდნავადაც არ გაფერმკრთალებულა, ჩვენს კოლექტიურ მეხსიერებაში არ არის შემორჩენილი ომის მკაფიო ქრონოლოგია. ამას ხელი საინფორმაციო ომმა და თანმდევმა პროპაგანდამ შეუწყო. ჩვენ შევეცადეთ ძირითადად და მხოლოდ ფაქტების საშუალებით, რომელთა აღნუსხვა ქაოტურად ხდებოდა სხვადსხვა უწყებისა თუ მედიის მიერ, და მათი თანმიმდევრულად გადაწყობით, აღგვედგინა ომის რეალობასთან მაქსიმალურად და შესაძლებლად ახლოს მყოფი სურათი; გვეჩვენებინა მოვლენათა განვითარების დინამიკა დროსა და სივრცეში; პროექტი საშუალებას გვაძლევს მივყვეთ მოვლენებს დღეების მიხედვით და დავინახოთ ეს მოვლენები რუკაზე. ვნახოთ, რომ ქართული სოფლები 1 აგვისტოს უკვე იბომბებოდა; 3 აგვისტოს რუსულ სამხედრო ნაწილებს საქართველოს საზღვარი როკის გვირაბის გავლით  გადმოკვეთილი ჰქონდათ და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე ამაგრებდნენ პოზიციებს. გავიხსენოთ, ისიც, რომ 5 აგვისტოს ცხინვალში ქალებისა და ბავშვების ევაკუაცია დაიწყო და სხვა მრავალი ამბავი – თანამიმდევრულად დალაგებული მშრალი ფაქტები, როგორც პასუხის მცდელობა კითხვებზე, რაც ამ ომთან დაკავშირებით დღემდე გვაქვს. ამავე პროექტში საკმაოდ დიდი ნაწილი უკავია საარქივო  ფოტო და ვიდეო მასალას, რაც  კიდევ უფრო მკაფიოს ხდის საერთო სურათს. ჩვენ მიზნად დავისახეთ არა ერთჯერადი პროექტის, არამედ ისეთი პლატფორმის შექმნა, რომელსაც „ხანგრძლივი სიცოცხლე” ექნება; რომელსაც შევძლებთ დავუბრუნდეთ; შევავსოთ; მსგავსი ფორმატის პროექტი ალბათ აქამდეც უნდა არსებულიყო.  სულ მცირე, სასურველი იქნებოდა უფრო მეტი და მოწესრიგებული დოკუმენტები ჰქონოდა ომის შესახებ სახელმწიფო უწყებებს“ , – ამბობენ „აგვისტოს ომი 2008“-ის ავტორები.

პროექტი „08.08.08.“

რატომ არის ეს პროექტები მნიშვნელოვანი?! 

„ჩვენი ვფიქრობთ და გვსურს, რომ ამიერიდან, თუ ვინმე დაინტერესდება, რა ხდებოდა 2008 წლის აგვისტოში, დააინტერესებს ფაქტები და მოვლენათა თანამიმდევრობა, პორტალი „აგვისტოს ომი 2008“ გახდეს ის ადგილი, სადაც ერთად თავმოყრილ ამბებს იპოვის. როდესაც მის ხანგრძლივ სიცოცხლეზე ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ გეგმებზე, რომელიც უფრო ფართო პერიოდის მოიცავს და პროექტის შემდგომი ეტაპს უკავშირდება. კვლავ ვმუშაობთ მის დახვეწაზე. გავამზადებთ ინგლისურ და რუსულ ვერსიებს.  გვინდა რაც შეიძლება მეტმა ადამიანი გაეცნოს ამ პროექტს “, – ამბობენ აგვისტოს ომი 2008“-ის ავტორები.

პროექტი „აგვისტოს ომი 2008“

ნინო ლომაძე: ყველაზე ძვირფასი ჩემთვის ისტორიების მოზაიკაა. იმდენნაირი ამბავია, იმდენი პოზიცია, ხედვა და გამოცდილებაა, შეუძლებელია რომელიმე ერთ ნარატივში მოათავსო. ამბების სიმრავლეა ჩვენი მთავარი მიგნება. ეს სიმრავლე ქმნის სინამდვილეში სურათს, რომლით მანიპულირება თითქმის შეუძლებელი ხდება. ჩვენს პორტალს ომის ქრონიკებიც დაემატა. ეს ბლოკი კონფლიქტის ისტორიის მნიშვნელოვან ფაქტებს და მოვლენებს უყრის თავს მედია არქივიდან. აგვისტოს ბოლომდე პორტალს ახალი გმირების ამბებიც დაემატება. სექტემბერში კი, ზეპირი ისტორიები ერთ მთლიან ტექსტად იქცევა და გამოიცემა წიგნად, რომელსაც „ვაშლის ბაღები” ჰქვია.

განხილვა