in

#პორტფოლიო – როგორ მოვუყაროთ თავი ქოფირაითერის პროექტებს?

„პორტფოლიო მაჩვენეთ“ – თანამშრომლობა, მეტწილად, ამ სიტყვებით იწყება. სააგენტოს ან კონკრეტული სფეროს შემოქმედს, პირველ რიგში, მისი ნამუშევრებით აფასებენ. ამიტომ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ დავალაგებთ საკუთარ ნამუშევრებს ერთ დოკუმენტში, რათა დამკვეთმა იდეალურად აღიქვას გამოცდილება და გაუჩნდეს თანამშრომლობის სურვილი. ამჯერად, ქოფირაითერი მარიტა ფილაური დაგვეხმარება გავიგოთ, როგორ შევადგინოთ ქოფირაითერის პორტფოლიო ეფექტურად.

რა არის პორტფოლიო და რაში იყენებს მას ქოფირაითერი?

რთულია აუხსნა პოტენციურ დამსაქმებელს, თუ რას აკეთებ და რა შედეგი აქვს შენს საქმეს ვიზუალური მტკიცებულების გარეშე. ქოფირაითერები ვწერთ მარკეტინგულ ტექსტს, სლოგანებს, სტატიებს, სოც.მედია პოსტებსა და სხვა ტიპის წერილობით კონტენტს – ამისი წარმოჩენა კი „ოფლაინ“ და ზეპირსიტყვიერი მეთოდებით წარმოუდგენელია. 

ამიტომაც, ვიყენებთ პორტფოლიოს. 

პორტფოლიო არის პროფესიონალის ნამუშევრების წარმოჩენის ვიზუალური, ციფრული მეთოდი. პორტფოლიოს აღქმა გაცილებით მარტივია და შენს პოტენციურ დამსაქმებელსაც ექნება შანსი გადახედოს შენი წერის სტილსა და კომპანიის სტილთან ადაპტაციის უნარს. 

რაში გვჭირდება პორტფოლიო?

პორტფოლიოს მეშვეობით შეგიძლია პოტენციურ კლიენტებს, სხვა ქოფირაითერებსა და HR’ებს შენი წერითი უნარები აჩვენო. ეს არა მხოლოდ შენს პროფესიონალიზმზე მეტყველებს, არამედ მოქნილობის საშუალებასაც გაძლევს და არ იქმნება ნამუშევრების გადაგზავნის, ჩამოტვირთვის, სპეციფიკური ფორმატის მიცემის აუცილებლობა. 

წარმოიდგინე, რამდენად დამღლელია თითო Word’ის ან PDF ფაილის ცალ-ცალკე გაგზავნა მეილზე, ყველა პოტენციურ დამსაქმებელთან, ყველა ვაკანსიაზე. ამ პრობლემას სრულიად წყვეტს ერთი, ცენტრალიზებული, ონლაინ პორტფოლიო.

რა ინსტრუმენტები უნდა გამოიყენო პორტფოლიოს შესაქმნელად

პორტფოლიოს მთავარი ხიბლი იმაშია, რომ იგი ციფრული პროდუქტია და ხელმისაწვდომია ონლაინ. ამიტომ, უნდა გამოვიყენოთ ონლაინ ხელსაწყოები და ასე დავტოვოთ ჩვენი საქმიანობის ციფრული კვალი.

ჩემი საყვარელი ხელსაწყოებია:

  • Contently 
  • Clippings.me 
  • Notion 
  • Wix, Squarespace, WordPress 

Contently და Clippings.me პორფოლიო პლატფორმებია. მათ აქვთ სასიამოვნო და ესთეტიური ინტერფეისი და საშუალებას გაძლევს, უფასოდ გამოაქვეყნო შენი ნამუშევრები. Contently ამ დროისთვის უფასოა, თუმცა მოითხოვს პორტფოლიოს ვერიფიკაციას. ხოლო, Clippings.me საშუალებას გაძლევს 10 ნამუშევარი უფასოდ ატვირთო.

Notion პროდუქტიულობის აპლიკაციაა, სადაც პროექტების დაგეგმვა, ტექსტების დაწერა, შენახვა და სხვა ბევრი რამ შეგიძლია. გარდა ამისა, Notion’ის გვერდის გამოქვეყნებაა შესაძლებელი და კრეატიულმა მომხმარებლებმა Notion’ის გვერდებს ვებსაიტისა და პორტფოლიოს ვიზუალი შესძინეს. Notion’ზე შეგიძლია ააწყო მარტივი პორტფოლიო, სადაც შეინახავ შენს გამოქვეყნებულ ნაშრომებს და მათ ბმულებს, PDF ფაილებსა და სხვა ფორმატით შექმნილ ქოფის.

რაც შეეხება Wix, Squarespace და WordPress-ს – ამ პლატფორმებზე შეგიძლია მარტივად ააწყო ვებსაიტ პორტფოლიო.

რა უნდა მიუთითო პორტფოლიოში და რა უნდა გაითვალისწინო

პორტფოლიოში აუცილებლად უნდა მიუთითო შენი სახელი და გვარი, სოც.მედია პროფილების ბმულები და საკონტაქტო ინფორმაცია (მეილი, ტელეფონის ნომერი). გაითვალისწინე, რომ შენი ელ.ფოსტის მისამართი პროფესიონალურად უნდა გამოიყურებოდეს.

აღწერე საკუთარი თავი რამდენიმე წინადადებით და მოუწოდე პოტენციურ დამსაქმებლებს შენთან თანამშრომლობისაკენ.

პორტფოლიოში აუცილებლად უნდა გამოაქვეყნო შენი ნაშრომები, რომლებიც რელევანტურია კონკრეტული მიმართულებისთვის, კარგად აღწერს შენს უნარებს და რომლებიც შენშიც კმაყოფილებას იწვევს.

პროექტის ინფორმაციაში მიუთითე: პროექტის სახელი, კლიენტის ან კომპანიის დასახელება, კლიენტის საქმიანობის სფერო, კლიენტის სურვილი და მიზნები, შენი მიდგომა, პროექტის საბოლოო შედეგი და სხვა, რელევანტური ინფორმაცია.

არ დაგავიწყდეს პროექტის ვიზუალური მასალით გალამაზებაც. პროექტის აღწერილობას თან დაურთე ფოტო ან ვიდეო მასალა, რომელიც კავშირშია შენს შესრულებულ საქმესთან.

რა შეცდომებს ვუშვებთ ხშირად ქოფირაითერის პორტფოლიოს შექმნისას და როგორ ავარიდოთ თავი

არარელევანტური პროექტების ჩასმა

მიუხედავად იმისა, რომ ყველამ კარგად ვიცით, რომ ხარისხი მოცულობაზე გაცილებით მნიშვნელოვანია, მაინც გვიხარებს გულს პორტფოლიოს ბევრი პროექტით შევსება.

წარმოიდგინე, შენს პორტფოლიოს უყურებს კლიენტი, რომელიც ეძებს ქოფირაითერს SEO სპეციალიზაციით. შენს პორტფოლიოში კი ჩაყრილია სხვადასხვა ვებსაიტ ქოფი, სოც.მედია ქოფი და არაერთი SEO სტატია. მიუხედავად იმისა, რომ წლებია წერ SEO სტატიებს, შესაძლოა სხვა, არარელევანტურმა პროექტებმა გადაფაროს შენი გამოცდილება ან პოტენციურმა კლიენტმა უბრალოდ მარტივად ვერ იპოვოს სასურველი პროდუქტი და დატოვოს შენი პორტფოლიო.

ამ შეცდომას მეც ვუშვებ დღემდე, თუმცა მუდმივად ვექსპერიმენტობ პორტფოლიოების ფორმატებითა და მონახაზებით.

ჩემი რეკომენდაცია იქნება, დააჯგუფო კონკრეტული ტიპის პროექტები და გაუადვილო შენს პოტენციურ კლიენტსა თუ დამსაქმებელს, შენი დასაქმება.

ზედმეტი პროფესიონალიზმი

ერთ-ერთ ტრენინგზე, მსმენელმა მითხრა, „პორტფოლიოზე რომ საუბრობ, ყოველთვის მბზინვარე, გაპრიალებული, ტყავის საქაღალდე წარმომიდგენიაო“. რა თქმა უნდა, მაგალითების განხილვის შემდეგ ეს წარმოდგენა ქრება, მაგრამ ხშირად, მაინც ვაკავშირებთ საკუთარი თავის წარმოჩენას ზედმეტ პროფესიონალიზმთან.

ბუნებრივია, მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ პროფესიონალიზმი და ხაზი გავუსვათ ჩვენს უნარებსა და შესაძლებლობებს, თუმცა, არ გვინდა რობოტისა და უემოციო ადამიანის შთაბეჭდილება დავტოვოთ პოტენციურ კლიენტზე.

გაითვალისწინე, რომ შენს პორტფოლიოს განსაკუთრებული პეწი უნდა ჰქონდეს და შენს პიროვნებასა და მის თავისებურებებს უნდა წარმოაჩენდეს.

გადაკითხვის გამორჩენა

ყველაზე მარტივი შეცდომა, რასაც ხშირად ვუშვებთ, ეს არის პორტფოლიოს ხელახლა, რამდენიმეჯერ გადაკითხვა.

ძალიან მარტივია დავუშვათ შეცდომები, გამოგვრჩეს ასოები და მნიშვნელოვანი ინფორმაციაც კი. ამის აღმოფხვრისთვის, საჭიროა ტექსტის რამდენიმეჯერ გადაკითხვა და ჩემი რჩევა იქნება, ხმამაღლაც წაიკითხოთ – ნახოთ როგორი ჟღერადობა აქვს თქვენს პორფტოლიოს.

და ბოლოს

გამოაქვეყნე შენი პორტფოლიო ისე, რომ ყველასათვის ხელმისაწვდომი იყოს. მიუთითე შენს LinkedIn პროფილზე, ჩასვი Facebook Bio-ში, მიუთითე Upwork’ის აღწერაში და გამოიყენე შენს სავიზიტო ბარათად.

როგორ შევიგრძნობთ მწარე გემოს? — კვლევა

X ახალი მომხმარებლებისთვის ფასიანი ხდება!