დასაქმების გვერდებზე, სამუშაოს აღწერაში ხშირად წერია: „დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV და პორტფოლიო”. თუ დიდი გამოცდილება გვაქვს, მაშინ, რა თქმა უნდა, პორტფოლიოს თამამად გავგზავნით, მაგრამ რა ხდება მაშინ, თუ დამწყებნი ვართ ამა თუ იმ სფეროში და ჯერ იმდენი გამოცდილება არ მიგვიღია, რომ შთამბეჭდავი პორტფოლიო შევქმნათ? როგორც არტ დირექტორები, დიზაინერები და ქოფირაითერები გვასწავლიან, ამაზე ნერვიულობა არ ღირს, რადგან გამოსავალი ყოველთვის არსებობს.
ამ სტატიაში მოგცემთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც დაგეხმარებათ, რომ შექმნათ მიმზიდველი პორტფოლიო მაშინაც კი, თუ ჯერ ახალბედა ხართ…
რჩევა #1
უპირველეს ყოვლისა, გამოარჩიეთ თქვენთვის საინტერესო სფეროები. მაგალითად: ტექნოლოგიები, განათლება, მედიცინა, ჯანმრთელობა თუ სხვა. მართალია, უშუალოდ მუშაობის დროს შეიძლება მრავალფეროვან დამკვეთებთან მოგიწიოთ თანამშრომლობა, მაგრამ სასურველია, პორტფოლიოში ის თემები წამოსწიოთ, რომლებიც თქვენთვის უფრო საინტერესოა. ეს საკუთარი ნიშის ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ, რაც შთაბეჭდილებას მოახდენს იმ ადამიანებზე, ვინც თქვენს პორტფოლიოს იხილავს. არ არის აუცილებელი მხოლოდ ერთი სფეროს შერჩევა, ამოირჩიეთ 2-3 მიმართულება, უბრალოდ ეცადეთ, რომ ჩასვათ ისინი ერთ ნიშაში.
რჩევა #2
მას შემდეგ, რაც უკვე იცით, რა სფეროებზე კონცენტრირდებით, გადახედეთ ამ მიმართულების ცნობილ კომპანიებს, დააკვირდით მათ მოთხოვნებს, მათ კომუნიკაციას მომხმარებელთან, მათ კამპანიებს, რეკლამებსა და აქტივობებს სოციალურ ქსელებში. გადახედეთ აგრეთვე მათ ციფრულ პროდუქტებს, იქნება ეს ვებგვერდი თუ მობილური აპლიკაცია.
ამის მიხედვით შექმენით საკუთარი მაგალითები. თუ დიზაინერი ხართ, გააკეთეთ, მაგალითად, პოსტერის ნიმუში ცნობილი კომპანიისთვის. თუ ქოფირაითერი ხართ, დაწერეთ ბლოგპოსტი, ვებგვერდის „ჩვენ შესახებ” განყოფილების კრეატიული ტექსტი, ფბ-ის პოსტი ან ნებისმიერი სხვა ქოფი, რაც ამ კომპანიას, თქვენი აზრით, მოუხდება. აუცილებლად გაითვალისწინეთ ის სტილი, რაც ამ კომპანიას აქვს. შეზღუდული არ ხართ თქვენეული ხედვის შეტანაში, თუმცა არა ისე, რომ ზოგად ბრენდინგს აცდენილი იყოთ.
რჩევა #3
იყავით ინოვაციურები. აირჩიეთ რაიმე თქვენთვის საინტერესო თემა და მოამზადეთ თავისუფალი სტილის ნამუშევარი თქვენი სფეროს ფარგლებში. აჩვენეთ თქვენეული მიგნებები, გადაწყვეტები, ხედვა და ინოვაცია, რაც სხვას ამ თემაზე ჯერ არ გაუკეთებია. ეს შეიძლება იყოს რაიმე სოციალური თემატიკა ან უბრალოდ, რაიმე დარგი თქვენი ინტერესებიდან. პორტფოლიოში საკუთარი პერსონალობის ჩართვა არა მხოლოდ თქვენს პროფესიულ ნამუშევარს დაანახებს პოტენციურ დამკვეთს, არამედ თქვენი, როგორც პიროვნების შესახებაც გარკვეულ წარმოდგენას გაუჩენს, რაც საინტერესო კანდიდატად გაქცევთ.
რჩევა #4
მოძებნეთ ისეთი ადამიანები, რომლებიც თქვენს სფეროსთან ახლოს არიან და ისინიც თქვენსავით მცირე გამოცდილებით ეძებენ სამუშაოს. მაგალითად, თუ ხართ ქოფის მიმართულებაზე, იპოვეთ გრაფიკოს დიზაინერი და მასთან ერთად შეიმუშავეთ პატარა პროექტი. მაგალითად, ერთად მოამზადეთ თქვენთვის საინტერესო პრინტკამპანია და შემდეგ განათავსეთ ის პორტფოლიოში. ამით თქვენს უნარებსაც წარმოაჩენთ და იმასაც, რომ შეგიძლიათ გუნდის სხვა წევრთან ერთად თანამშრომლობა.
რჩევა #5
იბრეინშტორმინგეთ ChatGPT-სთან ერთად! დიახ, არ მოგესმათ. ეს ინტერაქციული პროგრამა, რომელმაც ბოლო ორი წელია თავისი პასუხებით გვაოცებს, თავისუფლად შეგიძლიათ იდეების გენერირებისთვისაც გამოიყენოთ.
თუ იდეები ამოგეწურათ და გსურთ, რომ რაიმე საინტერესო პროექტი დაამატოთ თქვენს სიას, მისწერეთ ChatGPT-ს თქვენი ინტერესის შესახებ და დაელოდეთ მის შემოთავაზებებს. შესაძლოა მისგან პირდაპირ იდეაც წამოიღოთ, ან უბრალოდ, მისი რჩევები ინსპირაციად გამოგადგეთ.
რჩევა #6
არ ჩამორჩეთ პოპკულტურას. გამოიყენეთ თქვენი უნარები, რათა გამოეხმაუროთ მიმდინარე საინტერესო მოვლენებს. მოიფიქრეთ კრეატიული გრაფიკული ნამუშევარი, სლოგანი, კონცეფცია ან სხვა, თქვენი სფეროდან გამომდინარე და მიუსადაგეთ ის რაიმე მოვლენას, რომელიც პოპკულტურის ფარგლებში აქტუალური და ხალხისთვის საინტერესოა. ინდივიდუალური ხედვა იმისა, რაზეც მასობრივად ბევრს ლაპარაკობენ, თქვენს შემოქმედებითობას გაუსვამს ხაზს.
რჩევა #7
არ მოგერიდოთ თქვენი გამოცდილების შეთავაზება დამსაქმებლებისთვის. გახსოვდეთ, რომ მცირე პროექტიც კი შეგიძლიათ კარგად შეფუთოთ და მერე პორტფოლიოს ნაწილად აქციოთ. ამიტომ იყავით აქტიური და თვალყური ადევნეთ, სად რა ვაკანსია იდება. შეიძლება ვინმე ერთჯერადად ეძებდეს დიზაინერს, ქოფირაითერს, კონტენტმენეჯერს და სხვას. მსგავსი მრავალფეროვანი თანამშრომლობა გამოცდილებასაც შეგძენთ და პორტფოლიოში ჩასასმელადაც გამოგადგებათ.
გამოიყენეთ ეს რჩევები და შექმენით თქვენი იდეალური პორტფოლიო მაშინაც კი, როდესაც საწყის სტადიაზე ხართ ახალ სფეროში. გახსოვდეთ, რომ ყველაფერი სწორი შეფუთვით იწყება…
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი