„პორტფოლიო მაჩვენეთ“ – თანამშრომლობა, მეტწილად, ამ სიტყვებით იწყება. სააგენტოს ან კონკრეტული სფეროს შემოქმედს, პირველ რიგში, მისი ნამუშევრებით აფასებენ. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, რუბრიკაში #პორტფოლიო სხვადასხვა სააგენტოსა და შემოქმედებითი სფეროს პროფესიონალების ნამუშევრებს მოვუყაროთ თავი. ამჯერად, სააგენტო JWT Metro-ს პორტფოლიოდან გიზიარებთ კამპანიებს.
არ გაჩერდე – საქართველოს ბანკი
„არ გაჩერდე“ ქართული მარკეტინგული ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საკომუნიკაციო პლათფორმაა. მის ფარგლებში, მრავალი კამპანია შიქმნა, თუმცა აი, ამ ერთით დაიწყო – „ცხოვრება არის ზმნა. იმოქმედე, არ გაჩერდე“.
საუკეთესო წინ არის – საქართველოს ბანკი feat. ჟირაფი ჟოზე
2023 წლის ბოლოს, ერთი ძალიან ცნობილი ჟირაფი ადამიანების სამყაროში გადმოვიდა იმის სათქმელად, რომ საუკეთესო წინ არის.
2019 წლის 26 დეკემბერს გამოვიდა „შინაგანი ბავშვის“ ვიდეო. ის ეცადა დავერწმუნებინეთ, რომ შეზღუდვები დიდების მოგონილია და სინამდვილეში, შესაძლებლობები უსაზღვროა.
ანბანი – GEORGIA MADE BY CHARACTERS – ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი და კულტურის სამინისტრო
2018 წელს, საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი იყო. ამისთვის ეს ანიმაციური ვიდეო დამზადდა, სადაც სხვადასხვა არტისტის მიერ შექმნილი უნიკალური ანბანის ილუსტრაციები მსოფლიოს საქართველოზე უყვებოდა.
26 მაისი – დროშები, საქართველოს ბანკი
26 მაისი მეტროსთვის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია და წლების განმავლობაში, არაერთი კამპანია მომზადდა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული 2023 წელს გამოსული დროშების ვიდეოა. თქვენ წინაშეა ათასობით ფოტო/ვიდეო მასალით შეკრული დროშების შეუჩერებელი კასკადი და დოლის აკომპანიმენტი, რომელიც ვიდეოს რიტმს ჰკარნახობს.
Colors of Ajara, აჭარა
აჭარა ზაფხულთან და შავ ზღვასთან ასოცირდება, თუმცა ეს რეგიონი ოთხივე სეზონზე საოცრად საინტერესო და მრავალფეროვანია. ამ ყველაფრის დასამტკიცებლად შეიქმნა საერთაშორისო კამპანია, რომელიც აჭარის ყველა ფერს ასახავს. კადრები ფერების მიხედვით არის დაწყობილი და ისე ყვება ამ რეგიონის შესახებ. ამ ვიდეოს ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ელემენტი მისი მუსიკა გახდა. კამპანიის ფარგლებში ასევე შეგროვდა ფოტომასალაც, რომელიც ინსტაგრამის სპეციალურ გვერდზე დღემდე ინახება.
ეტლების პარკინგი – სიცოცხლის ხე, საქართველოს ბანკი
ეს ამბავი 2014 წელს მოხდა, როდესაც, ერთ მშვენიერ დღეს, კინო სახლის და რუსთაველის მაკდონალდსის მიმდებარე პარკინგი სრულად დაიკავა 70-მა ეტლმა. ეს ჩუმი აქცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირებისთვის გამოყოფილი პარკინგის ადგილების არამიზნობრივი დაკავების პრაქტიკას აპროტესტებდა და მიზნად ისახავდა, რომ როლების გაცვლის შედეგად, თბილისის მძღოლებს გაეთავისებინათ პრობლემა, რომელსაც მანამდე თავად ქმნიდნენ.
Secret Santa
საყოველთაო სეკრეტ სანტა ალბათ ყველაზე მასშტაბური სახალხო კამპანია იყო, რომელიც თან ქართულ ბიზნესებსაც უჭერდა მხარს. კამპანია საქართველოს ბანკთან და რედბერისთან ერთად საქართველოს ფოსტასთან თანამშრომლობით 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.
SpoiledChild
2022 წლის დასაწყისში მეტრომ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვების შედეგად – ამერიკული ბრენდის SpoiledChild პირველი მასობრივი კამპანიის შემუშავების და განხორციელების უფლება მოიპოვა. პროექტის ფარგლებში დამზადდა 3 სატელევიზიო რგოლი, რომელიც აშშ-ს სატელევიზო ეთერში განთავსდა. არ არის პატარა ამბავი.
ეს ცოტა ძველი ამბავია. მაშინ სადაზღვევო ბაზარი განსაკუთრებულად კონკურენტული გარემოთი გამოირჩეოდა. ერთ-ერთმა მსხვილმა მოთამაშემ მაშინ სარეკლამო გმირი, ძაღლი „რექსი“ წარადგინა – ალდაგმა კი რამოდენიმე დღეში ახალი პროდუქტი „შინაური ცხოველების დაზღვევა“ წარადგინა. მაშინ ყველა ყველაფერს მიხვდა და კარგადაც გაერთო.
ალტა – ზედგამოჭრილი ფასდაკლებები
2018 წლის ბოლოს, ალტამ მომხმარებლებს იმ დროისთვის უცნაური თამაში შესთავაზა მესიჯით – მოუგე ფასში ალტაოქეის. ფილიალში ან საიტზე შენ შეგეძლო აგერჩია სასურველი პროდუქტის კატეგორია და მიგეღო „საფასდაკლებო პირობა“. 20%-იანი ფასდაკლება თუ გიორგი ქვია, 35% იანი თუ თმა წითელი გაქვს, 75%-იანი თუ ფილიალში თხილამურებით მოხვალ და ა.შ. ეს ის ამბავია, ადამიანებმა რომ ბრენდის ტატუები გაიკეთეს, დიახ. შედეგად ყველა ფილიალი გაივსო, გაყიდვების მიზანი 5 დღეში შესრულდა, ძალიან ბევრმა ძალიან იაფად მიიღო ტექნიკა.
P.S. რაც არ უნდა უცნაური იყოს, JWT Metro-ში ერთ-ერთ წამრატებულ ნამუშევარად მიაჩნიათ ვაკანსიის ვიდეო: დიზაინერი.
ჰოდა, აქვე, სააგენტოს ვაკანსიაზე გიზიარებთ ინფორმაციას:
„JWT Metro-ში ახლაც გვჭირდება დიზაინერი. შესაბამისად თუკი ამ სტატიას ბოლომდე კითხულობ და თანაც ხარ დიზაინერი, გაგვიზიარე ფეისბუქის გვერდზე შენი პორტფოლიო. მართლაც ძალიან გვჭირდება დიზაინერი.“
ავტორი: თამარ მეფარიშვილი