in

Portfolio Review 2017-ის შედეგები და რევიუერების შეფასება!

Portfolio Review 2017-ის გამარჯვებულები სანდრო ლალიაშვილი (I ადგილი), მექი გიორგაძე (II ადგილი) და გიორგი ყოლბაია (III ადგილი) გახდნენ. ღონისძიებას GIPA  სარეკლამო ინდუსტრიითა და ვიზუალური კომუნიკაციით დაინტერესებული 18-28 წლამდე ახალგაზრდებისთვის უკვე მეორე წელია მართავს. მონაწილეებს საშუალება აქვთ, საკუთარი პორტფოლიოები პროფესიონალებს წარუდგინონ და მათგან კონსტრუქციული შეფასება მიიღონ. წელს, Portfolio Review-ში 18 უნივერსიტეტის 100-მდე სტუდენტი და კურსდამთავრებული  მონაწილეობდა. კონკურსი მოიცავდა არტ დაირექშენის, კოპირაითინგის, ფოტოს, ვიდეოს, დიზაინისა და ილუსტრაციის მიმართულებებს.

Portfolio Review 2017-ის გამარჯვებულები თვლიან, რომ ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია მათი პროფესიული ზრდისა და განვითარებისთვის. როგორც ამბობენ, აქ მიღებულ უკუკავშირს,  შეფასებებსა და რეკომენდაციებს მომავალში აუცილებლად გამოიყენებენ.

სანდრო ლალიაშვილი: ერთია ის, რომ რასაც მთელი წელი აკეთებ, წლის ბოლოს ერთ დიდ ფიდბექს, შეფასებას კომენტარებსა და რჩევებს იღებ. მეორე მხრივ, კონკურსში მონაწილეობის გარდა, პირად პორტფოლიოს აკეთებ და ამდიდრებ კარგი ნამუშევრებით, რას ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, Portfolio Review პროფესიული, წინსვლის თვალსაზრისით, გაძლევს შედეგს. როგორც გამარჯვებულს, მომეცა საშუალება Golden Drum-ს დავსწრებოდი. აქ კი ვხვდები და ვუსმენ სპიკერებს მთელი მსოფლიოდან, ვეცნობი ახალ ტენდენციებს და ვიღებ ახალ ინფორმაციას, ბევრ თემაზე განსხვავებულად ვიწყებ ფიქრს.

მექი გიორგაძე: პორტფოლიო ხელოვანის სახეა, ეს არის მისი შემოქმედებითი პოტენციალის სარკე. „პორტფოლიუ რევიუში“ მივედი კონკრეტული მიზნით: მინდოდა შემედარებინა თვითშეფასება, დარგის სპეციალისტების შეფასებასთან, გამეგო, რამდენად ობიექტური ვიყავი. ხალხს, რომელთაც შორიდან იცნობ, იცნობ მათ შემოქმედებას და აქტივობებს, ამ ღონისძიების ფარგლებში, საშუალება გაქვს, უშუალოდ გაესაუბრო. რამდენიმე ძალიან სასარგებლო რჩევა მივიღე და აუცილებლად გავითვალისწინებ შემდგომ პროექტებში. ეს პროცესი არის ერთგვარი SWOT ანალიზი, ჯანსაღი კრიტიკა, რომელიც ნებისმიერ ხელოვანს სჭირდება განვითარებისთვის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია კონკურენციის გრძნობა. მსგავსი ღონისძიებები გეხმარება გაიგო, რამდენად კონკურენტუნაირანი ხარ.

გიორგი ყოლბაია: შემოქმედებით პროცეში იმდენად ჩართული ვარ, რომ ხანდახან, წარმოუდგენლად რთულია, ობიექტური ვიყო ნამუშევრების მიმართ. ასეთი ღონისძიებები კი საშუალებას მაძლევს, გარეშე პირების, გამოცდილი, კოლეგების კომენტარები მივიღო, რაც ხშირად მეხმარება. პორტფოლიო რევიუს დროს რამდენიმე ძალიან საინტერესო ინტერვიუერი შემხვდა, რომლებთანაც დარწმუნებული ვარ, მომავალში აუცილებლად ვითანამშრომლებ.

რაც შეეხება „რევიუერებს“ – წარმოდგენილ ნამუშევრებს აფასებდნენ და მონაწილეებს რეკომენდაციებს აძლევდნენ: გიორგი პოპიაშვილი (კრეატივ დირექტორი და თანადამფუძნებელი, Dora’s Lab), გია ბოხუა (ლოგოს დიზაინერი), სანდრო მელია (კრეატივ დირექტორი, კომპანია Golden Fox), ნიკა გუჯეჯიანი (კრეატივ დირექტორი, საქართველოს ბანკი), ირაკლი ღარიბაშვილი (CG არტისტი, QUBITZ), აბესალომ ყაველაშვილი (არტ დირექტორი), გიორგი ავალიანი (კრეატივ დირექტორი, LEAVINGSTONE), ეკა ყიფიანი (კრეატივ დირექტორი, JWT METRO), ბუბა რადიანი (არტ დირექტორი, კოლექტივი), ნიკა კუმბარი (არტ დირექტორი, LEAVINGSTONE), გიორგი კალმახელიძე (გრაფიკული დიზაინერი, კოლექტივი),  ნათია გოგია – კრეატივ დირექტორი, LEAVINGSTONE), ბექა მეფარიშვილი (კრეატივ დირექტორი, WINDFOR’S), ნინო გორდელაძე (კრეატივ დირექტორი, WINDFOR’S), რუსლან ბერიძე (დიზაინერი/არტისტი, MORE STUDIO).

როგორც გიორგი პოპიაშვილმა აღნიშნა, შარშანდელთან შედარებით, წელს Portfolio Review-ზე ნამუშევრები უფრო მეტმა ადამიანმა წარადგინა.

გიორგი პოპიაშვილი: წინა წელსაც და ახლაც, თითქოს, გვიჩნდება სურვილი, უკეთ დამუშავებული პროექტები იყოს წარმოდგენილი. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პორფტოლიოს შექმნის კულტურა ჩვენთან ახალი შემოსულია. ამ მიმართულებით, ახლა ვდგამთ პირველ ნაბიჯებს. ეს ღონისძიება არ გულისხმობს გამოცდას ან შეფასებას. აქ მთავარია, აჩვენო, აზრი მოისმინო და სასარგებლო ინფორმაციით წამოხვიდე. ზოგადად, ძალიან კარგია, რომ ეს მოძრაობა არის და საბოლოოდ აუცილებლად მივალთ იქამდე, რომ ხარისხის კუთხითაც, ყველა ბევრად უფრო წინ წავიწევთ, როგორც ნამუშევრების წარმდგენები, ისე „რევიუერები“.  

M: რა არის ამისთვის საჭირო?

ფაქტობრივი განმსაზღვრელი იმისა, განვითარების რა ეტაპზეა ამა თუ იმ პროფესიის ადამიანი, ყოველთვის სფეროს განვითარებაა. პირობითად, თუ რომელიმე ქვეყანაში მედიცინა კარგადაა განვითარებული, მაშინ იქ ბევრი კარგი ექიმია. ამიტომ, პირველ რიგში, ინდუსტრია უნდა განვითარდეს, მაგრამ ეს ერთიანი ციკლია, ერთი მეორეს განაპირობებს. პროფესიონალებმა, ლექტორებმა, სტუდენტებმა, დამწყებებმა, დამკვეთებმა ყველამ ერთად უნდა შევუწყოთ ხელი ამ პროცესს, მომხმარებელს უნდა ჰქონდეს ახალ-ახალი და უკეთესი ნამუშევრების მოთხოვნილება. ასე გაჩნდება უფრო ბევრი პროფესიონალი, უფრო მეტი ნიჭიერი ახალგაზრდა დაინტერესდება ამ სფეროთი. დღეს შეიძლება ბევრს აქვს კარგი მონაცემები და  აბსოლუტურად სხვა მიმართულებით მუშაობს. ვურჩევდი ახლაგაზრდებს, თავადაც გამოიჩინონ ინიციატივა, არ დაელოდონ ინდუსტრიის განვითარებას ან იმას, რომ დამკვეთი რაიმე გენიალურის გაკეთებას სთხოვს და შესაბამის პირობებს შეუქმნის. ლექტორის, კლიენტის ან გარემოს ლოდინი, რომ მოგცემს ყველანაირ საშუალებას და დროს, თან ისე, რომ არ ჩაერევა ჩვენს საქმეში და ნამუშევარს არ დაგვიმახინჯებს, როგორც წესი, კარგი შედეგით არ სრულდება. ყველას ვურჩევ, იპოვნოს საქმე, რომელიც ყველაზე მეტად მოსწონს და ყოველგვარი მიზეზისა და პირობის გარეშე აკეთოს. ამ პროცესში დაიხვეწებიან, განვითარდებიან და პროექტებიც გაჩნდება მათ პორტფოლიოში.

M: რამდენად მნიშვნელოვანია Portfolio Review და მსგავსი პროექტები კონკურსანტების, „რევიუერებისა“ და ზოგადად, დარგის განვითარებისთვის?

როდესაც შენს ნამუშევარზე მუდმივად ისმენ და იღებ განსხვავებულ აზრს, ძალიან სწრაფად ვითარდები. პროექტზე რომ მუშაობ, მის მიმართ მაინც სუბიექტური ხარ. ეს დამოკიდებულება საერთოდ არ ნიშნავს, რომ ცუდია, მარგამ ლიმიტირებულია. ამიტომ, აუცილებელია, დამოუკიდებელი აზრი მოისმინო. მით უმეტეს, თუ მოსაზრებას გიზიარებს ადამიანი, რომელსაც, თუნდაც, ცოტა უფრო მეტი რამ გაუკეთებია – შეუძლია ტექნიკური რჩევები მოგცეს, გაგიზიაროს საკუთარი გამოცდილება. ასე უფრო სწრაფად განვითარდები. პირადად მე რაც მისწავლია, ალბათ 90% იმით, რომ ლექტორი, არტ დირექტორი ან ამ კონკრეტული საქმის ექსპერტი მიზიარებდა საკუთარ შეხედულებას ჩემს  იდეაზე ან ნამუშევაზე. რამდენადაც Portfolio Review-ს მთავარი პრინციპია,  რომ აზრი მოისმინო შენს პროექტზე, ალბათ, კარგი შედეგი მოჰყვება. ზოგადად, ეს ფორმატი არ ნიშნავს, იმას, რომ ზუსტ, უტყუარ რეცეპტებს მიიღებ. შესაძლოა, არც ერთი აზრი არ მოისმინო, რომელსაც მეორე დღესვე გამოიყენებ. მაგრამ ძლევადიან პერსპექტივაში ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები ექნება. რაც შეეხება „რევიუერებს“, ვფიქრობ, ეს პროექტი ჩვენთვისაც არანაკლებ საინტერესოა.  საკუთარ საქმეში ვართ ჩაფლული, ჩვენს წრეში ვიკეტებით. როდესაც მჭირდება ახალი კადრი, ვხვდბი, რომ  არ მაქვს ინფორმაცია ასეთ ხალხზე, სად არიან, რას აკეთებენ. Portfolio Review კი არის ორგანიზებული ივენთი, სადაც ყველაფერია იმისთვის, რომ შენი ან მონათსავე სფეროს მოტივირებულ ადამიანს შევხდე.

ნინი გოგიჩაიშვილი – #პირველისამსახური

სუვენირების სარეალიზაციოდ შექმნილი ვენდინგ მანქანები – ჯემალ მაზანაშვილის ბიზნეს ამბავი