in

როგორ შევქმნათ გამორჩეული პორტფოლიო? — რჩევები ინდუსტრიის ექსპერტებისგან

სამსახურის პოვნაზე ფიქრი განერვიულებთ? დაივიწყეთ სოციალური მედია და ფოკუსირდით თქვენს პორტფოლიოზე. ეს უბრალოდ თქვენი ნამუშევრების ნაკრები კი არა, ამბავია, რომელიც დამსაქმებელს უყვება, რატომ ხართ შესანიშნავი და რატომ უნდა შემოგხედონ სერიოზულად. ამიტომ, აჩქარება აქ ნამდვილად არ შეიძლება… 

და რა გამოგარჩევთ სხვა პორტფოლიოებისგან? ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში დიზაინერები, შემოქმედებითი ხელმძღვანელები და რეკრუტერები დაგეხმარებიან, რომლებიც ყოველწლიურად ასობით პორტფოლიოს უყურებენ. ყავით დალაქავებული სკეტჩების ჩვენებაც კი მნიშვნელოვანიაო, ამბობენ… თუმცა ბევრი რომ არ გაგვიგრძელდეს, სჯობს, პირდაპირ ზემოთ დასმულ კითხვას გავცეთ პასუხი:

მოყევით ამბავი

კარგი პორტფოლიო პრიალა, თვალისთვის მიმზიდველი ვიზუალები კი არა, ამბავია, რომელიც მნიშვნელოვან რაღაცებს ჰყვება. In-Col Studio-ს თანადამფუძნებელი ლეინ უორგანი გვეუბნება:

მინდა, გავიაზრო ნამუშევრის მიღმა არსებული ფიქრის პროცესი ისევე, როგორც მისი შედეგი. მითხარი, რის შესახებ იყო ბრიფი, რა წარმოადგენდა გამოწვევას, როგორ გადაწყვიტე გამკლავება. თუ ამის კარგად გაკეთება შეგიძლია, უკვე ვიცი, რომ მომხმარებელთან წარდგენასაც მოახერხებ, ოთახში ამ აზრების გაზიარებასა და გუნდთან თანამშრომლობასაც.

აჩვენეთ თქვენი ნამუშევარი

ინსტაგრამი პროდუქტის ესთეტიკურად ჩვენებას მოითხოვს, მაგრამ ასე არ ხდება პორტფოლიოს შემთხვევაში, რადგან აქ ადამიანებს კრეატიულობის ადამიანური, ჭუჭყიანი მხარის ნახვა სურთ. 

შედეგის მიღმა არსებული პროცესის ნახვა მიყვარს: სკეტჩების, წარუმატებელი იდეების, როგორ დაიწყო საბოლოო შედეგამდე მისასვლელი გზა და როგორ აჩვენა ის, რისი წარდგენაც სურდა, — ამბობს ანტონიო სერანო, [BAMF] Spain-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი.

ხოლო Factory-ის რეკრუტერი მატ ნუდსი გვეუბნება, რომ ყავით დალაქავებული სკეტჩებიც კი მნიშვნელოვანია, თუ მათ აქვთ გარკვეული წონა სტრატეგიისა თუ იდეისთვის

რაოდენობას ხარისხი ამჯობინეთ

ხშირად ემოციური მიჯაჭვულობა გვიჩნდება ყველაფრის მიმართ, რასაც ვაკეთებთ, არადა თქვენი პორტფოლიო არქივი კი არა, მიზანმიმართული არჩევანი უნდა იყოს, რომელიც ასახავს კონკრეტულ ნამუშევრებს. ბევრად უფრო შედეგიანია 5 ძლიერი პროექტის ჩვენება, რომლებიც გეამაყებათ, და არა, 20-ზე მეტის, რომლებიც თქვენს იდენტობას აყენებს კითხვით ნიშნის ქვეშ.

კონტექსტს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება

ნამუშევრის წარდგენა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თავად ეს ნამუშევარი, ამიტომ, კონტექსტს ყურადღება მიაქციეთ. როგორც გრაფიკული დიზაინერი ნვარდ უერკანიანი გვეუბნება, ეს მაღალი ხარისხის ე. წ. მოქაფების, რეალური დროის დოკუმენტაციებისა და ფოტოების, ე.წ. სნეპშოთების, გამოყენებას ნიშნავს, როცა შესაძლებელია — პოტენციურ მომხმარებლებს დაეხმარება, ნახონ, როგორია თქვენი ნამუშევრები პორტფოლიოს მიღმა. 

განსაზღვრეთ სამიზნე აუდიტორია

ზოგადი პორტფოლიო ზოგად პასუხს იღებს, ამიტომაც თითოეული იმ მომხმარებელს უნდა მოარგოთ, რომელთანაც დაკავშირებასაც ცდილობთ. Hotfoot Design-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი გვეუბნება: ჩემთვის ეს არის ადამიანი, რომელმაც გარკვეული კვლევა ჩაატარა ჩვენს ბიზნესში. მათ იციან, რას ვაკეთებთ, ვინ არიან ჩვენი დამკვეთები და რა ტიპის სამუშაოს ვასრულებთ, პასუხებსა თუ პორტფოლიოს ამის ირგვლივ აგებენ, რათა რელევანტური და პერსონალური გახადონ.

აჩვენეთ სწორად ტექნიკური დეტალები

შექმენით პორტფოლიოს PDF ვერსია, დაამატეთ ჰიპერლინკები და სხვა დეტალები, რათა არსებული მასალა მაქსიმალურად წარმოაჩინოთ. მნიშვნელოვანი ის არის, რომ პორტფოლიოს შემფასებლებს თქვენი ნაშრომის განსახილველად მთელი დღე კი არა, ხან რამდენიმე წამი აქვთ:

პაროლები, დიდი PDF ფაილები, CV-ის ლინკები, ზედმეტად გაფორმებული დოკუმენტები… ნებისმიერი რამ, რაც აზროვნებასა თუ ვიზუალურ მასალაზე გადასვლაში მიშლის ხელს, სწრაფად მიკარგავს ინტერესს.

აჩვენეთ თქვენი პერსონალური მხარე

მართალია, ტექნიკური უნარები და ესთეტიკური მხარე კვლავ მნიშვნელოვანია, მაგრამ მაინც ის პორტფოლიოებია გამორჩეული, რომლებიც პიქსელების მიღმა არსებულ ადამიანს გვაჩვენებს. ისინი ყვებიან ამბებს, აჩვენებენ პროცესებს, ფიქრის დემონსტრირებას ახდენენ და, რაც ყველაზე მთავარია, მნახველებს აძლევს თავდაჯერებას, რომ თქვან ეს ის არის, ვისთანაც მუშაობა მინდა. 

ამგვარად, პორტფოლიო სულაც არ ეხება ესთეტიკურ მხარეს, თქვენი უნარის ჩვენებაზეა, რომ კარგად ფიქრობთ, კომუნიკაციას მკაფიოდ ამყარებთ და პრობლემების კრეატიულად გადაჭრაც შეგიძლიათ. სწორედ ეს არის გასაღები იმგვარი პორფოლიოს შექმნის, რომელიც კონკურენტული უპირატესობის მოპოვებაში დაგეხმარებათ. 

AI „ორაკულები“ ცხოვრებასა და მომავალზე ჩურჩულით საუბრობენ

ყველაფერი, რაც საქართველოს ბანკის ახალი კამპანიის შესახებ უნდა იცოდეთ