ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ის პაკეტები შეაჯამა, რასაც სახელმწიფო, ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის ფარგლებში, ბიზნესს სთავაზობს. მათ შესახებ „მარკეტერის“ მკითხველმა წინა მასალებიდან უკვე იცის. თავად დოკუმენტს „ხანძირს ჩაქრობა“ უწოდა და თქვა, რომ ბიზნესის რეალური დახმარება და მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პოსტკრიზისული გეგმა იქნება, რომელიც მალე გამოქვეყნდება. მინისტრს არ უთქვამს, ზუსტად როდის წარადგენენ დოკუმენტს და არც მის დეტალებზე უსაუბრია. მხოლოდ ის მიმართულებები ჩამოთვალა, რაც იქნება გათვალისწინებული.
„პოსტკრიზისულ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება საკუთარ წარმოების განვითარება. რომ ჩვენი რესურსით უზრუნველვყოთ ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილება. ამის პოტენციალი ნამდვილად გვაქვს და ჩამოვთვლი იმ მიმართულებებს, რომლებიც ბიზნესის დახმარების პოსტკრიზისულ გეგმაში იქნება გათვალისწინებული. ესენია: თევზჭერა და თევზის პროდუქტები, ბოსტნეული წარმოება, რძე და რძის პროდუქტების წარმოება, ხორცის პროდუქტების წარმოება, მარცვლეული, ქართული ზეთი და ა.შ. ასეთივე პოტენციალი გვაქვს სამშენებლო მასალებში: ქართული კერამიკა, ქართული არმატურა და მოსაპირკეთებელი მასალები.
მეორე მიმართულება, რაც ასევე იქნება გათვალისწინებული პოსტკრიზისულ გეგმაში, არის ჩვენი ახალი როლი გლობალური წარმოების, გლობალური ბიზნესის გადანაწილებაში. პანდემიის პერიოდში ბევრი მულტი ნაციონალური კომპანია დარწმუნდა, რომ სარისკოა წარმოება მხოლოდ ერთ რომელიმე გეოგრაფიულ ინდუსტრიულ ჰაბში. ახლა დაიწყება ტრადიციული ინდუსტრიული ჰაბებიდან, მაგალითად, ჩინეთიდან, ბიზნესების სხვა ალტერნატიულ პლატფორმებზე გადანაწილება. საქართველო (იმიტომ რომ ყველაზე მალე დავძლევთ კორონავირისუსს, კრიზისამდე ბიზნესისთვის საინვესტიციოდ ერთ-ერთი მიმზიდველი ქვეყანა ვიყავით და გვაქვს დახმარების გამართული პროგრამები) იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც დიდი კორპორაციები წარმოებას გადმოიტანენ. ძალიან მალე შევთავაზებთ მათ [ბიზნესის დივერსიფიკაციისთვის] ისეთ დარგებს, როგორებიცაა: ელექტრო და საყოფაცხოვრებო ნაწარმი, ფარმაცევტული პროდუქცია და სამედიცინო კვლევები, საფეიქრო მრეწველობა, ლოგისტიკა, პროფესიული ბიზნესს სერვისები. ამაზე მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს.
მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც პოსტკრიზისულ გეგმაში იქნება, ტურიზმის სექტორის დახმარებაა. წლების განმავლობაში ის იყო დიდი სიკეთის შემომტანი საქართველოს ეკონომიკაში და დიდი დამსაქმებელი. ახლა კი ჩვენი დახმარება სჭირდება. იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ქვეყანა ერთნაირად ვერ დაძლევს პანდემიას და შენარჩუნდება გარკვეული შეზღუდვები, ტურიზმის ინდუსტრიისთვის ვამზადებთ სპეციფიკურ, განსაკუთრებულ პოსტკრიზისულ გეგმას. ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს კომუნიკაცია სასტუმროების სექტორის წარმომადგენლებთან, გიდებთან, ტურ ოპერატორების, სატრანსპორტო კომპანიებთან. ეს იქნება მათ საჭიროებებზე მორგებული დოკუმენტი. პანდემიისა და ამ კრიზისის შემდეგ ახალი ტურიზმი ისეთი აღარ იქნება. ინდუსტრიის მიმართ ახალი მოთხოვნები დაისმება და ჩვენ უნდა შევამზადოთ ეს ბიზნესი ამ მოთხოვნებისთვის. ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გახსნის უსაფრთხო დერეფნებს სხვა ქვეყნებთან და კვლავ აღდგება ტურისტების მიმოსვლა, მაგრამ ჩვენ გვმართებს განსაკუთებული შრომა. ეს გეგმა მუშავდება და მთავრობაში შეთანხმების შემდეგ გახდება ცნობილი, ჩვენი ტურისტული სექტორისთვის – ამბობს ნათია თურნავა.












