3
May
2019

ქართული საფოსტო მარკის 100 წლის საიუბილეო მონეტა

3 May 2019

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა გამოუშვა. სიახლე პირველი ქართული ეროვნული საფოსტო მარკის 100 წლის საიუბილეო თარიღის მიეძღვნა. 


„1919 წლის 26 მაისს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების პირველი წლისთავის აღსანიშნავად, მიმოქცევაში გამოვიდა პირველი ქართული ეროვნული საფოსტო მარკა 10 „კაპეიკის“ ნომინალით. საქართველოს ეროვნული ბანკი ამ ღირსშესანიშნავ თარიღს 5 ლარის ნომინალის საკოლექციო დანიშნულების ვერცხლის მონეტის გამოშვებით ეხმაურება“. 
მონეტა პოლონეთის ზარაფხანაში მოიჭრა, მისი სარეალიზაციო ფასი 90 ლარია და 2019 წლის 6 მაისიდან გაიყიდება.

„მონეტის ავერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს 1919 წელს გამოცემული 10 „კაპეიკის“ ნომინალის პირველი ქართული საფოსტო მარკა და ასევე, ამავე სერიის კიდევ  ოთხი ნომინალის (40კ; 50კ; 60კ; 70კ) მარკის ფრაგმენტი, რომლებიც ერთმანეთისგან გამოყოფილია ინკრუსტირებული კიდეებით.მონეტის რევერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს დალუქული კონვერტი, როგორც გზავნილი საქართველოდან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში და ასევე, წერტილებით სტილიზებული მსოფლიო რუქა. კონვერტის ლუქის ბეჭედზე გამოსახულია ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი ლარის სიმბოლოსთან ერთად „5₾“. მონეტაზე დატანილია, ასევე, წარწერები „საქართველო“, „Georgia“; „1919 – 2019“, „5 ლარი“.

მონეტების შეძენა შესაძლებელი იქნება ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში (თბილისი, კახეთის გზატკეცილი N72), ფულის მუზეუმში და ეროვნული ბანკის ვებგვერდზე განთავსებულ ონლაინ მაღაზიაში

ნომინალი: 5 ლარი
შემადგენლობა: Ag 925
წონა: 15.5 გ 
ზომა: 33 X 27 მმ
წიბო: გლუვი
ხარისხი: პრუფი
მოჭრის რაოდენობა: 1500 ცალი
გამოშვების წელი: 2019 
დიზაინის ავტორი: ნიტა გონგაძე

განხილვა