2020 წლის მარტში კომპანიების უმეტესობას მიაჩნდა, რომ ოფისებიდან მუშაობის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თუმცა პანდემიურმა პერიოდმა ცხადყო, თუ რიგ შემთხვევებში რამდენად ნაყოფიერი შეიძლება იყოს სახლიდან მუშაობა.
ახლა, როდესაც ვაქცინები ხელმისაწვდომია და სოციალური დისტანცირების შეზღუდვები შედარებით შემსუბუქდა, ლიდერებმა უნდა გადაწყვიტონ დააბრუნებენ თუ არა თანამშრომლებს ოფისებში, განაგრძობენ დისტანციურად მუშაობას თუ ამ შესაძლებლობას ახალი, მომგებიანი სამუშაო ადგილის მოდელის შესაქმნელად გამოიყენებენ.
თნამშრომლების სამუშაო ადგილს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს არა მხოლოდ სამუშაო ადგილების დიზაინზე, არამედ იმაზეც, როგორ ხდება კორპორაციების კაპიტალის განაწილება და პერსონალის მართვა. ამასთან დაკავშირებით ექსპერტებს განსხვავებული აზრი აქვთ – ზოგიერთი ამტკიცებს, რომ დისტანციურად მუშაობა ძალიან წარმატებული აღმოჩნდა და ის სამუდამოდ დარჩება ჩვენს ყოველდღიურობაში. სხვების ვარაუდის თანახმად კი, ადამიანებს “ცოცხალი” ურთიერთობები ენატრებათ და ამიტომ, კვლავ ოფისებში დაბრუნდებიან. გარდა ამ რადიკალური გზებისა, არსებობს კიდევ ერთი გზა – ჰიბრიდული მუშაობა.
მომავალი უკვე აქ არის
ოფისის მომავლის უკეთ წარმოდგენის მიზნით, ავსტრალიაში 1600 თანამშრომელი გამოიკითხა, მათ შორის ლიდერები და ექსპერტები. ავსტრალიის ქონების საბჭოს თანახმად, 2020 წლის ოქტომბერში, ქვეყნის ნაწილები მკაცრი ლოკდაუნიდან გამოდიოდნენ, მელბურნის, ქვეყნის ყველაზე მეტად დაზარალებული ქალაქის თანამშრომელთა მხოლოდ 7% მუშაობდა ოფისიდან. აპრილისთვის კი 41% დაუბრუნდა კომპანიის სამუშაო სივრცეს. მართალია, ჯერ კიდევ ფიქსირდება ვირუსის რამდენიმე შემთხვევა, მაგრამ ავსტრალიელები, უმეტესწილად, თავისუფლად ახერხებენ დახურულ სივრცეში სხვადასხვა აქტივობის შესრულებას.
საგულისხმოა, რომ ავსტრალიაში არსებული ყველა ორგანიზაცია ერთნაირ სამუშო ადგილის მოდელს არ იყენებს. ერთ წლიანი არეულობის შემდეგ, ზოგიერთი დამსაქმებელი აცხადებს, რომ მათი თანამშრომლები სწრაფი და რადიკალური ცვლილებებისგან დაიღალნენ და ნაცნობ გარემოში დაბრუნება სურთ.
ავსტრალიის პროგრამულმა გიგანტმა Atlassian-მა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ თანამშრომლებს ოფისში მხოლოდ წელიწადში ოთხჯერ მოსვლა სჭირდებათ. ქვეყანაში ბიზნესის ხელმძღვანელებთან და სამუშაო ადგილის სტრატეგებთან საუბრისას, ის მოდელები, რომლებსაც ისინი იყენებდნენ ან განიხილავდნენ, ხუთ კატეგორიად იყოფა:
- როგორც იყო: თანამშრომლები ბრუნდებიან ოფისში და ჩვეულებრივი რეჟიმით განაგრძობენ მუშაობას. შესაძლოა, ცოტა უფრო მეტ ჰიგიენასა და მოქნილობას ჰქონდეს ადგილი, მაგრამ ძირითადად ეს არის ცენტრალიზებული ოფისი, როგორც ეს პანდემიამდე იყო.
- ქლაბჰაუსი: ჰიბრიდული მოდელი, როდესაც თანამშრომლები ოფისს მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში სტუმრობენ. შეიძლება ითქვას, ამ შემთხვევაში ოფისი სოციალურ კერას წარმოადგენს – კოლეგების შეხვედრის, სოციალიზაციისა და ერთად მუშაობის ადგილს.
- საქმიანობაზე დაფუძნებული სამუშაო: თანამშრომლები ოფისიდან მუშაობენ, მაგრამ არ აქვთ კონკრეტული სამუშაო მაგიდა. ამის ნაცვლად, ისინი თავიანთ დღეს სხვადასხვა სამუშაო ადგილებს შორის მოძრაობენ, როგორიცაა შეხვედრების ოთახები, სატელეფონო ჯიხურები და დარბაზები. პანდემიის დაწყებამდე, ავსტრალიაში საქმიანობაზე დაფუძნებული ოფისების უმეტესობას ყოველ ათ ადამიანზე 8 მაგიდა ჰქონდა, ახლა კი ის 5 მაგიდამდე მცირდება. პანდემიის შემდეგ ფირმები ცდილობენ, ერთ სივრცეში ადამიანების რაოდენობა შეამცირონ.
- Hub and Spoke: ცენტრალური ოფისებიდან მუშაობის ნაცვლად, თანამშრომლები გარეუბნებსა და საკუთარ უბნებში არსებულ მცირე ოფისებში გადაინაცვლებენ. ეს ყველას ერთად თავშეყრის საჭიროებას გამორიცხავს და ამასთან ერთად, კოლეგებთან პირისპირ კომუნიკაცია კვლავ შენარჩუნებულია.
- სრულად ვირტუალური: თანამშრომლები მუშაობენ სახლიდან – ან სადმე სხვა ადგილიდან, სადაც მათ მოსწონთ – კომპანიებს საშუალება ეძლევათ უარი თქვან ძვირადღირებულ ოფისებზე და განაგრძონ ის, რაც პანდემიის დროს დაიწყეს.
ზემოთ ხსენებული არც ერთი მოდელი არ არის სრულებით ახალი. სამუშაო ადგილის საკმაოდ რადიკალური კონცეფციები, როგორიცაა ვირტუალური ოფისები, პანდემიამდე დიდი ხნით ადრე იყო ნაცადი. მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები, როგორიცაა Yahoo !, IBM და HP, თანამშრომლებს დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობას აძლევდა.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა კომპანიამ ეს მოდელები პანდემიამდე გამოიყენა, უმეტესობას არ სურს მათი დანერგვა. ზოგიერთ გენერალურ დირექტორს აკრიტიკებენ კიდეც, რადგან პანდემიის დასრულებასთან ერთად თანამშრომლების სრულად ოფისებში დაბრუნებას უჭერს მხარს.
არჩევანების აწონვა
თითოეულ მოდელს საკუთარი დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს. მაგალითად, საქმიანობაზე დაფუძნებული მოდელი მართალია, სამუშაო ადგილს ზოგავს, მაგრამ მნიშნელოვან კულტურულ გარდაქმნას გულისხმობს. ოფისში დაბრუნება ბევრისთვის უფრო კომფორტული გადაწყვეტაა, მაგრამ ის სასურველ შედეგს მხოლოდ მაშინ გამოიღებს, თუ თანამშრომელთა უმეტესობა ერთ აირჩევს ამ გზას.
ამ ეტაპზე თანამშრომლებს განსხვავებული აზრი აქვთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ წარმოუდგენიათ სამუშაო მომავალი. თუმცა ავსტრალიის შემთხვევაში ყველაზე ნაკლებ პოპულარული დისტანციურად მუშაობა იყო.
ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია რიგი ფაქტორები, რომლებიც აღნიშნულთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას განაპირობებს – მაგალითად, ქალები, განსხვავებით მამაკაცებისგან, სახლიდან მუშაობას ამჯობინებენ. ასევე, ახალგაზრდებისთვის ონლაინ სამსახურის კონცეფცია უფრო ადვილად შესაგუებელი აღმიჩნდა, ვიდრე ხანშიშესულებისთვის. ეს განსხვავებები იმ საფრთხეზე მიუთეთებს, რის წინაშეც ლიდერები იმყოფებიან – მათ ისეთი მოდელი უნდა შეიმუშაონ, რომელიც არავის დააზარალებს.
რაში მდგომარეობს პასუხები?
ლიდერებმა კომპანიის მიზანი და სტრატეგია, აგრეთვე თანამშრომლების უპირატესობა და მუშაობის სტილი უნდა გაითვალისწინონ. ტექნოლოგიურ ფირმას, რომელიც გაყიდვებს ინტერნეტით აწარმოებს, ადვილად შეუძლია ონლაინ რეჟიმში მუშაობა. მაგრამ როდესაც საქმე დიზაინის ფირმას ეხება, “ქლაბჰაუსის” მოდელის შემუშავება უმჯობესია. მოკლედ რომ ვთქვათ, ის, რაც კონკრეტული ორგანიზაციის შემთხვევაში ეფექტურია, მეორისთვის, შესაძლოა, სულაც არ იყოს გამოსადეგი.
პანდემია ჯერ კიდევ შორს არის დასასრულისგან, რაც იმას ნიშნავს, რომ საკმაო დროა ცვლილებების განსახორციელებლად. როგორც ნებისმიერი სტრატეგიული ცვლილება, ამ მოდელების წარმატება ხელმძღვანელობის გუნდის შესაძლებლობაზეა დამოკიდებული. გარდა იმისა, რომ ხელმძღვანელებს ორ რადიკალურ ვარიანტს შორის უწევთ არჩევანის გაკეთება, მათ საკუთარი უნიკალური უნარ-ჩვევები ახლებური გზით უნდა მიმართონ. შეუძლებელია, იურიდიული ფირმა, მედია კომპანია და იურიდიული ორგანიზაცია ერთი მოდელით მუშაობდეს.
წყარო: HBR