in

„არც კი მჯეროდა, რომ გამოვიდოდა“ – „ფოსტა“ ბარი ამბროლაურში

ერთ დროს, ფოსტა რეალური დაწესებულება იყო – მასში ის ადამიანები იკრიბებოდნენ, ვისაც ოჯახის წევრებთან, ახლობლებთან თუ შორებლებთან სურდა კონტაქტი. ის ურთიერთობის ერთგვარი სიმბოლო იყო. ახლა, სიტყვა „ფოსტა“, მეტწილად, ელექტრონულ მიმოწერასთან ასოცირდება და ციფრულ სამყაროში გადაინაცვლა. ამის მიუხედავად, არსად წასულა ადამიანების სურვილი, ეკონტაქტონ, იმეგობრონ, ისაუბრონ და ერთად გაატარონ დრო, სადაც უნდა იყვნენ. ასეთი ადგილები დიდ ქალაქებში ბევრია, თუმცა რეგიონებში ხშირად აკლიათ სივრცე თავშეყრისა და განტვირთვისთვის. ეს ამბავიც ფოსტაზეა, ოღონდ „ფოსტა“ ბარზე, რომელიც ამბროლაურში გუჯა კილასონიამ მოაწყო. 26 წლის ფინანსისტს ბარის გახსნა, ჯერ კიდევ, პანდემიამდე უნდოდა. სურდა რაჭაში მცხოვრები თუ სტუმრად მყოფი ადამიანებისთვის კომფორტული გარემო შეექმნა. თავადაც კი ძნელად ეჯერა შედეგის, თუმცა ყოველდღიური მცირე და მტკიცე ნაბიჯების შედეგად, ამბროლაურში „ფოსტა“ ბარი მაინც გამოჩნდა.

M: რა იქცა მთავარ მოტივაციად, რის გამოც ფოსტა ბარის გახსნა გადაწყვიტეთ?

მთავარი მოტივაცია იყო შექმნილიყო ისეთი სოციალიზაციის სივრცე, რომელიც ადგილობრივ ახალგაზრდებს შეუქმნიდა კომფორტულ გარემოს. „ფოსტაში“ განსაკუთრებით ვიცავთ ერთმანეთის – პირად სივრცეს, ვებრძვით უპატივცემულო დამოკიდებულებას და ვაძლიერებთ უპირობო სიყვარულს. თავიდან ცოტა სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი რადგან არსებული პირობების გათვალისწინებით, ძალიან ძნელი იყო სივრცის გარდაქმნა/მოწყობა, თუმცა ჩვენ ეს შევძელით.

M: როგორ გაერთიანდით იდეის გარშემო?

რაჭაში ბარის მსგავსი სივრცის შემქნის იდეა, დაახლოებით, ორი წლის წინ გაჩნდა. სამწუხაროდ, კოვიდ პანდემიამ ამ მიზნის განხორციელებაში ხელი შემიშალა. როგორც კი სიტუაცია დასტაბილურებისკენ წავიდა, მიზნად დავისახე ყოველდღე ერთი დეტალი გამეკეთებინა ბარისთვის. აღნიშნული „ტრადიცია“ ნოემბრიდან დღემდე გრძელდებოდა და უკვე ბარი დასრულებისკენ მიდის. იდეის განხორციელებისთვის დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდი ოჯახის წევრებისგან.

M: თქვენი ხედვით, რა უნდა შეეცვალა ბარს?

ადამიანური ურთიერთობები, ეს არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომლის „გავარჯიშება“ ძალიან მნიშვნელოვანია, ღირებულებებისა და ფასეულობების თანხვედრა იწვევს მეგობრობას, პატივისცემასა და სიყვარულს. ვფიქრობ, „ფოსტა“ ხელს შეუწყობს ადამიანების დაახლოებას ერთმანეთთან, ვინაიდან მსგავსი სივრცის ნაკლებობის პრობლემა რაჭაში საკმაოდ დიდხანს იყო აქტუალური.

M: როგორი იყო ადგილობრივების რეაქცია – ვისგან გრძნობდით ხელშეწყობას?

მიხარია, რომ ჩემი მეგობრები და ნაცნობები გადაიქცნენ აქტიურ გულშემატკივრებად, რომ არა ისინი ალბათ სულ სხვა შედეგს მივიღებდით, გვერდში დგომით, როგორც ფიზიკურად ასევე სიტყვიერად მათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს „ფოსტის“ შექმნაში და ეს კიდევ არის იმის დასტური რომ „ფოსტა“ ყველასია და ის დგას ემოციური სტაბილურობის და მდგრადობის მხარდაჭერაზე.

M: როდესაც ამ საქმეს შეეჭიდეთ, გქონდათ ამ კუთხით გამოცდილება?

ამ კუთხით მცირე გამოცდილება მქონდა, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერში გავერკვიე. მინდა, ბარის განვითარების საწყის ეტაპზე მაქსიმალურად პირადად ჩავერთო ყოველდღიურ საქმიანობაში. ამ ეტაპზე, გამოწვევები არის, მაგრამ ვფიქრობ, მარტივად გავუმკლავდებით, რადგან გვაქვს ერთი და საერთო მიზანი.

M: რა ფუნქცია აქვს „ფოსტას“?

ბარის მენიუ საკმაოდ მრავალფეროვანია. რა თქმა უნდა, ძირითადი აქცენტი სასმელებზე მაქვს და ვცდილო ამ მხრივ მომსახურების მაღალი სტანდარტი დავამკვიდრო. მუსიკა კი ყოველთვის გემოვნებიანი ბექგრაუნდი იქნება ჩვენი სტუმრებისთვის.

„ფოსტა“, დღის განმავლობაში, საქმიანი სივრცეც იქნება, სადაც მაქსიმალურად მყუდრო გარემოს შევთავაზებთ სტუმრებს. განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში დამსვენებლებსთვის იყო დიდი დისკომფორტი ასეთი სივრცის არ არსებობა.

გარდა ამისა, სურვილი მაქვს ადგილობრივ ბიზნესთან ვითანამშრომლო. ბარში სტუმრებს ვთავაზობ ადგილობრივი წარმოების ეკოლოგიურად სუფთა ჩაის, მრავალფეროვანი ასორტიმენტით. სამომავლოდ, ვაპირებ თანამშრომლობის არეალი გავაფართოვო.

M: ამ დროისთვის, რა გჭირდებათ განვითარებისთვის?

რაჭაში, ტურისტულად დატვირთული ძირითადად ზაფხულის თვეებია. ეს, არა მარტო ჩემი, არამედ ზოგადად ბიზნეს სექტორის გამოწვევაა. არასეზონური თვეები ნაკლებ შემოსავლიანია. ძალიან ბევრი ჩემი თანატოლი ზუსტად ამ პრობლემის გამო იკავებს თავს და რეალობად ვერ აქცევენ ძალიან კარგ იდეებს. რაც რეგიონის განვითარებას მოემსახურებოდა, რომ არა არასეზონური თვეების „შიში“.

კარგი იქნება, ისეთი პროექტებისა და პროგრამების განხორციელება, რაც რეგიონში ტურისტულ სეზონს გაახანგრძლივებს. მოკლედ რომ ვთქვათ, ერთადერთი საფიქრალი რაც ახლა მაქვს, არის ის პერიოდი, როცა რაჭა დამსვენებლის გარეშე დარჩება, თუმცა ეს რისკები წინასწარ უკვე გავთვალე.

ამჟამად, სივრცე არც ისე დიდია. დადებით გამოხმაურებას ველოდი, თუმცა არა ასეთს. ეს მაძლევს მოტივაციას, რომ მომავალი ზაფხულისთვის უფრო გავფართოვდეთ და მეტი ადამიანის გულები გავახაროთ.

 


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

Adidas x Gucci $1290-იანი ქოლგა, რომელიც წვიმისგან ვერ დაგიცავთ

ნახეთ: სანათი, რომელიც ვეშაპის სიმშვიდის ინსპირაციით შეიქმნა