7
May
2019

პოსტერი, როგორც გამოხატვის ფორმა XIX საუკუნიდან დღემდე

7 May 2019

დროის სვლასთან ერთად გამოხატვის ფორმებიც იცვლება. ოდესღაც როკოკო ბაროკომ შეცვალა.. ერთ დროს ძალიან პოპულარული მკაცრად რეალისტური ნახატები დღესდღეობით დიდად მიმზიდველი აღარ არის. უძველეს მუზეუმებს არც კი დაესიზმრებოდათ დღევანდელ ეპოქაში არსებული ინსტალაციები. ადამიანის შემოქმედებითობა შორს მიდის.. ამ ყველაფრის ფონზე კი არაა გასაკვირი, რომ დაახლოებით ორი საუკუნის წინ მსოფლიო გამოხატვის ახალი ხერხის/ფორმის წინაშე აღმოჩნდა, რომელიც თანაბრად იყო მხატვრობაც და რეკლამაც, უცხოც და ყოველდღიურიც, კრეატიულიც და პრიმიტიულიც.. პოსტერი იყო და არის ის ვიზუალური პროდუქტი, რომელიც გამუდმებით ასახავს და არ ჩამორჩება თანამედროვე მოვლენებს.

შემოქმედი საზოგადოება მივიდა იქამდე, რომ შექმნა პოსტერი და ამ დღიდან იგი სულ უფრო მრავალგვარი ხდება. დღესდღეობით უამრავი სტილის პოსტერი არსებობს: არტ დეკო, ფუტურისტული, მოდერნისტული, კონსტრუქტივისტული, 60-იანი წლების და ა.შ პოსტერის თემატიკა კი უსაზღვრო და უთვალავია.. აუცილებელია აღინიშნოს, რომ პოსტერების შექმნასა და განვითარებაში ყველაზე დიდი დამსახურება ოთხ ქვეყანას მიუძღვის: საფრანგეთი, იტალია, საბჭოთა კავშირი და შვეიცარია.

1880 – 1895: ლითოგრაფიული პოსტერის დაბადება

თანამედროვე პოსტერი სათავეს იღებს 1870 წლიდან, როცა ბეჭდვითმა ინდუსტრიამ სრულყო ფერადი ლითოგრაფია და შესაძლებელი  გახადა მისი მასიური წარმოება. მანამდე, პოსტერთა უმრავლესობა ხისგან და მეტალის მცირე ფერადი ნაწილაკებისგან იქმნებოდა. ყველაფერი ეს კი 1880 წელს ჩერეს სტილით შეიცვალა, რომელმაც დაამკვიდრა ლითოგრაფიული პოსტერი, რომელშიც სამი ფერი დომინირებდა: წითელი, ყვითელი და ლურჯი.

ამ ფორმატის პოსტერების მთავარი ღირსება დიდი ზომის ტექსტი და ინტენსიური ფერები იყო. პოსტერი მკვეთრიც იყო და, ამავდროულად, “გამჭვირვალეც” და, რაც მთავარია – მისი დამზადება მცირე ბიუჯეტით იყო შესაძლებელი. სწორედ ამ პოსტერებიდან დაიწყო რეკლამირების თანამედროვე ერა, რომელიც საფუძვლიანად უკავშირდება Jules Cheret-ს, რომელმაც 30 წლიანი კარიერის განმავლობაში 1000 პოსტერი შექმნა, უმეტესწილად გამოფენებისათვის, თეატრებისა და პროდუქტებისათვის.

1890 – 1900: არტ ნუვო & ეპოქა “Belle”

1891 წელს შექმნილმა პოსტერმა, სახელწოდებით “Moulin Rouge” პოსტერები იმ ერაში გადაიყვანა, რომელშიც ისინი ხელოვნების ნიმუშებს გაუტოლდნენ.

სამი წლის შემდეგ კი Alphonse Mucha-მ “არტ ნუვოს” სტილის პირველი დეკორატიული პოსტერი შექმნა. ამ სტილის პოსტერმა აქტუალობა პირველ მსოფლიო ომამდე შეინარჩუნა. ამ დროისთვის პოსტერი, ძირითადად, იმისთვის მზადდებოდა, რომ ამა თუ იმ ქვეყნის უნიკალური კულტურა წარმოეჩინა. მაგალითად, საფრანგეთში პოსტერებზე კაბარეები და კაფეები დაჰქონდათ, იტალიაში – ოპერა და მოდა, ესპანეთში – ფესტივალები, გერმანიაში – საბაზრო გამოფენები და ჟუნრნალები და ა.შ

1900-1914: ახალი საუკუნე და ადრეული მოდერნიზმი

მას შემდეგ, რაც არტ ნუვომ დაკარგა თავისი ხიბლი, პოსტერების ისტორიაში ახალი ერა იწყება, რომლის წარმომადგენელიც Leonetto Cappielo-ა. მან დაამკვიდრა სტილი, რომლის მიხედვითაც პოსტერი, ძირითადად, ერთ მთავარ გამოსახულებასა და მასთან დაკავშირებულ დეტალებს მოიცავდა. ამ პერიოდში პოსტერებში თავს იჩენს გეომეტრიული გამოსახულებებიც. აღსანიშნავია, რომ ეს პოსტერები იუმორნარევი იყო და, ამავდროულად, არ ეკლდა უცნაურობაც, რაც მნახველის ყურადღებას სწრაფადვე იპყრობდა.


1914-1919: პირველი მსოფლიო ომი და ბოლშევიკური რევოლუცია

პირველმა მსოფლიო ომმა პოსტერს ახალი მნიშვნელობა მიანიჭა: პროპაგანდა! ამერიკა იყო ის ქვეყანა, რომელმაც ომის განმავლობაში პოსტერის 2500 დიზაინი გამოიგონა და 20 მილიონი პოსტერი გამოუშვა. ბოლშევიკებმა არ გაუშვეს შანსი, მიებაძათ ამერიკისთვის და “თეთრების” საწინააღმდეგოდ გამართული რევოლუციისას თავიანთი პოსტერები გაავრცელეს, რომლებიც, რასაკვირველია, მათ სასარგებლოდ იყო მიმართული.

1919-1938: მსოფლიო ომებს შორის – მოდერნიზმი და “არტ დეკო”

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ არტ ნუვო ინდუსტრიული საზოგადოებისთვის არარელევანტური გახდა. სულ უფრო პოპულარული ხდება კუბიზმი, ფუტურიზმი, ექსპრესიონიზმი და დადაიზმი. ამ პერიოდში საფრანგეთში, გერმანიასა და შვეიცარიაში იხსნება გრაფიკული დიზაინის პირველი კურსები. ყურადღება ექცევა ილუსტრაციების რეკლამაში გამოყენებასა და დანერგვას. საბჭოთა კავშირში კი იწყება აგიტაციური პოსტერების შექმნა. პოსტერების ამ ეპოქას არტ დეკო ეწოდა. ეს სიტყვები “დეკორატიული არტიდან” არის წარმოშობილი. ამ პერიოდის პოსტერების მთავარი თემატიკა სიჩქარე და ძალაა.

1938-1950: მეორე მსოფლიო ომი

პოსტერმა მეორე მსოფლიო ომშიც მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო როლი ითამაშა. თუმცა, ამ პერიოდის პოსტერზე დიდი გავლენა ჰქონდა მედიას, განსაკუთრებით, რადიოსა და პრინტებს. დაიწყო პოსტერებზე სურათების დატანა, რომლებიც ილუსტრაციის როლს თამაშობდნენ. პოსტერი მხარეებს შორის მნიშვნელოვანი იარაღი გახდა. ამ ეპოქის პოსტერები სურეალისტური იყო და მოიცავდა ყოველდღიური, მცირე დეტალების გადიდებულ ფორმებს.

1945-1965: მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდი – შუა ხნის მოდერნიზმი

ომის დაძაბულობა ჯერ კიდევ არ იყო გამქრალი, როცა მსოფლიოს “პოსტერების ბუმი” დაატყდა თავს. ომი დასრულდა, პოსტერს კი ცხოვრება უნდა გაეგრძელებინა და დროს მორგებოდა. ამ პერიოდში ორი სტილი ჩამოყალიბდა: “სამომხმარებლო” და “კორპორატიული”. პირველი მეტად ფერადი და მხიარული იყო, მეორე – რაციონალური და თანმიმდევრული – “საერთაშორისო ტიპოგრაფიული სტილი”, ასე ეწოდებოდა მეორე ტიპის პოსტერის სტილს, რომელსაც მკაცრი წესებით ადგენდნენ.

1965-1972: სამოციანები

50-იანების სერიოზული სტილი 60-იანებმა შეცვალა. შეიცვალა ფერები, ტონალობები.. პოსტერი მეტად მხიარული გახდა. პოსტერი სურეალიზმის, პოპ არტისა და ექსპრესიონიზმის გამოხატულებად იქცა. ამ პერიოდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პოსტერად მოიაზრება Milton Glaser-ის ნამუშევარი, რომელიც ბობ დილანის ალბომს ასახავს.

1970-1989: სამოცდაათიანები და ოთხმოციანები – პოსტ მოდერნიზმი

ამ პერიოდში შვეიცარიული სტილი სწრაფად იპყრობს მსოფლიოს. პოსტ მოდერნისტული პოსტერების პირველი ავტორი ბაზელში მცხოვრები ახალგაზრდა მასწავლებელი Wolfgang Weingart იყო, რომელმაც პოსტერი ქაოსური, საინტერესო და სპონტანური გახადა. აღსანიშნავია, რომ სწორედ მის მიერ შექმნილი დიზაინებიდან ჩაეყარა რეტრო სტილს საფუძველი.

1990 წლიდან დღემდე: პოსტერი დღეს

საზოგადოების საჭიროებების ცვლასთან ერთად პოსტერის როლი და ფორმატი გამუდმებით იცვლებოდა. პოსტერები დღევანდელობაშიც ინარჩუნებენ ძველ დატვირთვას და თან იძენენ ახალსაც – ტექნოლოგიური წინსვლა, ახალ-ახალი გამოწვევები და საჭიროებები, სოციალური და გლობალური პრობლემები ერთჯერად თუ მრავალჯერად კამპანიებში პოულობენ ასახვას, რაშიც პოსტერი უდიდეს როლს თამაშობს. დღესდღეობით პოსტერები ყველაზე ხშირად მაინც ფილმებისთვის გამოიყენება, არანაკლებ – თამაშებისთვისაც.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღევანდელი პოსტერები ყველა ზემოთჩამოთვლილი დიზაინების მიქსია. დღესდღეობით მათი შემქმნელები იდეის გამოსახატავად უამრავ სტილსა და მიგნებას იყენებენ. თუმცა, აშკარაა, რომ ყველაზე მეტად პოსტერთა დიზაინში მინიმალიზმია გამეფებული – ერთი მთავარი ობიექტი ცენტრში, რომელიც უშუალოდ მოიცავს იდეას და ერთფერი ფონი, რომელსაც არანაირი მნიშვნელოვანი დატვირთვა არ აქვს.

საბოლოოდ კი, პოსტერზე იმის თქმა შეგვიძლია, რომ იგი დროთა განმავლობაში კონკრეტული მოვლენისა თუ კამპანიის ერთგვარი წინაპირობა გახდა, რომელიც მნახველს საჭირო ინფორმაციას შემოქმედებითად აწვდიდა. იგი იყო და არის შუამავალი დამკვეთსა და მომხმარებელს შორის, რომელიც ამ უწყინარი როლის შესრულებისას ხელოვნების მნიშვნელოვან ნიმუშად იქცა..

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

განხილვა