წლის შეჯამების სტატიების სერიის ფარგლებში, POSTRED-ის განვლილ თვეებს შევაჯამებთ. მისი დამფუძნებელი ბესო კაჭარავა გვიამბობს, როგორ ჩაიარა 2022-მა კომპანიისთვის, რა სიახლეები თუ სირთულეები იყო, ან რას გეგმავენ უკვე მომავალი წლისთვის.
წელს, საკმაოდ დიდი ნახტომი გავაკეთეთ, როდესაც ფაქტობრივად, კინო ინდუსტრიის მთავარ ლიგაში გადავინაცვლეთ და ვიმუშავეთ ლეგენდარულ არტისტებთან ჰოლივუდში.
2022 წელს, გამოვიდა HBO-ს სერიალი “EUPHORIA,” რომელზეც ლეგენდარულ ხმის დიზაინერ Wylie Stateman-თან ერთად ვიმუშავეთ. სერიალი Emmy-ზე 16-ჯერ იყო ნომინირებული.
ამ წელს, ასევე ვიმუშავეთ Paramount Pictures-ის პროექტ “SCREAM 5-ზე”, რომლისთვისაც ხმის სამყარო ოსკაროსან ხმის დიზაინერ Karen Baker Landers-თან ერთად შევქმენით. ამის გარდა იყო, A24-ის “Pearl,” Sony Pictures-ის “UMMA” და მრავალი სხვა ჰოლივუდური პროექტი, მათ შორის Sony Pictures-ის “65”, რომლის ტრეილერის პრემიერასაც მაყურებელი 14 დეკემბერს იხილავს. ფილმში მთავარ როლს ადამ დრაივერი თამაშობს.
უფრო დავავიწროვეთ ჩვენი მომსახურების არეალი და ბოლომდე პრემიურ ბრენდი გავხდით. POSTRED-ში ფსონი დავდეთ ხარისხიან პროდუქტზე და გადავწყვიტეთ, გვეკეთებინა ცოტა პროექტი, რის საშუალებასაც იმ პროექტების ბიუჯეტი გვაძლევს, რომლებზეც ამჟამად ვმუშაობთ.
ასევე, საფუძველი დავუდეთ დიდი საერთაშორისო ბრენდ SOUNDELUX-ის შემოსვლას საქართველოში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი აუდიო პოსტ-პროდუქციის სტუდიაა ჰოლივუდის ისტორიაში.
ასევე, წელს გავხსენით POSTRED Academy. USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის” ფარგლებში, ჩვენი აკადემია დავაარსეთ. ჩვენთან, 6 თვის მანძილზე ვასწავლით მუსიკისა და ხმის დიზაინის მთელ საფუძვლებს, დასაწყისიდან – დასასრულამდე. შემდეგ ჩვენს სტუდენტებს ექნებათ ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის შესაძლებლობა ჩვენსავე კომპანიაში და წარმატებული თანამშრომლობის შემთხვევაში, მუშაობაც კი დაიწყონ ჩვენთან.
აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ აკადემია მხოლოდ კომერციული მიზნით არ დაგვიარსებია; ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს არც თუ ისე ცნობილი, მაგრამ ძალიან მაღალ-ანაზღაურებადი პროფესიების შესახებ და გაიზარდოს ცნობიერება ზოგადად პოსტ-პროდუქციის პროფესიების მიმართ. ამისთვის სხვადასხვა ვორქშოფების და მასტერკლასების ჩატარებასაც ვგეგმავთ 2023 წელს.
2023 წელს, გვინდა საქართველო გავხადოთ პოსტ-პროდუქციის ჰაბი რეგიონში და აქტიურად ვიმუშავოთ ამ სფეროში დასაქმებული პროფესიონალების ქომიუნითის შექმნაზე.











