ქართული პოსტ-პროდაქშენ კომპანია POSTRED-ის გუნდმა ხმის დიზაინისა და მონტაჟის მიმართულებით მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოები მოიპოვა და უშუალო მონაწილეობა მიიღო ოსკაროსან პროექტში. POSTRED-ის ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური მიღწევა სერიალ Alien: Earth-ზე მუშაობას უკავშირდება. პროექტმა Motion Picture Sound Editors-ის (MPSE) გილდიის უმაღლესი ჯილდო – Golden Reel Award დაიმსახურა Sound Editing-ის კატეგორიაში.
ამ აღიარების მიღმა POSTRED-ის გუნდის დიდი შრომა დგას. აღნიშნულ პროექტზე Supervising Foley Editor-ის პოზიციაზე ბესო კაჭარავამ იმუშავა, Foley Artist-ის როლი ბიკო გოგალაძემ მოირგო, ხოლო Foley Editor-ები ალექსანდრე სანიკიძე, რატი ჩხეტიანი და ლევან წერედიანი იყვნენ.

რას ნიშნავს ეს მიღწევა ქართული კრეატიული ინდუსტრიისთვის? – როგორც ბესო კაჭარავა აღნიშნავს, ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საზღვრები არ არსებობს:
„ეს მიღწევები პირდაპირი დასტურია, რომ როდესაც პროცესში გულით ხარ ჩართული და გიყვარს ის, რასაც აკეთებ, შედეგები თავისით მოდის. ეს ფაქტი საქართველოსთვის არის მაგალითი, რომ შესაძლებელია აქაც შეიქმნას პროდუქტი, რომელიც ინდუსტრიის ხარისხს სრულად შეესაბამება.“
MPSE-ის Golden Reel 1953 წელს დაარსდა. ის მსოფლიოში ხმის დიზაინის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას და პრესტიჟულ პროფესიულ აღიარებად ითვლება. მნიშვნელოვანია, რომ გამარჯვებულებს თავად კოლეგები და სფეროს პროფესიონალები ავლენენ. მხატვრული ფილმების, მაუწყებლობის, გეიმინგისა და ინტერაქტიული მედიის შემოქმედებითი სამუშაოების დაჯილდოებით, MPSE ხაზს უსვამს ხმის რედაქტორების, როგორც ისტორიის თანამთხრობელების უმნიშვნელოვანეს პროფესიულ სტატუსს.

კიდევ ერთი ისტორიული მიღწევა უკავშირდება ანიმაციურ ფილმს KPOP Demon Hunters, რომელზეც POSTRED-ის გუნდი აქტიურად მუშაობდა. ფილმის Sound Mixing გუნდს გადაეცა Cinema Audio Society-ის (CAS) პრესტიჟული ჯილდო, რომელიც აუდიო სფეროში უმაღლეს სტანდარტს წარმოადგენს. ამ მასშტაბურ პროექტში POSTRED-ის მხრიდან Foley Mixer-ის პოზიციას გიორგი ლეკიშვილი იკავებდა. რაც ყველაზე მთავარია, თავად ანიმაციამ KPOP Demon Hunters უდიდესი ტრიუმფი იზეიმა და საუკეთესო ორიგინალური ანიმაციური ფილმის კატეგორიაში „ოსკარი“ დაიმსახურა.












