in

POSTRED-მა HBO-ს ტელეშოუ Euphoria-ს ხმის დიზაინზე იმუშავა!

ხმის დიზაინის ქართულმა სტუდიამ POSTRED, HBO-ს ტელეშოუს პროექტზე Euphoria, ოსკარზე არაერთხელ ნომინირებულ ხმის დიზაინერთან ერთად იმუშავა. Euphoria-ს მეორე სეზონი, რომელშიც ემის ჯილდოს მფლობელი ზენდაია მონაწილეობს, 9 იანვარს გავიდა ეთერში. ტელეშოუსთვის POSTRED-მა ხმისა და ფოლი ეფექტების ნაწილი შექმნა. დეტალებზე POSTRED-ის დამფუძნებელი ბესო კაჭარავა გვესაუბრა.

M: როგორ შედგა თანამშრომლობა?

POSTRED-ში, ბოლო წლების მანძილზე, არაერთ ცნობილ უცხოურ პროექტზე ვიმუშავეთ. შესაბამისად, კომპანიის მიმართ ნდობაც გაიზარდა. ბოლო დროს კი, ცნობილ ხმის დიზაინერ, Wylie Stateman-თან დავიწყე თანამშრომლობა. უაილი ოსკარზე 9-ჯერ ნომინირებული და The Queen’s Gambit-ისთვის ემის მფლობელი ხმის დიზაინერია (The Queen’s Gambit, Once Upon a Time… In Hollywood, Django Unchained და მრავალი სხვა პროექტი). უაილიმ უშუალოდ დამპატიჟა მის გუნდში ამ პროექტზე.

M: როგორი იყო სამუშაო პროცესი?

სამუშაო პროცესი საკმაოდ საინტერესო იყო. შოუს წარმოების სპეციფიკიდან გამომდინარე, საკმაოდ ბევრი გამოწვევა იყო, რადგან ხმის პოსტზე მუშაობის პარალელურად, მიმდინარეობდა ახალი სერიების გადაღებაც. მუშაობდე სხვადასხვა დროის სარტყელში, როდესაც ქვეყნებს შორის განსხვავება 12 საათია, ერთის მხრივ მომგებიანია, რადგან სამუშაო პროცესი 24 საათის მანძილზე მიმდინარეობს (როცა ლოს-ანჯელესში ამთავრებდნენ სამუშაო დღეს, ამ დროს ჩვენთან თენდება და ვაგრძელებთ მუშაობას), თუმცა ყველაფერი ზუსტად კოორდინირებული უნდა იყოს, რადგან მუშაობის პროცესში არ გაქვს საშუალება დაზუსტებების და ამერიკულ და ქართულ გუნდებს შორის კომუნიკაციის. ასევე, პროექტის პოპულარობიდან გამომდინარე, გამკაცრებული გვქონდა სტუდიაში სტუმრების ვიზიტის წესები და თანამშრომლების მუშაობის პროტოკოლი.

ეს პროცესი იყო ახალი ეტაპი ჩემს კარიერაში. მუშაობდე ისეთ ლეგენდასთან როგორიცაა Wylie Stateman, ნებისმიერი ხმის დიზაინერის ოცნებაა და ბედნიერი ვარ რომ დავიმსახურე ეს შანსი.

M: რითაა მნიშვნელოვანი ეს პროექტი POSTRED-ისთვის?

ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის რამოდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში, ეს არის HBO-ს ერთ-ერთი მთავარი შოუ. ფაქტი, რომ ეს სტუდია იმდენად გვენდობა, რომ ჩათვალეს საჭიროდ მათი გუნდის წევრები ვყოფილიყავით, ძალიან სასიამოვნოა. მეორე მხრივ, მაგალითია სხვა მსგავსი კინოსტუდიებისთვისა და დისტრიბუტორებისთვის, რომ საქმისადმი სიყვარულისა და თავდაუზოგავი შრომის ფონზე, შეუძლებელი არაფერია. ასევე, საყურადღებოა პოსტრედის გეოგრაფიული მდებარეობა. რთული და იშვიათია მსგავსი კომპანიებისთვის სხვა კონტინენტზე წარმოების გაშლა, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა. ამიტომ ძალიან სასიამოვნოა, რომ POSTRED-ს აქვს ეს ნდობა.

 


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

ვარსკვლავთაშორის სივრცეში მიკროსკოპული ცხოველების გაგზავნა იგეგმება

კვლევა — შესაძლოა, სამყარო “პიქსელირებული” იყოს