ადამ დრაივერი, პენელოპე კრუსი, გაბრიელ ლეონე – ეს იმ მსახიობთა გუნდია, რომელიც 2023 წლის ფილმ „ფერარიში” მონაწილეობს. ფილმი ბიოგრაფიული, სპორტული ჟანრის არის და თუ ახლო მომავალში რაიმე საინტერესო ფილმის ყურება გსურდათ, შეგვიძლია, რეკომენდაცია ამ ნამუშევარს გავუწიოთ.
თუმცა ამ ფილმში მარტო მსახიობები არ კაშკაშებენ ვარსკვლავურად, მისი რეჟისორი მაიკლ მანია, ჰოლივუდში ერთ-ერთი გამორჩეული ადამიანი, ხოლო ხმის დიზაინზე ასევე ჰოლივუდელმა ტონი ლამბერტმა თავის გუნდთან ერთად იმუშავა.
როცა ტონი ლამბერტის გუნდზე ვსაუბრობთ, ალბათ ყველას წარმოსახვაში უცხოური სახელები და გვარები გაჩნდება, თუმცა ეს სტატია სხვა რამითაა მნიშვნელოვანი – ტონი ლამბერტის პროექტში ქართველი ხმის დიზაინერები, POSTRED-ის გუნდიდან მონაწილეობდნენ: ბესო კაჭარავა, ბიკო გოგალაძე, ალექსანდრე სანიკიძე, გიორგი ლეკიშვილი და რატი ჩხეტიანი. თითქმის ყველა ხმა, რაც კი მის გასაფორმებლად იქნა გამოყენებული, ამ ადამიანების თანამონაწილეობით შეიქმნა. ყველაზე სასიხარულო ამბავი ამაში კი ისაა, რომ ცოტა ხნის წინ კინოდაჯილდოება BAFTA-ზე ფილმი ხმის კატეგორიაში ნომინანტად გამოაცხადეს.
„ფილმისთვის „ფერარი” ჩვენ ვითანამშრომლეთ SONY-სთან და ვმუშაობდით ერთ-ერთი ცნობილი ხმის დიზაინერის, ტონი ლამბერტის გუნდში, რომელიც ოსკარის ნომინანტია. ეს ჩვენი პირველი კოლაბორაცია არ იყო, რადგან მანამდე მასთან ერთად გავაკეთეთ ფილმ „სამოცდახუთის” ხმის დიზაინი.
ფერარი არის ბიოგრაფიული ფილმი, რომელიც ენცო ფერარის ცხოვრებას ასახავს და ყველას ვურჩევდი მის ნახვას, რადგან ძალიან საინტერესო ნამუშევარია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ასეთ პროექტზე მუშაობა, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ფილმის რეჟისორი და პროდიუსერი ყველასთვის ცნობილი მაიკლ მანია.
პროექტი საკმაო ხანს გაგრძელდა, დაახლოებით ერთი წელი ვმუშაობდით. რა თქმა უნდა, საერთო ჯამში იყო ძალიან საინტერესო, უბრალოდ აღვნიშნავ, რომ უამრავი დეტალი იქნა გასათვალისწინებელი – ფილმის მასშტაბებიდან გამომდინარე, სხვანაირად ვერც ვიმუშავებდით.
როგორც ყველა ასეთ პროექტს, მასაც თავისი სპეციფიკა ჰქონდა ხმის კუთხით. ამ ფილმში სარბოლო მანქანებია და ამან თავისი სირთულე შემატა, თუმცა, საბოლოოდ, ბევრი მცდელობის, სხვადასხვა ხმის შექმნის შემდეგ შედეგით კმაყოფილნი ვართ. აქვე იმასაც დავძენ, რომ თვითონ ფერარის ძრავის ხმა ჩვენი შექმნილი არაა, რადგან რეალური ავტომობილები ჩაიწერა, მაგრამ ყველა დანარჩენი ხმა, ეს იქნებოდა სიჩქარეში გადართვა თუ სხვა ნებისმიერი, რაც ფილმში გესმით, ჩვენი გუნდის არტისტული ფიქრისა და დიზაინის შედეგია. გამომდინარე იქიდან, რომ ფილმში საკმაოდ ბევრი რაღაც ხდება, ჩვენც ბევრს ვფიქრობდით ისეთი დეტალების მოფიქრებაზე, თუ როგორ უნდა მოეყოლა ხმას ამბავი ყველაზე კარგად”, – ბესო კაჭარავა, POSTRED-ის დამფუძნებელი და აშშ-ის ხმის ედიტორთა გილდიის წევრი.
„ფერარი” ერთადერთი ფილმი არ არის, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. პოსტრედის გუნდის მონაწილეობით შექმნილი პროექტები სხვადასხვა დაჯილდოებაზე, მათ შორის ოსკარის ნომინაციებზეც ყოფილა და ახლაც არის წარდგენილი. ამ კუთხით გამოირჩევა: ალექსანდერ პეინის 5-გზის ნომინირებული “The Holdovers,” დეივ მიულინსის ანიმაცია “WAR IS OVER! Inspired by the Music of John and Yoko” და ქრის ბაუერსის და ბენ ფრაუდფუტის მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი “The Last Repair Shop.”
გუნდი აქტიურად იყო ჩართული ისეთი სერიალების ხმის შექმნაშიც, როგორებიცაა: HBO-ს “IDOL,” Netflix-ის “PainKiller” და “Griselda”. ამ უკანასკნელის პრემიერა სულ რამდენიმე დღის წინ, 25 იანვარს შედგა, სერიალში მთავარ როლს სოფია ვერგარა თამაშობს.
ამ წარმატებული პროექტების გაცნობის შემდეგ, POSTRED-ის მმართველ პარტნიორს, თინა ბაბაკიშვილს ვთხოვეთ, პოსტრედის სამომავლო გეგმებზეც ესაუბრა.
„POSTRED, როგორც აუდიო პოსტ-პროდუქციის სტუდია, ერთ-ერთ დიდ მოთამაშედ ტრანსფორმირდება საერთაშორისო ბაზარზე. აწარმოე საქართველოს” სუბსიდირებული სესხის პროგრამის და USAID-ის Economic Security პროგრამის დახმარებით, თბილისის სტუდია სრულიად განვაახლეთ და აღვჭურვეთ უახლესი აპარატურით, რომელიც ჰოლივუდის სტუდიებთან სრულ თანხვედრაშია. გავზარდეთ კომპანიის მასშტაბი, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი პროდუქტის წარმოება ხდებოდეს საქართველოში. ასევე მნიშვნელოვანია, გავაჩინოთ კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილი კრეატიულ სფეროში.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ, რომ დრო იყო ახალი მიმართულებითაც წავსულიყავით და ვიდეოთამაშების ხმის დივიზია ჩამოვაყალიბეთ, რომელსაც ხელმძღვანელობს ლუკა ლებანიძე. ამ დივიზიით, როგორც ჩრდილო ამერიკის, ასევე ევრაზიის ბაზარზე აქტიურად დავიწყეთ ოპერირება და ვაპირებთ კიდევ უფრო გავაქტიურდეთ. გვაქვს მოლაპარაკებები ისეთი თამაშების წარმოების კომპანიებთან, როგორებიცაა Riot Games, Bungie და ა.შ. უკვე აქტიურად ვთანამშრომლობთ ისეთ გიგანტ კომპანიასთან ჩინეთიდან, როგორიცაა Tencent.
პირადად მე POSTRED-ის Film & TV დივიზიას ვხელმძღვანელობ და ლოს-ანჯელესში ვიმყოფები, რათა კიდევ უფრო მეტად გავზარდო ცნობადობა ჩვენი კომპანიის შესახებ. POSTRED უკვე თანამშრომლობს ჰოლივუდის ისეთ დიდ სტუდიებთან, როგორებიცაა Sony, Paramount, Universal, A24, HBO, Netflix, Warner Brothers და ა.შ.
ასევე, ვაპირებთ, რომ შარშან ჩამოყალიბებული POSTRED აკადემია უფრო გავაფართოოთ და მივიღოთ პროფესიული სასწავლებლის აკრედიტაცია, რომლითაც ამერიკული ძვირადღირებული სასწავლებლების ხელმისაწვდომი ალტერნატივა გაჩნდება საქართველოში”.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი