in

როგორ შევაფასოთ პოტენციური დამსაქმებელი კრიზისის დროს?

მზარდი საპროცენტო განაკვეთები, მაღალი ინფლაცია, პოლიტიკური საკითხები და ომი გლობალურ ეკონომიკაზე დიდად მოქმედებს. ამიტომ, ძნელია იმის გადაწყვეტა, დარჩეთ სტაბილურ სამსახურში, როცა იქ თავს ცუდად გრძნობთ თუ გადადგათ ნაბიჯები მაშინ, როცა გაურკვეველია ეკონომიკურ პირობებს გავლენა აქვს თუ არა თქვენს დასაქმებაზე. მართალია, რისკების მთლიანად აღმოფხვრას ვერ შეძლებთ, მაგრამ სტატიაში მოცემულია რამდენიმე გზა, რომელიც ნაბიჯების გადადგმისას რისკების შემცირებაში დაგეხმარებათ. 

pasha-statiebi
pasha-statiebi

გამოიკვლიეთ კომპანია

საჯარო კომპანიებს ფინანსური მდგომარეობის გაცხადება კანონით მოეთხოვებათ. შედეგად, მათ შესახებ უამრავი ინფორმაცია ვიცით. თქვენ კომპანიის მოგების, ფინანსური სტაბილურობისა და ბიზნესის სრული შედეგების შესახებ შეგიძლიათ გაიგოთ. ხოლო თუ კიდევ უფრო მეტი მონაცემის გაგება გსურთ, შემომავალ ზარებს უნდა შეუერთდეთ, სადაც ფინანსური ანალიტიკოსები ანგარიშების შესახებ კითხვებს სვამენ. ბევრი კომპანია ამ მეთოდს აქტიურადაც მიმართავს. 

კერძო კომპანიებსა თუ სტარტაპებზე ინფორმაციის პოვნა კი ბევრად რთულია. თანაც, მათ ფინანსური საკითხების გამჟღავნება საერთოდ არ მოეთხოვებათ. თუმცა კომპანიის დაფინანსების წყაროების გაგება, იქნება ეს თქვენი მეგობრების, ოჯახის თუ რეპუტაციის მქონე კაპიტალის ფირმის, რისკების შეფასებაში დაგეხმარებათ. ინვესტიციების დასაცავად კი ხშირად ყველაფერს აკეთებენ. ამასთან, გამოიკვლიეთ აღმასრულებელი დირექტორები და მათი გამოცდილება სხვა კომპანიებში. ხოლო თუ ნამდვილად გსურთ თქვენი საგამოძიებო უნარების ჩვენება, ადგილობრივი სასამართლოს სამოქალაქო სარჩელები გამოიკვლიეთ, რაც კომპანიის შესახებ გეტყვით, როგორ იხდიდა გადასახადებს ან გაკოტრების რისკის წინაშე ხომ არ ყოფილა იგი. 

საბოლოოდ, მიუხედავად იმისა კომპანია კერძოა თუ საჯარო, ისეთი ვებგვერდები შეამოწმეთ, რომლებიც სამსახურიდან გათავისუფლებული ადამიანების შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით. LinkedIn-ის მიმოხილვა კი დაგეხმარებათ, გაიგოთ, საშუალოდ რამდენი ხნით ჩერდებიან თანამშრომლები კომპანიაში, როგორ იზრდება ის და ჰყავს თუ არა კომპანიას თავისივე სტაჟიანი თანამშრომლები.

გაიგეთ ინდუსტრიის შესახებ

მუშაობთ ისეთ ინდუსტრიაში, რომელიც რეცესიის გზას ადგას ან მეტად დაუცველია? მაგალითად, როცა საპროცენტო განაკვეთები იზრდება, სახლის გაყიდვები მცირდება, ამიტომ, უძრავი ქონებისა და იპოთეკური კომპანიები განსაკუთრებით დაუცველები არიან. ინდუსტრიის სხვა კომპანიებზე დაკვირვება კი, დაგეხმარებათ, წინასწარ განსაზღვროთ, როგორ იმოქმედებს ბაზრის ცვლილებები ინდუსტრიაზე. მაგალითად, უსაფრთხოების პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიამ One Trust რეორგანიზაციისას 950 თანამშრომელი, ანუ ორგანიზაციის 25% გაათავისუფლა, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას მომხმარებელთა გაზრდილი რაოდენობა ჰქონდა. დიახ, მსგავსი საჭიროების პროგნოზირება რთული იყო, მაგრამ კონკრეტულმა კომპანიამ კონკურენტი ფირმის Lacework-ის მაგალითით გააკეთა, რომელმაც მანამდე ერთი თვით ადრე თანამშრომელთა რაოდენობა 20%-ით შეამცირა. 

ინდუსტრიის გასაგებად საჭიროა ყველაფრის წაკითხვა კომპანიებზე, კონკურენტებსა და თვითონ ინდუსტრიაზე. რა განასხვავებს ერთი კომპანიის პროდუქტს მეორისგან? როგორ იზრდება მომხმარებელთა ბაზა? რა იციან კომპანიის შესახებ ინდუსტრიაში? ამ კითხვებზე პასუხების პოვნა მნიშვნელოვანია, თანაც, არ დაგავიწყდეთ, რომ როცა ადამიანები კომპანიებს ტოვებენ, ამის შესახებ სოციალურ ქსელებში პოსტავენ…

დასვით სტრატეგიული კითხვები ინტერვიუს პროცესში

თუ დაქირავების პროცესის შესახებ გაინტერესებთ და ამაზე მოკლე ან ზოგად პასუხს იღებთ, ეს წითელ დროშად შეგიძლიათ ჩათვალოთ. შემდეგი კითხვები კი უფრო დეტალური ინფორმაციის მიღებაში დაგეხმარებათ:

ჰკითხეთ დამქირავებელ მენეჯერს:

  • როგორ უსადაგებს კომპანია დაქირავების მიდგომებს ბაზრის ცვალებადობას?
  • არის თუ არა მომავალში დაქირავების პროცესის შეჩერების ან შენელების რისკი?
  • რამდენად შორს მიდის კომპანიის მიერ ჩამოყალიბებული სტრატეგიული გეგმის მოდელი?
  • თუ სტარტაპია, როდის გადავა დაფინანსების რაუნდზე? რა მოხდება, თუ ეკონომიკური რყევები გაართულებს ან დააყოვნებს დაფინანსებას? მნიშვნელოვანია, იცოდეთ დაფინანსების შესუსტების შემდეგ, შეძლებს თუ არა კომპანია თანამშრომელთა შენარჩუნებას.
  • რა არის კომპანიის ხედვა? თუ ამაზე ვერ გიპასუხებენ, დიდი შანსია იმისა, რომ მათი სტრატეგია არ არის ძლიერი და არ სწვდება კომპანიის დაბალ საფეხურებს. 
  • რამდენი თანამშრომელი ჰყავდა კომპანიას 4 წლის, 3 წლის, 2 წლის, 1 წლის წინ და რამდენი ჰყავს ახლა? არის თუ არა სტაბილური ზრდა?
  • რამდენი ადამიანი დაიქირავეს გასულ წელს 2020 წელთან შედარებით, როცა პანდემია იყო?

ჰკითხეთ სხვა ინტერვიუერებს:

  • გაათავისუფლა თუ არა კომპანიამ თანამშრომლები Covid19-ის დროს? შესაძლოა, პასუხმა ბიზნესის შეფერხების ტენდენცია აჩვენოს.
  • იმოქმედა თუ არა მიწოდების ჯაჭვის პრობლემებმა ბიზნესზე? თუ კი, როგორ გადალახა კომპანიამ ისინი?
  • რამდენი ხანი მუშაობდა ამჟამინდელი დეპარტამენტის ხელმძღვანელი კონკრეტულ პოზიციაზე? თუ ეს ცოტა დროა, რეორგანიზაციასთან ხომ არ ჰქონიათ საქმე, რაც სამსახურიდან გათავისუფლებასაც მოიცავს.
  • მიიღეს თუ არა თანამშრომლებმა ბაზრის ანაზღაურება ბოლო ორი წლის განმავლობაში?
  • აძლევდნენ თუ არა თანამშრომლებს კომპანიაში ბონუსებს?

თუ თქვენს კითხვებს ისინი არ უპასუხებენ, გაიგეთ, შესაძლებელია თუ არა იმ ადამიანთან დაკონტაქტება, რომელსაც პასუხის გაცემა შეეძლება, ეს მეტ სიმშვიდესაც მოგანიჭებთ. 

გაესაუბრეთ თქვენს ქსელს

თუ თქვენ იცით ამჟამინდელი ან ყოფილი თანამშრომლის შესახებ ან გაქვთ ურთიერთობა მასთან, ვისაც კომპანიასთან თქვენი დაკავშირება შეეძლება, შეხვედრა სთხოვეთ. დიახ, კომპანიის შესახებ ინფორმაციის გასაგებად საუკეთესო გზა იმ ადამიანებთან საუბარია, რომლებიც არ არიან ჩართული ინტერვიუს პროცესში. ისინი რეალურ გამოცდილებას გაგიზიარებენ. ხოლო, რაც უფრო მეტ ინფორმაციას მოაგროვებთ, მით უფრო ნაკლები რისკი გექნებათ გადაადგილებისას. 

წყარო: HBR



დაწვით „ბრენდბუქები“ და ყველაფერი უფრო კრეატიული გახადეთ

ახალი „ვოლვო“ XC60 Google-ის ჩაშენებული სისტემებით საქართველოშია