„პეის ჯგუფი“ ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას გეგმავს. პროექტი ამერიკის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია OPIC-ის მიერ, 50 მილიონი დოლარით უკვე დაფინანსდა. „პეის ჯგუფის“ დამფუძნებლის – ირაკლი კერვალიშვილის თქმით, ფოთში 2020 წლის ბოლოს, ღრმაწყლოვანი ნავმისადგომი გვექნება. აღსანიშნავია, რომ ღრმაწყლოვანი ეკვატორიის არ ქონის პირობებში, ქართული პორტებში, ბოლო 6 წლის განმავლობაში, ტვირთბრუნვა მცირდებოდა. სპეციალისტები მიიჩნევდნენ, რომ ქვეყნის სატრანზიტო დერეფანი სტრატეგიულ/რეგიონულ ფუნქციას სულ უფრო კარგავდა. სწორედ ამ პრობლემის საპასუხოდ და დიდი მოცულობის ტვირთების ათვისების მიზნით შემუშავდა პროექტი, რომელიც ფოთში ღრმაწყლოვანი ნავმისადგომის მოწყობას ითვალისწინებს. ახალი საზღვაო ტერმინალის მოწყობისა და აკვატორიის სიღრმის გაზრდის შედეგად, ნავსადგური 50 ათას ტონამდე ტვირთამწეობის გემების მიღებას შეძლებს. ცნობილია, რომ პროექტი 120 მლნ აშშ დოლარის ღირებულებისაა, მისი პირველი ფაზის შესრულება კი 93 მლნ დოლარი დაჯდება.
„იმისთვის რომ შევინარჩუნოთ და გავზარდოთ საქართველოს, როგორც სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობა აუცილებელია განვავითაროთ ინფრასტრუქტურა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება უპირველესად უნდა დავიწყოთ საზღვაო ინფრასტრუქტურით. ქვეყანას სჭირდება ღრმაწყლოვანი ეკვატორია“, – გვიყვება 27 წლიანი ისტორიის მქონე „პეის ტერმინალის“ დამფუძნებელი, ირაკლი კერვალიშვილი. ჩვენ მას Opic-თან თანამშრომლობის დეტალებსა და ფოთის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ფაზებზე ვესაუბრეთ.
M: როგორ მოახერხა „პეის ჯგუფმა“ OPIC-ის მხრიდან 50 მილიონი დოლარის ინვესტიციის მოზიდვა ?
Opic-ის ნდობა „პეის ჯგუფისა“ და ქვეყნისადმი იმდენად დიდია, რომ უპრეცენდენტო სესხი გამოყო. Opic-ი ოცი წელია კავკასიის რეგიონში აქტიურია, თუმცა ეს მისი მხრიდან სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში პირველი ინვესტიციაა და გარდა ამისა გამორჩეულია მოცულობით, რაც ცალსახად მეტყველებს იმაზე, რომ ეს პროექტი რეალურია. Opic-მა 2014 წელს გამოთქვეს ინტერესი პროექტის მიმართ. ისინი, ამ პერიოდის განმავლობაში, სწავლობდნენ „პეის ჯგუფის“ საქმიანობას. დიდი დრო დაიხარჯა საინჟინრო ექსპერტიზაზე, საზღვაო-სანაოსნო ნავიგაციაზე, პროექტში ჩაიდო გარემოს დაცვის მაღალი სტანდარტი, ასევე შრომის უსაფრთხოების პირობები და შედეგში დარწმუნების შემდეგ, მოხდა გადაწყვეტილების მიღება. 50 მილიონი არის დაბალპროცენტიანი სესხი, რომლის გასტუმრებისთვისაც 15 წელი გვაქვს.
M: რა სამუშაოები იგეგმება პირველი ფაზის ფარგლებში, ასევე რომ შეაფასოთ რამდენად მნიშვნელოვანია და რა მოცულობით გაზრდის არსებულ სიმძლავრეს ახალი ტერმინალი?
ტერიტორია, სადაც „პეის ჯგუფი“ საპორტო ინფრასტრუქტურას ავითარებს 25 ჰექტარს მოიცავს. ჯამში 700 მეტრამდე ნავმისადგომის მშენებლობა იგეგმება. პროექტი ორ ფაზად განხორციელდება. პირველი ფაზის ფარგლებში აშენდება 260 მეტრამდე ნავმისადგომი, თავად პორტი კი 12 მეტრი სიღრმის იქნება. ასევე, ამ 93 მილიონში შედის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწყობა, როგორიცაა ლიანდაგები, ღია და დახურული სასაწყობე მეურნეობები. მინდა აღვნიშნო, რომ ეს არაა ახალი პროექტი აქ სამუშაოები „პეის ჯგუფმა“ 2015 წლიდან დაიწყო. პროექტის პირველი ფაზა ნაწილობრივ შესრულებულია, 93 მილიონიდან დახარჯული გვაქვს 28 მილიონი.”პეის ტერმინალი“ მოქმედია, აქ ვამუშავებთ ტვირთებს და ტერმინალი ისეა დატვირთული, რომ ითხოვს ღრმაწყლოვან პორტს. აქ გვაქვს დაახლოებით 10 ჰექტრამდე ღია და 30 ათასი ტონის ტევადობის დახურული საწყობი. ვამატებთ 50 ათასი ტონის ტევადობის დახურულ საწყობს იმიტომ, რომ არის მოთხოვნა, არსებული საწყობი უკვე შევსებულია, დასაწყობებული გვაქვს კარბამიდი, მინერალური სასუქი და გვჭირდება დამატებითი ინფრასტრუქტურა. ეს საწყობები და ინფრასტრუქტურა გაატარებს დაახლოებით 1.5 მლნ ტონა ტვირთს. ტვირთების სიდიდიდან გამომდინარე, საჭიროა დიდი გემების მიღება შეგვეძლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ტვირთვებს დავკარგავთ. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ „პეის ჯგუფი“ ათასამდე ადამიანს ასაქმებს და ამ პროექტის შედეგად მათი რიცხვი კიდევ გაიზრდება. საკმაოდ მკაცრი გრაფიკი გვაქვს, სამუშაოების პირველი ეტაპი დაწყებიდან 18 თვეში უნდა დამთავრდეს.
M: შერჩეულია, თუ არა კომპანია, რომელიც პორტში სამუშაოებს შეასრულებს?
უკვე მზად გვაქვს სატენდერო დოკუმენტაცია. ორ-სამ თვეში გამოვაცხადებთ ტენდერს, რის შედეგადაც გამოვავლენთ სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას. სავარაუდოდ, ქართული კომპანიები ტენდერში ვერ მიიღებენ მონაწილეობას, რადგან Opic-ის მოთხოვნები საკმაოდ მაღალ სტანდარტებს უკავშირდება. ეს კომპანიები, ძირითადად, არიან ნორვეგიელები, ჰოლანდიელები, თურქები, რომელთაც უკვე გამოთქვეს ინტერესი. ცხადია, შერჩეულ კომპანიას ქვეკონტრაქტორები დასჭირდება და ჩვენ იმ ქართულ კომპანიებს გავუწევთ რეკომენდაციას, რომელებთანაც აქამდე წარმატებით ვთანამშრომლობდით.
M: პროექტის მეორე ეტაპზე რომ გვესაუბროთ, რას გეგმავთ და ამ ფაზის ფარგლებშიც განიხილება, თუ არა Opic-თან თანამშრომლობა?
არამარტო Opic-მა, სხვა ფინანსურმა ინსტიტუტებმაც გამოთქვეს სურვილი პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში ჩვენთან ითანამშრომლონ. ვგეგმავთ სასაწყობე მეურნეობის განვითარებას, მათ შორის თხევადი ტვირთებისთვის. ამჟამად, აქცენტი ძირითადად ნაყარ ტვირთებზე გვაქვს. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გადაწყვეტილების მიღებისას არ ვჩქარობთ. მოთხოვნის მიხედვით, ეტაპობრივად ვავითარებთ პორტს და ამასთან სხვა პორტებისგან განსხვავებით, ნულიდან არ ვიწყებთ. პროექტის სამომავლო განვითარება ბაზრის საჭიროების მიხედვით მოხდება. ჩვენ ახალი ნაკადებისა და ტვირთების მოზიდვას ვეცდებით.

M: როგორია ახალი ტვირთების მოზიდვის მნიშვნელობა და რა გამოცდილება გაქვთ ამ კუთხით?
„პეის ტერმინალს” 27 წლიანი ისტორია აქვს და არაერთი მაგალითის დასახელება შემიძლია, როდესაც საკუთარი ძალისხმევით ახალი ტვირთების მოზიდვა შევძელით. ალუმინის ოქსიდი, რომელიც არის ნედლეული ალუმინის წარმოებისთვის. ტაჯიკეთის ქარხაქნა რუსეთიდან ატარებდა ამ ოქსიდს. ჩვენ მოვახერეთ მათი დარწმუნება. თავიდან, საცდელად, 35 ათასი ტონის გადატანა მოხდა ფოთის პორტის საშუალებით, შემდეგ კი, ყოველწლიურად, 150 ათას ტონაზე ავედით. ტაჯიკეთის ქარხნისთვის ფოთის პორტი ერთგვარი ჰაბი გახდა და აქედანვე ხდებოდა ალუმინის რეალიზაცია ევროპის ბაზართან სიახლოვის წყალობით. „პეის ტერმინალმა”, პირველმა საქართველოში, შეძლო ისეთი ტვირთების დამუშავება, რომელთა მიღებაც ჩვენი ქვეყნის არც ერთ ნავსადგურს არ შეეძლო. მათ შორისაა თურქმენული მინერალური სასუქი – კარბამიდი, რომელიც 2016 წლიდან ფოთზე გადმომისამართდა. მანამდე ტრანსპორტირება რუსეთისა და ირანის გავლით ხდებოდა. ასევე „პეის ჯგუფმა“ პირველმა აამოქმედა თანამედროვე რევერსული ტიპის ხორბლის გადასატვირთი ტერმინალი, რომელიც ერთადერთია ქვეყანაში. შარშან გავატარეთ 100 ათასი ტონა რუსულ-ყაზახური ხორბალი. „პეის ტერმინალი”, ახორციელებს შუა აზიის ქვეყნებში წარმოებული მინერალური სასუქების მიღება დამუშავებას. ჩვენი ტერმინალის საშუალებით, ჯერ კიდევ 2015-2017 წლებში ხორციელდებოდა ჩვენი რეგიონისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტის, „Shah Deniz 2“-ის ფარგლებში, BP-ის გაზსადენის მილების ტრანსპორტირება. შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ იყო ქვეყანაში, ჩვენ უზრუნველვყავით ამ მილების შემოტანა და დასაწყობება. ცხადია, ტვირთების მოზიდვა მარტივი პროცესი არაა და ბევრ მუშაობას საჭიროებს, თუმცა შესაბამისი ძალისხმევით, ეს შესაძლებელი და რეალურია.
M: აღსანიშნავია, რომ ბათუმის პორტში მინერალური სასუქების გადატვირთვის ახალი ტერმინალის მშენებლობა იგეგმება, შენდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტიც. ქმნის თუ არა ეს კონკურენტულ გარემოს ფოთის პორტისთვის?
კონკურენციაში პრობლემა არ არის. აუცილებელია, რომ თითოეულმა პორტმა მნიშვნელოვანი ტვირთნაკადი მოიზიდოს და ამით ქვეყნის ეკონომიკაში გარკვეული წვლილი შეიტანოს. პორტები ერთმანეთს მოზიდული ნაკადების წართმევაში კი არ უნდა უწევდნენ კონკურენციას, ახალი ნაკადებისა და ტვირთების მოზიდვას უნდა ცდილობდნენ. „პეის ჯგუფი“ ჯერ ვიზიდავთ ტვრთებს და მოთხოვნის გაჩენის შემდეგ ვამატებთ სიმძლავრეებს.
M: როგორი იყო გასული წელი „პეის ჯგუფისთვის“ და როგორია თქვენი მოლოდინი მიმდინარე წელთან დაკავშირებით?
2018 წელი ფინანსური თვალსაზრისით მძიმე იყო კომპანიისთვის. ჩვენი ტვირთბრუნვა საშუალოდ 3 მლნ ტონას შეადგენს, თუმცა შარშან 2.6 მლნ ტონამდე შემცირდა. 2018 წელს არაერთი მნიშვნელოვანი ხელშეკრულება დავდეთ და წელს უკვე ტვირთების 700 ათასი ტონით გაზრდას ველოდებით. გაიზრდება რუსული ნახშირის, თურქმენული გოგირდის, ხორბლის ნაკადები. გასული წლის განმავლობაში, „პეის ჯგუფმა“ მნიშვნელოვანი ეტაპი გაიარა, რამდენადაც ბევრი კომპანია დავარწმუნეთ ჩვენთან ითანამშრომლონ.
[R]