in

6-7 სექტემბერს საქართველო საერთაშორისო სპორტულ რუკაზე მოინიშნება

ფოთის მალთაყვის ოქროს ტბა 34 წლის შემდეგ ახალ სიცოცხლეს იძენს, 1991 წლის ევროპის ჩემპიონატის  შემდეგ წელს პირველად ტარდება წყალსათხილამურო სპორტის საერთაშორისო ტურნირი „ფოთი პროტური 2025“.  საერთაშორისო ტურნირის წარმატებით ჩატარება საფუძველს შექმნის საქართველომ 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობაზე წყალსათხილამურო საერთაშორისო ფედერაციაში განაცხადი შეიტანოს.

საქართველოს საერთაშორისო სპორტულ რუკაზე მონიშვნა მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება რეგიონის პოპულარიზაციისა და  სპორტული ტურიზმის განვითარებისთვის. ეს, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ადგილობრივ და ცენტრალურ ბიუჯეტში დამატებითი თანხების გენერირებას,  ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. აღსანიშნავია, რომ საქართველო ევროპაში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც სპორტის ამ სახეობისთვის ყველაზე გრძელი, ცხრათვიანი სეზონია.  

აგვისტოს ბოლოს იტალიაში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ სპორტსმენები ევროპის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან საქართველოში გააგრძელებენ ასპარეზობას. მალთაყვაში ორმოცამდე მოთხილამურე ორ დისციპლინაში ხტომასა და სლალომში შეჯიბრებიან ერთმანეთს.

დღეისათვის, ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, უკვე მოქმედებს მოდულებისგან აწყობილი სპორტული ბაზა, სადაც შესაძლებელია ოთხი გუნდის ეკიპირების განთავსება. მიმდინარე ეტაპზე, პირველად, საქართველოში ორი კატარღის ერთდროულად მისაღებად საერთაშორისო სტანდარტების პონტონი გაკეთდა, რომელიც სასტარტო ბაქანად გამოიყენება და უკვე ჩაშვებულია ტბაში.

ტურნირი ტარდება საერთაშორისო წყალსათხილამურო ფედერაციის (IWWF), საქართველოს წყალსათხილამურო სპორტის ეროვნული ფედერაციის ეგიდითა და „ფოთის ტბის კლუბის“ ორგანიზებით. ღონისძიების მხარდამჭერია ფოთის მერია.

ტურნირის ტრანსლირებას განახორციელებს Waterski Pro Tour-ის TWBC Broadcast მაუწყებელი, რომელიც მთელს მსოფლიოში მილიონიან აუდიტორიას ფარავს და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ამავდროულად ტურნირის მხარდამჭერია.

„საერთშორისო ასპარეზზე გასასვლელად უკვე ყველაფერი მომწიფდა, ამიტომ „ფოთის ტბის კლუბის“ ინიციატივა იყო, რომ რეგიონში ლეგენდარულ ბაზაზე საერთაშორისო პროტური ჩატარებულიყო. რასაკვირველია მჭიდრო კოორდინაცია იყო სპორტის სამინისტროსა და ფოთის მერიასთან. როგორც ხედავთ დღეს საქართველო უკვე საერთაშორისო ტურნირის მოლოდინშია, შესაბამისად ოქროს ტბის სათხილამურო ბაზაც სრულ მზადყოფნაშია სათანადოდ უმასპინძლოს პროტურს”, – კოკი ოსიპოვი „ფოთის ტბის კლუბის“ დამფუძნებელი.

„ეს იქნება დაუვიწყარი სანახაობა, ბევრი სიურპრიზი ელოდება ტურნირის სტუმრებს. ღამის ხტომები სპეციალური განათებებით. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მალთაყვის ისტორიულ ბაზას ძველი დიდება დავუბრუნოთ”, – მიხეილ გიორგაძე, ტურნირის აღმასრულებელი დირექტორი.

„ინტერესი საკმაოდ დიდია, ველით ბევრ სტუმარს, გარდა საერთაშორისო სპორტსმენებისა ამ ტურნირს დაესწრებიან ჩვენს კლუბში გაწევრიანებული 17 წლამდე ბავშვები, რომლებიც 10 თვის განმავლობაში დაკავებულები არიან ვარჯიშით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია რეგიონში ჯანმრთელი ცხოვრების წესის ხელშესაწყობად. ამ შეჯიბრით ისინი იხილავენ სპორტის ამ სახეობის აღორძინების დასაწყისს, ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას და მზად ვართ კიდევ ბევრი ტურნირი ჩავატაროთ”, – „ფოთის ტბის კლუბის“ დირექტორი.

უცხოელ მწვრთნელებთან თანამშრომლობით იგეგმება ქართველი ბავშვების სელექცია და 2-3-წლიანი პროგრამა, რის შედეგადაც 13 წლიდან ისინი უკვე შეძლებენ, მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო ტურნირებში.

ინფორმაციისთვის:

წყალსათხილამურო სპორტი საქართველოში 2023 წლიდან აქტიურად ვითარდება. თუმცა ეს ყველაფერი 1978 წელს დაიწყო, როდესაც მალთაყვის ტყეპარკისოქროს ტბაზეწყალსათხილამურო ბაზის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. სწორედ ფოთში 1991 წელს პირველად ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი, სადაც ქართველმა სპორტსმენებმა საერთაშორისო წარმატება მოიპოვეს. მათ შორის გენადი გურალია, რომელმაც უკვე 2008 წელს ევროპის საუკეთესო წყალმოთხილამურის წოდება მოიპოვა

საერთაშორისო წყალსათხილამურო ფედერაცია (International Waterski & Wakeboard Federation – (IWWF), სამივე კონტინენტიდან 90-ამდე ქვეყანას აწევრიანებს, მსოფლიო წყალსათხილამურო ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანება 90-იან წლებში მოხდა.

 #potiprotour2025 #Waterskiing #Geowwfed #WaterSkiGeorgia #LakeClubPoti #HistoryAndFuture #ActiveLifestyle #iwwf

[პარტნიორის კონტენტი]

ევრობასკეტზე ჯგუფიდან გასვლის რეალური შანსი და ნაკრების მდგომარეობა – საქართველოს ბანკი ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია

როგორ გავანეიტრალოთ კონფლიქტი სამუშაო გარემოში