16
Sep
2019

პოსტმოდერნიზმი და ფოტოშოპი – რევაზ კოპალაძე

16 Sep 2019

გამოგიტყდებით, მაინცდამაინც ვერც პოსტმოდერნიზმში ვერკვევი და არც ფოტოშოპით მისარგებლია ოდესმე. წერილის იდეა მაშინ გამიჩნდა, როცა ერთ მშვენიერ საღამოს ჩემმა რვა წლის შვილმა მთელი ოჯახი შეგვკრიბა სატელეფონო აპლიკაციის გამოყენებით დაწერილი თავისი მუსიკის მოსასმენად, რომელიც, ახალგამოჩეკილი კომპოზიტორის ასაკის გაუთვალისწინებლადაც კი, ორიგინალური და სასიამოვნო მოსასმენი აღმოჩნდა. ამ ამბავმა ვაგნერისა და მისი მხურვალე თაყვანისმცემლის, ლუდვიგ II ბავარიელის, ურთიერთობის ისტორია მომაგონა: დიდი კომპოზიტორი მონარქის კეთილგანწყობით სარგებლობდა და თავისი ოპერების დასადგმელად იმდენ ფულს ხარჯავდა ბავარიის ბიუჯეტიდან, მეფის ახირებულობას მიჩვეული მეჭურჭლეთუხუცესიც კი გააოცა. 1865 წლის 10 ივნისს მიუნხენში გამართული „ტრისტანი და იზოლდას“ პრემიერის ხარჯებმა ბოლომდე აავსო ბავარიელი არისტოკრატების მოთმინების ფიალა და მალე ლუდვიგ II საიდუმლო ვითარებაში დაიღუპა.

პატარა ანკას და დიდი რიჰარდის ამბავი ხაზს უსვამს თანამედროვე ხელოვნების ერთ მეტად საინტერესო თვისებას – ხელმისაწვდომობას. შემოქმედი რომ გერქვას, დღეს აღარ არის აუცილებელი, ლეონარდო და ვინჩის დარად ვენეციის დოჟის მფარველობის ქვეშ იყო ან ვაგნერივით სახელმწიფო ქონება გაანიავო, ამას კი, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი გავლენა უნდა ჰქონდეს სოციოკულტურულ გარემოზე და მთლიანად თანამედროვე საზოგადოებაზე. კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი, გარდამტეხი სიახლეები – საბეჭდი მანქანა, კომპასი და დენთი – სწორედ ამით იყო აღსანიშნავი: პირველი ცოდნის ხელმისაწვდომობას ზრდიდა, ხოლო მეორე და მესამე მის გავრცელებას უწყობდა ხელს, რაც, თავის მხრივ, თვისებრივად ცვლიდა ადამიანის სოციალურ ყოფას და მსოფლმხედველობას.

ჰიუგოს „პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის“ პერსონაჟი, არქიდიაკვნად ახლად დანიშნული კლოდ ფროლო, თითით ჯერ წიგნზე მიანიშნებს, შემდეგ – ტაძარზე და ამბობს: „ეს მოკლავს ამას!“ რომანის მოქმედება ვითარდება XV საუკუნეში – იმ დროში, როდესაც ბეჭდვა ახალი გამოგონილი იყო. საბეჭდი მანქანის გამოგონებამდე ხელნაწერ წიგნებზე, მაშასადამე, ცოდნაზე, მხოლოდ ელიტას მიუწვდებოდა ხელი. უბრალო ადამიანებისთვის საღვთო სიტყვისა და ქვეყნის ისტორიის სწავლება ფრესკებს და ტაძრის ქანდაკებებს ჰქონდა მინდობილი. შუა საუკუნეების ტაძარი იყო უცვლელი, მილიონჯერ გამეორებული ტელეპროგრამა, რომელიც ადამიანებს „სულიერი საზრდოთი“ ამარაგებდა, წიგნები კი „არაჯანსაღ ცნობისმოყვარეობას“ აღვივებდა და წყალს უყენებდა საბაზისო ღირებულებებს, რაც, გასაგები მიზეზების გამო, არასდროს მოსწონდათ და არც დღეს მოსწონთ ელიტებს.

გამოხდა ხანი, აშკარა გახდა, რომ საზოგადოების განვითარებისთვის დაბეჭდილი წიგნი აღარ იყო საკმარისი და მოხდა კიდევ ერთი გარდამტეხი მოვლენა – მარტინ ლუთერმა შექმნა „ლუთერის ბიბლია“. ბევრს მიაჩნია, რომ ლუთერმა პირველმა თარგმნა წმინდა წერილი გერმანულ ენაზე. სინამდვილეში ეს იყო ტრადიციული – ლათინური და ბერძნული – ენებიდან ბიბლიის თარგმნის მე-14 მცდელობა. თუმცა ლუთერმა შეძლო ის, რაც მანამდე ვერავინ მოახერხა – შექმნა თვისებრივად განსხვავებული სოციოკულტურული გარემო, რომელიც, ბევრი მკვლევარის აზრით, დღემდე უზრუნველყოფს მსოფლიოს განვითარებული ნაწილის მთლიან შიდა პროდუქტს.

რითი იყო ეს თარგმანი მნიშვნელოვანი? პასუხი, ისევე როგორც ყველაფერი გენიალური, მარტივია: ის ესმოდათ. მას იმავე ენაზე კითხულობდნენ, რომელზეც ერთმანეთთან ურთიერთობდნენ. „ლუთერის ბიბლიამდე“ რიგითი ადამიანები საღვთო სიტყვას შუამავლის, „კარიბჭის მცველის“ საშუალებით ეზიარებოდნენ. შესაბამისად, შუა საუკუნეების ყოფისთვის ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხში გარკვევა, უფრო ზუსტად, შემეცნებითი პროცესის წარმოება დამოუკიდებლად არ შეეძლოთ. აი, რას წერდა ლუთერის ერთ-ერთი ოპონენტი, ვინმე კოხლეი: „გერმანულად ახლახან თარგმნილი სახარება ისე გაამრავლეს და გაავრცელეს გამომცემლებმა, რომ მკერავებმა, მეწაღეებმა და ქალებმაც კი შეიძინეს ლუთერის ევანგელე და ფუნთუშის ეტიკეტზე (მე-15 საუკუნეში ფუნთუშას რომ ეტიკეტი ჰქონდა, ეს სხვა ბლოგის თემა იყოს) ნასწავლი გერმანულით დაეწაფნენ წმინდა წერილს და ჭეშმარიტებას“.

მიუხედავად იმისა, რომ ამ მოვლენამ არა მხოლოდ გერმანული, არამედ მთელი ევროპული ცივილიზაციის სოციოკულტურული გარემო განსაზღვრა და, ამგვარად, უდიდესი ისტორიული მნიშვნელობა შეიძინა, მთელი მისი შინაარსი შეგვიძლია ხელმისაწვდომობაზე დავიყვანოთ. კოხლეი წარმოადგენდა საზოგადოების იმ ფენას, რომელსაც უზურპირებული ჰქონდა ჭეშმარიტების ცნება და მასა და ადამიანს შორის შუამავლის როლი არ ეთმობოდა. ლუთერის წყალობით კი ადამიანები შემეცნებითი პროცესის ნაწილად იქცნენ, ისწავლეს ტექსტთან მუშაობა და ფიქრი, მისი ინტერპრეტაცია, საკუთარი აზრისა და პოზიციის გამომუშავება, სხვაგვარად რომ ვთქვათ, გაძლიერდნენ, რამაც საბოლოდ ხელი შეუწყო პროტესტანტული ქვეყნების განვითარებას და შუასაუკუნეებრივი ფეოდალიზმის დამარცხებას.

სამწუხაროდ, ესეც კი არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ ხუთასი წლის შემდეგ გერმანიაში, ხელისუფლებაში ნაცისტების მოსვლასთან ერთად, კიდევ ერთხელ მწვავედ არ დამდგარიყო ჭეშმარიტების უზურპაციის საკითხი. საბოლოო ჯამში ხომ კაცობრიობის მთელი ისტორია უზურპატორის წინააღმდეგ ჭეშმარიტების ხელმისაწვდომობისთვის ბრძოლაა. სწორედ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაჩნდა ხელოვნების მიმართულება, სახელად პოსტმოდერნიზმი, რომელსაც არ ჰქონია ახლის, აღმატებულისა და აბსოლუტურის შექმნის პრეტენზია. ის ორიენტირებული იყო არსებულის ხელახალ გამოყენებაზე, მის უპირატესად ირონიულ ინტერპრეტაციაზე. თანამედროვე კულტურის ნიმუშების უდიდესი უმრავლესობა პოსტმოდერნულია. პოსტმოდერნულია ნებისმიერი ფილმი, სადაც მთავარმა გმირმა იცის, რომ ფილმის პერსონაჟია (ისევე როგორც, მაგალითად, „მარველის“ „დედპულში“). პოსტმოდერნულია ახალგაზრდა პაპი, რომელიც სიგარეტს ეწევა და ოცნებობს, იჯდეს ცაში დანახულ თვითმფრინავში, რომელიც, რრ თქმა უნდა, იქით მიფრინავს, სადაც თავად არასოდეს ყოფილა. აღარაფერს ვამბობ „რიკი და მორტიზე“, ელექტრონულ მუსიკასა და პოპ-არტზე. პოსმოდერნისტულ გარემოს ახასიათებს თვითირონია, რომელიც გამორიცხავს ერთადერთი და უნივერსალური ჭეშმარიტების არსებობას, ამასთანავე, თავისუფალია მორალისტობისა და ადამიანების შეფასებისგან. აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ პოსმოდერნისტისთვის უსარგებლო და უმადური საქმეა ახლის გამოგონება მაშინ, როცა ძველი ბოლომდე არ ამოწურულა. მაგალითად, ენდი უორჰოლმა აიღო თავისი დროის კლიშე, იმიჯი მერილინ მონროს სახით, სხვადასხვაფერად გადაამრავლა და ამგვარად შექმნა მე-20 საუკუნის „ჯოკონდა“.

გასული საუკუნის 80-იანი წლები პოსმოდერნისტული კულტურის ჩამოყალიბების ათწლეულად ითვლება. შემთხვევითი არ მგონია, რომ ამავე ათწლეულში, მედიარედაქტორ Photoshop-ის შექმნისდაკვალად, მოხდა copy&past კულტურის ლეგიტიმიზაცია. ვფიქრობ, ამ კულტურულმა კოდებმა იდეალური ასახვა პოვა ციფრულ პროდუქტებში, რომელთა არსი არსებულის გადამუშავებასა და ელემენტების არჩევაზე დაიყვანება. ელექტრონული ბიბლიოთეკიდან ან მენიუდან არსებული ელემენტებისა და შესაძლებლობების არჩევა საკვანძო ოპერაციაა პროფესიონალისა თუ უბრალო მომხმარებლისთვის. ეს ოპერაცია უფრო ეფექტურს ხდის პროფესიონალის მუშაობას, ხოლო რიგით მომხმარებელს უქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ის ახალი ციფრული ობიექტების ნამდვილი შემოქმედი და ავტორი იყოს და არა უბრალო მომხმარებელი.

თავის ცნობილ ესეში „ავტორის სიკვდილი“ როლან ბარტი აკრიტიკებს ავტორის როგორც ერთადერთი შემქმნელის იდეას – შემქმნელისა, რომელსაც აკისრია პასუხისმგებლობა კულტურული ობიექტის შინაარსზე. ის აღნიშნავს: „ტექსტი ნაქსოვია ციტატებისგან, რომლებიც ათასობით კულტურულ წყაროსთანაა დაკავშირებული“. თანამედროვე ხელოვანს შეუძლია, მხოლოდ აღადგინოს ან, საუკეთესო შემთხვევაში, ახლებურად დაუკავშიროს ერთმანეთს უკვე არსებული კულტურული ტექსტები, იდიომები და სქემები. მიუხედავად ამისა, თავად შემოქმედებითი პროცესი ინარჩუნებს რომანტიკულ იდეალს. შემოქმედი ემსგავსება სამყაროს შემოქმედს – ღმერთს“, – წერს ბარტი.

უფრო მეტიც: თუ ადრე დიადი კულტურული არტეფაქტის „ტექსტი“, რომლის გამოყენებით ხელოვანი ქსოვდა საკუთარ შედევრს, არსებობდა სადღაც ქვეცნობიერის დონეზე, დღეს ის ექსტერნალიზებული აღმოჩნდა ორ- და სამგანზომილებიან ობიექტებში, ტექსტურებში, ეფექტებსა და პატერნებში, რომლებიც ღილაკზე თითის ერთი დაჭერით ხდება ხელმისაწვდომი შემოქმედისთვის. ინტერნეტს არჩევანი თვისებრივად ახალ დონეზე აჰყავს, ვინაიდან ახალისებს ქსელში უკვე არსებული ელემენტებისგან ობიექტების კონსტრუირებას. ჩვენს დროში უკვე ნებისმიერს შეუძლია, გახდეს ავტორი და შემოქმედი, – საკმარისია, გააკეთოს არჩევანი უკვე არსებულ ოფციებს შორის.

თუ მოდერნული ხელოვნების ჭვრეტისას ადამიანი უნდა მონუსხულიყო და ეგრძნო თავისი უსუსურობა, – მაგალითად, ჯეიმს ჯოისის „ფინეგანის ქელეხი“ დაწერილია მხოლოდ იმისთვის, რომ მიგახვედროს, რა უიმედო იდიოტი ხარ, ხოლო ბოსხის ჯოჯოხეთის სცენების მიზანია, გაგრძნობინოს, რომ ამ ცხოვრებაში არაფრის შანსი არ გაქვს, – პოსტმოდერნმა თითოეული ადამიანი შემოქმედად აქცია. კორპორაციული თხუნელა Power point-ის ტემპლეიტების არჩევისას მომატებული დოპამინის დონის წყალობით მიქელანჯელოდ გრძნობს თავს. არც პატარა ანკას დასჭირვებია ფათერაკებით აღსავსე ოდისეის გავლა, რომ ღმერთის სწორად ეგრძნო თავი. ტექნოლოგიებით და ინოვაციებით უზრუნველყოფილი  ხელმისაწვდომობის ასეთი ხარისხი აყალიბებს სრულიად განსხვავებული ტიპის ადამიანს და, შესაბამისად, საზოგადოებას, სადაც მთავარი სწორედ ადამიანია და არა „ჭეშმარიტება“.

 

რევაზ კოპალაძე – Marketer.ge – ის კონტრიბუტორი

განხილვა